საქართველო ორ ცეცხლშუა - კვირის პალიტრა

საქართველო ორ ცეცხლშუა

საქართველოს პირველი პირი და საგარეო საქმეთა მინისტრი წლის პირველი ვიზიტებით მეზობელ ქვეყნებს ეწვივნენ. კერძოდ, გრიგოლ ვაშაძე აზერბაიჯანს, მიხეილ სააკაშვილი კი ერევანს სტუმრობდნენ.

სამეზობლოში ვიზიტი ჩვეულებრივი ამბავია. თუმცა, ამჯერად, სააკაშვილისა და ვაშაძის ვოიაჟებს სულ სხვა დატვირთვა ჰქონდა. კერძოდ, ოფიციალური თბილისი რთული არჩევანის წინაშეა - აზერბაიჯანი მოიმდუროს თუ სომხეთი. საქმე რუსეთ-სომხეთის გაზსადენის საქართველოს მონაკვეთს ეხება.

აზერბაიჯანს ამ გაზსადენის შეძენა სურს და ბაქო თანდათან უფრო პრინციპული ხდება. მეტიც, ზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის ხელმძღვანელმა როვნაგ აბდულაევმა უკვე მრავალჯერ განაცხადა, რომ გაზსადენის შეძენასთან დაკავშირებით, ბაქო მოლაპარაკებებს აწარმოებს არა მხოლოდ საქართველოს მთავრობასთან, არამედ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასთანაც.

აზერბაიჯანული მხარის მტკიცებით, გაზსადენი შავი ზღვის აუზის ქვეყნებისთვის დამატებითი ბუნებრივი აირის მისაწოდებლად სჭირდებათ. თუმცა, ეს ალბათ, წმინდა პოლიტიკური პროექტია და მიზნად სომხეთზე ზემოქმედების დამატებითი ბერკეტების მოპოვებას ისახავს - გაზსადენის მფლობელ აზერბაიჯანს შეუძლია, ნებისმიერ დროს გამოაცხადოს გაზსადენზე ხანგრძლივი პროფილაქტიკური სამუშაოები, სომხეთს შეუწყვიტოს ბუნებრივი აირის მიწოდება და, უხეშად რომ ვთქვათ, ერევანი `აწრუწუნოს~.

ან წარმოვიდგინოთ, რომ ილჰამ ალიევმა გადადგა ის ნაბიჯი, რომლითაც დიდი ხანია იმუქრება – დაიწყო სამხედრო ოპერაცია მთიანი ყარაბაღის გასათავისუფლებლად. რა თქმა უნდა, სომხეთს "სოკარი" მაშინვე შეუწყვეტს გაზის მიწოდებას და გვინდა თუ არა, საქართველო კონფლიქტის მხარედ იქცევა.

ჩვენ კი, ჩვენი კონფლიქტები და ოკუპირებული ტერიტორიებიც გვეყოფა. თუმცა, ზერბაიჯანი, შესაძლოა, კიდევ უფრო დაჟინებული გახდეს და ჩვენს წინააღმდეგ მთავარი კოზირი გამოიყენოს - გაზის ტარიფი გაგვიზარდოს.

უარესი სცენარითაც შეიძლება მოვლენების განვითარება, მაგალითად: ბაქო რომ დათანხმდეს "გაზპრომის" შეთავაზებას (რომელიც ჩვენს წინააღმდე არის მომართული) და საექსპორტო გაზი მთლიანად მიჰყიდოს ამ რუსულ კონცერნს, საქართველო უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდება.

რა თქმა უნდა, სომხეთს საქართველოს მიმართ მსგავსი ბერკეტები არ აქვს. თუმცა, თუ თბილისმა ბაქოს ზემოხსენებული გაზსადენი მიჰყიდა, ერევანმა ეს, შესაძლოა, ეროვნული უსაფრთხოების შელახვად მონათლოს. ამ შემთხვევაში კი, სომხეთ-რუსეთს შორის 2009 წელს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, მოსკოვი ვალდებულია, დაიცვას სომხეთის ეროვნული უსაფრთხოება. ხოლო ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის სამიზნეში ვინ აღმოჩნდება, ალბათ, ამას დიდი მარჩიელობა არ სჭირდება.

არ არის გამორიცხული, რომ ბაქოს ზემოხსენებული გაზსადენის შეძენის თემა რუსულმა სპეცსამსახურებმა შეუგდეს. თუმცა საფუძველი თავად თბილისმა შექმნა – ეს გაზსადენი საქართველოს ხელისუფლებამ 2008 წელს ამოიღო სტრატეგიული ობიექტების ნუსხიდან და შესაბამისად, ვეღარ მოიმიზეზებს იმას, რომ საქართველოს კანონმდებლობით, სტრატეგიული ობიექტების გასხვისება აკრძალულია.

ნათელია, რომ ვაშაძე და ალიევი სწორედ ამ გაზსადენზე ისაუბრებდნენ. ალბათ, შერლოკ ჰოლმსობა არც იმას სჭირდება, რომ მიხეილ სააკაშვილი ერევანში სერჟ სარგსიანთან შეხვედრისას, სომხური მხარის დაწყნარებას შეეცდებოდა.

იმედია, ჩვენი მეზობლები შეიგნებენ, თუ რა უხერხულ მდგომარეობაში აგდებენ ოფიციალურ თბილისს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართულ მხარეს მხოლოდ ერთი გამოსავალი რჩება – რაც შეიძლება გაწელოს დრო ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღებამდე. გვსურს გვჯეროდეს, რომ საქართველოს ხელისუფლება ნაჩქარევ ნაბიჯებს არ გადადგამს და "ვაის გავეყარე და უის შევეყარე" მდგომარეობაში არ ჩააგდებს ქვეყანას.

(სპეციალურად საიტისთვის)