"არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი... საქართველო, სადაც შემოდის ამერიკული და ევროპული ინვესტიციები ან ივანიშვილის საქართველო, რომელიც არ ვითარდება" - კვირის პალიტრა

"არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი... საქართველო, სადაც შემოდის ამერიკული და ევროპული ინვესტიციები ან ივანიშვილის საქართველო, რომელიც არ ვითარდება"

გუშინდელ დღეს არ ჰყავს დამარცხებული. გუშინ გაიმარჯვა მთლიანად საქართველომ და ვფიქრობ, დადგა დრო, რომ საქართველომ ერთხელ და სამუდამოდ უარი თქვას პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე და უნდა დავადგეთ დემოკრატიული განვითარების გზას, - ამის შესახებ "ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავასა და საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებას.

ვაშაძემ მადლობა გადაუხადა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს აღნიშნულ პროცესში მონაწილეობისთვის და აღნიშნა, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის 8 მარტის შეთანხმების ბოლომდე შესასრულებლად, საჭიროა გიორგი რურუას გათავისუფლება.

"მინდა მივმართო ჩვენს მხარდამჭერებს და ყველას, რომ ახლა ყიჟინის დრო არ არის, ახლა არის კიდევ უფრო მეტი მუშაობის დრო, ჩვენი გეგმაზომიერი ნაბიჯების დრო იმისთვის, რომ საბოლოოდ შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება. გიორგი რურუა უნდა გათავისუფლდეს და საკონსტიტუციო ცვლილებებიუნდა იქნას მიღებული თავიდან ბოლომდე.

მინდა მივმართო ყველას, მათ შორის "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს, საქართველო გაიმარჯვებს მაშინ, როცა დავანებებთ და შევეშვებით სასამართლოს პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას, სწორედ მაშინ დავიწყებთ სრულიად ახალი ტემპით განვითარებას. რაც მთავარია, ჩვენ გვაქვს ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები. ყველაზე დიდი არჩევანი მაშინ უნდა გააკეთოს საქართველოს მოსახლეობამ - ან საქართველო, სადაც შემოდის ამერიკული და ევროპული ინვესტიციები და სადაც იქმნება სამუშაო ადგილები ან საქართველო, რომელიც არის რუსულ ვექტორზე გადასული, ივანიშვილის საქართველო, რომელიც არ ვითარდება და შიმშილი და გაჭირვება აწუხებს მოსახლეობას. ეს დიდი არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი", - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, 15 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების აქტი გამოსცა. გიგი უგულავამ და ირაკლი ოქრუაშვილმა საპატიმრო დაწესებულება დატოვეს.

"ინტერპრესნიუსი"