"ტროლებსა და ბოტებს ძალიან მარტივად შეუძლიათ ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანა"
"ტროლებსა და ბოტებს ძალიან მარტივად შეუძლიათ ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანა"
სოცილურ ქსელში "საინფორმაციო კილერები" არა მარტო აგრესიულ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს,­ არამედ ცილისმწამებლურ ინფორმაციასაც ავრცელებენ, რაც ხშირად სამიზნეს მძიმე ფსიქოლოგიურ სტრესს აყენებს. საინტერესოა, რას ფიქრობენ ამ საკითხზე ისინი, ვინც თავად არიან ტროლებისა და ბოტების მსხვერპლნი.

"ჩემი სახელით შექმნილი ყალბი გვერდი ახლაც ბევრია"


ეკა ბესელია, დამოუკიდებელი დეპუტატი: - იმდენი თავდასხმა მაქვს გადატანილი, ბოტებისა და ტროლების, ყალბი გვერდების სახელებით იმდენი ცილისწამება მომისმენია, გამიჭირდება ჩამოთვლა. ჩემი სახელით შექმნილი ყალბი გვერდი ახლაც ბევრია.

ტროლებისა და
ბოტების იერიშები "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროსაც გადამიტანია და ჩემივე გუნდის, "ქართული ოცნების" მხრიდანაც.
ტრაგიკული ის არის, რომ მეთოდები არ შეცვლილა, სისტემა უცვლელი დარჩა. ეს ადამიანის განადგურებისკენ მიმართული სისტემაა. უდიდესი ძალისხმევა დამჭირდა, რომ ეს გამანადგურებელი მეთოდი არ მომრეოდა, რომ სულიერად არ გავნადგურებულიყავი. მე პირდაპირ შემიძლია დავასახელო
მორალური მკვლელები, რომლებსაც "ქართული ოცნება" ჩემს განადგურებას უკვეთდა. "ქართულ ოცნებას" ძალიან ბევრი დაქირავებული "მკვლელი" ჰყავს.

"გამოაქვეყნეს, რომ ვითომ პატრიარქი გავლანძღე"


გია ხუხაშვილი, ექსპერტი:
- ტროლები და ბოტები ხელისუფლების ხელში ძალიან სახიფათო იარაღია. მმართველი გუნდი ბოლო დროს ხშირად იყენებს მათ ადამიანების დასასჯელად. შემაშფოთებელია, როდესაც ხელისუფლებას ამის გამო პასუხს სთხოვ, ის კი გეუბნება, რომ ამას "ნაციონალებიც" აკეთებენ. თუ ამას "ნაციონალებიც" აკეთებენ, დასაჯონ, პოლიცია და სამართალი მათ ხელში არ არის? პირადად მე ვარ მათი მსხვერპლი.
შექმნეს ჩემი ყალბი "ფეისბუკის" გვერდი და გამოაქვეყნეს, რომ ვითომ პატრიარქი გავლანძღე. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი იერიშების დიდი გამოცდილება მაქვს, ეს კონკრეტული ამბავი ძალიან მძიმედ გადავიტანე.

ტროლებსა და ბოტებს ძალიან მარტივად შეუძლიათ ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანა. ჩემს შემთხვევაში მკვლელობა წაახალისეს. ნახეთ, როგორ მგრძნობიარე თემას შეეხნენ. სულაც არ იყო გამორიცხული, ქუჩაში რომელიმე ფანატიკოსს დანა გაეყარა ჩემთვის.

"თუ კაცს ძალიან მყარი ფსიქიკა არა აქვს, შესაძლოა თვითმკვლელობითაც დაასრულოს სიცოცხლე"


თინა ხიდაშელი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი: - ჩემი სახელით ძალიან ბევრი ყალბი ანგარიშია შექმნილი, უფრო სწორად, პერიოდულად ქმნიან. რეგულარულად ვამოწმებ და ვაუქმებ. ერთ-ერთი შემთხვევა მათთვის ძალიან წარმატებული გამოდგა. იმდენად "ხარისხიანად" იმუშავეს, რომ ჩემი მეგობრებიც კი შეაცდინეს და დაიმეგობრეს.

