"ქვეყნის საერთაშორისო პრესტიჟის შენარჩუნება მე მევალება!" - რატომ მიიღო პრეზიდენტმა ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას შეწყალების გადაწყვეტილება? - კვირის პალიტრა

"ქვეყნის საერთაშორისო პრესტიჟის შენარჩუნება მე მევალება!" - რატომ მიიღო პრეზიდენტმა ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას შეწყალების გადაწყვეტილება?

ვთვლი, რომ პოლიტიკური ვითარებიდან გამოსავლის პოვნა, სიტუაციის განმუხტვა და სტაბილურობის შენარჩუნება მე მევალება, მხოლოდ ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტაციაში გამართულ ბრიფინგზე, გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებაში დარჩა გარკვეული ბუნდოვნება.

"პირდაპირ ვიტყვი, რომ მიღწეულ შეთანხმებაში, რომელსაც მეც მივესალმე, რჩება გარკვეული ბუნდოვანება (რომლის პასუხისმგებლობა ორივე მხარეზეა), რომელმაც კითხვის ნიშნის ქვეშ შეიძლება დააყენოს საკონსტიტუციო ცვლილებები, საარჩევნო კოდექსის ცვლილებები, და მაშასადამე, საფრთხე შეუქმნას ჩვენს ერთ-ერთ მთავარ მიზანს - სამართლიანი და მშვიდი არჩევნების ჩატარებას.

ოპოზიცია ამ სიტუაციით მანიპულირებას ცდილობს, არეულობის გამოწვევას, ისევ ქუჩაში პროცესების გადატანას და ამით დესტაბილიზაციის პროვოცირებას. თუმცა ამისი ძალა ნაკლებად გააჩნია. მეორე მხრივ, ისიც არ სჩანს, რომ ,,ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური ვითარებიდან სწრაფი გამოსვლის და სიტუაციის განმუხტვის ბერკეტი გააჩნდეს. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ გამოსავლის პოვნა, სიტუაციის განმუხტვა, სტაბილურობის შენარჩუნება და ქვეყნის საერთაშორისო პრესტიჟის შენარჩუნება მე მევალება! ამიტომაც მივიღე ეს გადაწყვეტილება", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"