კანონპროექტს, რომლითაც საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდეგ, გარკვეული შეზღუდვები დარჩება, მომავალ კვირაში მიიღებენ - კვირის პალიტრა

კანონპროექტს, რომლითაც საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდეგ, გარკვეული შეზღუდვები დარჩება, მომავალ კვირაში მიიღებენ

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, უმრავლესობის წევრი დეპუტატის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კანონპროექტი, რომლითაც საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდეგ, გარკვეული შეზღუდვები დარჩება, პარლამენტში ინიცირებულია და მას მომავალ კვირაში მიიღებენ.

"მნიშვნელოვანია, რომ უქმდება საგანგებო მდგომარეობა მათ შორის, იმ თვალსაზრისითაც, რომ ეს გვაძლევს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის შესაძლებლობას. თუმცა, როგორც პრემიერმა აღნიშნა, დარჩება მთელი რიგი შეზღუდვები და მათ ძალაში დატოვებას სჭირდება საკანონმდებლო უზრუნველყოფა. საუბარია საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე. შესაბამისი კანონპროექტი არის უკვე მომზადებული და ინიცირებული და მომდევნო კვირაში საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე მივიღებთ ამ პაკეტს“, - აღნიშნა კობახიძემ.

ის ასევე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის განცხადებას მისი პარლამენტში მისვლის თაობაზე და აღნიშნა, რომ ივნისში პრემიერი პარლამენტში ანგარიშით წარდგება. ასევე მოთხოვნილია ინტერპელაციის წესით მისი პარლამენტში სტუმრობაც.

"უკვე არის შემოსული ორი შეკითხვა ინტერპელაციის წესით. გარდა ამისა, ივნისში პრემიერი წარდგება ყოველწლიური ანგარიშით საქართველოს პარლამენტის წინაშე. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პრემიერის სტუმრობა და ის პროცედურა, რომელიც დაკავშირებულია პრემიერის ანგარიშის წარდგენასთან და ასევე, ინტერპელაციასთან და ჩვენ დიდი ინტერესით ველით პრემიერს საქართველოს პარლამენტში“, -აღნიშნა კობახიძემ.

"ინტერპრესნიუსი"