ამაზე უარესი იყო 2016 წელს ივნისში შექმნილი ყალბი გვერდი, რომელზეც ის ცნობილი ვიდეო ატვირთეს. გამოძიება მხოლოდ ფორმალურად დაიწყეს, დღემდე შედეგი არ ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს­ იმ ინტერნეტკაფეს მისამართი, საიდანაც ვიდეო ატვირთეს. არსებობს კამერების ჩანაწერიც...
ტროლებისა და ბოტების საქმიანობა თამამად შეიძლება შეფასდეს როგორც მკვლელობა. მათ საქმიანობას ორი მიმართულება აქვს: ერთი პოლიტიკურია, რომელიც საზოგადოების განწყობაზე მუშაობს, მეორე მიმართულება კი პირდაპირ ადამიანის განადგურებას ისახავს მიზნად. თუ კაცს ძალიან მყარი ფსიქიკა არა აქვს და არ არის მზად რეჟიმთან დასაპირისპირებლად, შესაძლოა თვითმკვლელობითაც დაასრულოს სიცოცხლე.

"ჩემს შემთხვევაში ოჯახს შეეხნენ"


ლევან გოგიჩაიშვილი, დამოუკიდებელი დეპუტატი: -
როდესაც დეპუტატების ერთი ნაწილი "ქართულ ოცნებას" ერთიმეორის მიყოლებით ვტოვებდით, ბიძინა ივანიშვილის დავალებით ტროლებმა და ბოტებმა შემოგვიტიეს. ჩემს შემთხვევაში ოჯახს შეეხნენ, საშინელი პასკვილები გამომიცხვეს. უღირსი საქციელია, ჩემთან თუ ჰქონდათ პრობლემა, პირადად ჩემთან გაერკვიათ, ოჯახს რას ერჩოდნენ? მე ამ საქმეში ბიძინა ივანიშვილის ხელწერა დავინახე.

"ახლა რატომღაც აღარ მერჩიან"


ალეკო ელისაშვილი, "ტფილისის ჰამქრის" დამფუძნებელი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი:
- მე მაშინ შემომიტიეს, როდესაც მერის თანამდებობაზე ვიყრიდი კენჭს.
ხან რა ჭორს მივრცელებდნენ, ხან რას. ხან ალანა გაგლოევა გახადეს ჩემი გუნდის წევრი, ხან ნატა ფერაძე დამანიშნინეს საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორად.
ახლა რატომღაც აღარ მერჩიან.

"ნებისმიერი შეიძლება ტროლებისა და ბოტების თავდასხმის ობიექტი გახდეს"


სულხან სალაძე, საია-ს თავმჯდომარე:

- ჩემი სახელით ყალბი გვერდი არ შეუქმნიათ, მაგრამ ძალიან ხშირად გაუვრცელებიათ ყალბი ინფორმაცია როგორც ტროლებსა და ბოტებს, ასევე რეალურ ადამიანებსაც.
ნებისმიერი, ვინც კრიტიკულად არის განწყობილი ან ამა თუ იმ პოლიტიკური ჯგუფისთვის არასასურველ კითხვებს სვამს, შეიძლება ტროლებისა და ბოტების თავდასხმის ობიექტი გახდეს. როდესაც მეგობრობის თხოვნით შეტყობინება მომდის, ყოველთვის ვამოწმებ, დგას თუ არა ამ შეტყობინების უკან რეალური ადამიანი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საქმიანობა საჯაროა, ვცდილობ ყველას არ ჰქონდეს ჩემს გვერდზე კომენტარის დაწერის საშუალება. ასე ვცდილობ თავიდან ავირიდო უსიამოვნებები.

ხათუნა ბახტურიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
06-07-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
06-07-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა