"მოლაპარაკებების ფასილიტატორ ელჩებს ვთხოვთ, დაადასტურონ, რომ შეთანხმებით ჩვენ არ აგვიღია უგულავას, ოქრუაშვილისა და რურუას გათავისუფლების ვალდებულება" - კვირის პალიტრა

"მოლაპარაკებების ფასილიტატორ ელჩებს ვთხოვთ, დაადასტურონ, რომ შეთანხმებით ჩვენ არ აგვიღია უგულავას, ოქრუაშვილისა და რურუას გათავისუფლების ვალდებულება"

"ყველა ფაქტი და დოკუმენტი მათ შორის, თავად შეთანხმების ტექსტი მკაფიოდ ადასტურებს, რომ პატიმრების გათავისუფლების პირობა მმართველ გუნდს არავითარი ფორმით არავის წინაშე არ დაუდია", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საარჩევნო სისტემის საკითხზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში პატიმრების გათავისუფლების საკითხი არ დამდგარა.

"შეთანხმების ხელმოწერამდე სამი დღით ადრე ბატონებმა უგულავამ და რურუამ გააკეთეს ერთიდაიგივე შინაარსის განცხადებები. კერძოდ, ორივე მათგანმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მათი გათავისუფლების საკითხს არ უნდა შეექმნა დაბრკოლება მაქსიმალურად პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებისთვის. უგულავას და და რურუას განცხადებებს 5, 6 და 7 მარტს მოჰყვა მათი თანაგუნდელების განცხადებები, რომლებმაც მადლობა გადაუხადეს მათ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმების შესაძლებლობის შექმნისთვის. მეტიც, გიგა ბოკერიამ და სერგი კაპანაძემ მკაფიოდ განაცხადეს, რომ ჯერ გაფორმდებოდა შეთანხმება საარჩევნო სისტემის შესახებ და ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გათავისუფლლდებოდნენ მათი წარმოდგენით ე.წ. პოლიტპატიმრები. მეტიც, ბოკერიამ ისიც კი განაცხადა, რომ პატიმრების საკითხის მოლაპარაკების ნაწილად განხილვა მისთვის მიუღებელიც კი იყო. მსგავსი შინაარსის განცხადებები გააკეთეს დავით ბაქრაძემ, გიორგი ვაშაძემ და ნინო ბურჯანაძემ, ასევე სხვა პოლიტიკოსებმა ოპოზიციიდან. ასევე ყველა ფაქტი და დოკუმენტი მათ შორის, თავად შეთანხმების ტექსტი მკაფიოდ ადასტურებს, რომ პატიმრების გათავისუფლების პირობა მმართველ გუნდს არავითარი ფორმით არავის წინაშე არ დაუდია. ამის მიუხედავად ოპოზიცია უტიფრად სპეკულირებს და აცხადებს, რომ თითქოს მმართველმა პარტიამ პატიმრების გათავისუფლების ვალდებულება აიღო და საზოგადოებას საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებით ემუქრება", - განაცხადა თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტის მოლაპარაკებების ფასილიტატორ ელჩებს მიმართავს და მოუწოდებს, საჯაროდ დაადასტურონ, რომ ხელისუფლებას არ აუღია პრეზიდენტისთვის, სასამართლოსა და პროკურატურისთვის მიმართვისა და გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას გათავისუფლების ვალდებულება. თალაკვაძის თქმით, ეს ხელს შეუწყობს ამ საკითხზე სპეკულაციების დასრულებას.

"რადიკალური ოპოზიცია სარგებლობს იმით, რომ შეთანხმებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები არ იყო საჯარო, აგრეთვე იმით სარგებლობს, რომ დიპლომატიური წესები ელჩებისგან დახურული შეხვედრების შინაარსის გასაჯაროებისგან მაქსიმალურ თავშეკავებას მოითხოვს და სწორედ ამ ფაქტორს იყენებენ სპეკულირებისთვის. ამ სპეკულაციებით, რომელსაც არავითარი საფუძველი არ აქვს, დაიღალა საზოგადოება და დაიღალნენ ჩვენი უცხოელი მეგობრები. ფასილიტატორმა ელჩებმა მოლაპარაკების წარმატებით დასრულებაში ფასდაუდებელი და გადამწყვეტი როლი ითამაშეს. ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მადლიერებას მათი ძალისხმევის და მხარდაჭერის გამო, რამაც საქართველოში პირველად გახადა შესაძლებელი არჩევნების იმგვარი სისტემით ჩატარება, რომელიც პოლიტიკური პარტიების სრულ კონსენსუსს ეფუძნება. შემაშფოთებელია, რომ ელჩების ძალისხმევით მიღებული ეს შედეგი რადიკალური ოპოზიციის უპასუხისმგებლობის გამო საფრთხის ქვეშ შეიძლება დადგეს, შესაბამისად ყოველგვარი სპეკულაციების დასასრულებლად და შეთანხმების შესრულების უზრუნველსაყოფად, ვთხოვთ მოლაპარაკებების ფასილიტატორ ელჩებს, ნათელი მოჰფინონ მოლაპარაკების შინაარს, კერძოდ, ვთხოვთ მათ, რომ საჯაროდ დაადასტურონ, რომ ხელმოწერილი შეთანხმებით ჩვენ არ აგვიღია პრეზიდენტისთვის, სასამართლოსა და პროკურატურისთვის უკანონო დავალებების მიცემის და უგულავას, ოქრუაშვილისა და რურუას გათავისუფლების ვალდებულება, ასევე ვთხოვთ მათ, ობიექტურად შეაფასონ თითოეული ხელმომწერის როლი ამ შეთანხმების შესრულების პროცესში", - განაცხადა თალაკვაძემ "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

იხილეთ ვიდეო