რა გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს ამერიკელი სენატორების და კონგრესმენების სკანდალურ წერილს?! - კვირის პალიტრა

რა გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს ამერიკელი სენატორების და კონგრესმენების სკანდალურ წერილს?!

"პოლიტპატიმრების" სკანდალიდან "ფრონტერას" ფრონტამდე

ვერ დავუშვებ, რომ ორი დამნაშავის გამო, სიტუაცია გამძაფრდეს, ვერც ახალ პოლარიზაციას და დაპირისპირებას დავუშვებ და ქვეყნის მომავალს ორ ადამიანს ვერ გადავაყოლებ," - განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მან "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა და თავდაცვის ექსმინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა.

ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა განცხადებები დასავლელი პარტნიორებისგან, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების შესრულებას სთხოვდნენ. მათ შეფასებებში გაისმა ფრაზა - "პოლიტპატიმრების გათავისუფლებაც. მძიმე შეფასებები გაისმა ევროპარლამენტართა მხრიდანაც. ისინი მიანიშნებდნენ იმაზეც, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება არ შეასრულებდა შეთანხმების პირობებს, შესაძლოა, ხელახლა ემსჯელათ ფინანსურ დახმარებაზე, რომელიც ევროკავშირმა ჩვენს ქვეყანას კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად გამოუყო.

საქართველოს ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფდა და უარყოფს ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობას და იმასაც, რომ შეთანხმებაში იყო ამგვარი პირობა, თუმცა მას დათმობა მაინც მოუხდა.

ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ხათუნა ლაგაზიძესთან:

- ისმის კითხვა: რატომ გათამამდა საქართველოს ხელისუფლება ასე? ჩემი აზრით, ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველი არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლებას ახალი კორონავირუსი საარჩევნო პარტნიორად მოევლინა. რაც უნდა ვილაპარაკოთ საგარეო პრობლემებზე, ფაქტია, რომ კორონავირუსთან გამკლავების თვალსაზრისით საქართველოს ხელისუფლება ერთ-ერთი მოწინავეა მსოფლიოში. მიღწეული შედეგები - ნაკლებმასშტაბური გავრცელება და დაბალი სიკვდილიანობა სწორედ ამაზე მეტყველებს, რამაც ხელისუფლების მხარდამჭერთა რაოდენობის ზრდა განაპირობა. ცნობილია ისიც, რომ ამგვარი გლობალური საფრთხეების დროს საზოგადოება სწორედ ხელისუფლების გარშემო იწყებს მობილიზებას, რადგან პრობლემების გადაჭრის რეალური ბერკეტები სწორედ მის ხელთაა. შესაბამისად, ოპოზიციამ ჩრდილში გადაინაცვლა. ამ ყველაფერმა "ქართულ ოცნებას"" გაუჩინა განცდა, რომ ის იოლად მოიგებდა 2020 წლის არჩევნებს. ამას დაემატა ისიც, რომ ხელისუფლებამ კორონავირუსის საფრთხით გამოწვეული ეკონომიკური და სოციალური კატასტროფის შესამსუბუქებლად უპრეცედენტო დახმარების პაკეტი შესთავაზა საზოგადოებას თითქმის ყველა მიმართულებით, რაც ჩვეულებრივ ვითარებაში წინასაარჩევნო მოსყიდვად ჩაითვლებოდა და, ბუნებრივია, ამას ვერ გააკეთებდა.

კიდევ ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზი არის ის, რომ ხელისუფლებას არ სურდა "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი მაღალჩინოსნების ციხიდან გამოშვებით საკუთარი ამომრჩევლის განაწყენება, მით უფრო, რომ ბოლო არჩევნებში "ქართული ოცნების" წარმატება იყო უფრო იმ ელექტორატის მხარდაჭერის შედეგი, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნება არ უნდა. შემდეგი ასპექტი არის ის, რომ ხელისუფლებამ მოიწადინა ოპოზიციის ხელით ნარის გლეჯა. რადგან ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერდნენ, "ქართულ ოცნებაში" იფიქრეს, რომ მოახერხებდნენ სწორედ ოპოზიციის ხელით იმ ცვლილებების ჩაგდებას, რომლის მიღებაც მაინცდამაინც არ სურთ. ეს არის ის ძირითადი მიზეზები, რატომაც გადაწყვიტა ხელისუფლებამ, ჩრდილში მყოფი ოპოზიცია და მასთან გაფორმებული შეთანხმება დაევიწყებინა.

- თუმცა მას ეს შეთანხმება დასავლეთიდან ძალიან მწარედ შეახსენეს. ამერიკელი თუ ევროპელი პოლიტიკოსები სტრატეგიულ პარტნიორს ასეთი ტონით, ალბათ, ძალიან იშვიათად ელაპარაკებიან. პრეზიდენტის გადაწყვეტილების კვალდაკვალ გამოქვეყნდა კიდევ ერთი მძაფრი შინაარსის წერილი, რომლის ადრესატებიც აშშ-ის სახელმწიფო და ფინანსთა მდივნები არიან. სენატორები ტედ კრუზი და ჯონ კორნინი, კონგრესმენები ჯუდი არინგტინი და მარქვეინ მულინი საქართველოში აშშ-ის კომპანიებისა და ბიზნესის შევიწროების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ. ისინი ასევე ლაპარაკობენ "საქართველოს ამერიკის მტრებთან კავშირზე". ნახსენებია ირანი და რუსეთი... მათი თქმით, ეს კავშირი აშშ-ის "გეოპოლიტიკური და ბიზნესინტერესების ხარჯზე ხორციელდება". წერილში რამდენჯერმეა ნახსენები "ფრონტერა", რაც ბუნებრივად აჩენს მოსაზრებას, რომ ეს სწორედ ამ კომპანიის ლობისტების წერილია, მაგრამ მისი ტონი და იქ გამოთქმული ბრალდებები უკიდურესად მძიმეა... რით შეიძლება აიხსნას საქართველოს ხელისუფლების მიმართ დასავლეთის ასეთი უკიდურესად მწვავე კრიტიკა?

- ვფიქრობ, რომ ბოლოდროინდელ შეფასებებში ამერიკელებმა ყველაფერს თავისი სახელი დაარქვეს, განსაკუთრებით - ამ ბოლო წერილში, რომელიც თქვენ ახსენეთ. გასაგებია, რომ ავტორები ლობირებენ "ფრონტერას", მაგრამ სხვა რამ ხელჩასაჭიდი რომ არ ჰქონოდათ, ვერ გაბედავდნენ თუნდაც ერთი კომპანიის დაჩაგვრისთვის - რაც, თავის მხრივ, საეჭვო ჩანს - ამგვარი ბრალდებების წამოყენებას. ვერ გაბედავდნენ, ასე ვთქვათ, ცარიელ ადგილზე, პარტნიორი ქვეყნისთვის, ფაქტობრივად, სანქციების დაწესების მოთხოვნას.

ამ წერილში არის გამაოგნებელი ფრაგმენტი, როდესაც წერილის ავტორები მიუთითებენ, რომ ამერიკის სანქციების გვერდის ავლით საქართველოს ფინანსური ინსტიტუტების მეშვეობით ირანული ფული თეთრდებოდა და ირანის ინტერესების სასარგებლოდ ქართული პორტები გამოიყენებოდა, რაც ბევრ კითხვას წარმოშობს, მაგრამ ფაქტია, რომ ამერიკელი კანონმდებლები ამას წერენ.

წერილში ასევე ლაპარაკია ანაკლიის პორტის პროექტზე და დაუფარავად არის ნათქვამი, საქართველოს ხელისუფლება ამერიკის მტრულ რეჟიმებთან თანამშრომლობს როგორც გეოპოლიტიკური, ისე - ბიზნესის თვალსაზრისითო... აღნიშნულია ასევე რუსეთთან საქართველოს ხელისუფლების კავშირი და ეს ყველაფერი დაგვირგვინებულია სანქციების დაწესების მოწოდებით. ზუსტად 26 წელია, რაც პოლიტიკას ვაანალიზებ და მსგავსი ანათემას გადაცემა არ მინახავს, მით უფრო - იმ ქვეყნის ხელისუფლების, რომელიც მეტ-ნაკლებად დემოკრატიული სახელმწიფოს იმიჯით სარგებლობს. აქვე გავიხსენოთ ამერიკის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, რიშის განცხადება, სადაც პირდაპირ იყო ლაპარაკი პოლიტპატიმრებზე... ასეთი რიტორიკით ამერიკელები, ჩვეულებრივ, ელაპარაკებიან ხოლმე ირანს, კუბას... და ეს არ არის მხოლოდ ამერიკელების განწყობა - ჩვენ მოვისმინეთ ევროპარლამენტართა არანაკლებ მწვავე შეფასებებიც.

წერილის ხელმომწერები აღნიშნავენ იმასაც, რომ მათ შეუძლიათ თავიანთი ნათქვამი დაადასტურონ. თუ ასეა, ვფიქრობ, მართლაც ერთი ნაბიჯიღაა სანქციებამდე. არ მოვერიდები და ვიტყვი, რომ მართლაც ბრიყვული საქციელი იქნება, თუ ხელისუფლება თავს დაიმშვიდებს იმით, რომ ესენი თურმე "ფრონტერას" ლობისტები არიან. მესმის, ეს წერილი რა განწყობას შექმნიდა სახელისუფლო წრეებში და როგორ პანიკას - მათ მომხრეებში. მესმის ისიც, რომ ხელისუფლების პიარი ამ წერილს სწორედ "ფრონტერას" უკავშირებს, მაგრამ იმედი ვიქონიოთ, რომ ხელისუფლება რეალურად შეაფასებს ამ განწყობის სერიოზულობას და დაფიქრდება იმაზე, რა გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს ამ წერილს, თუ საკუთარ მოქმედებაში არაფერს შეცვლის... ხომ აღმოჩნდა, რომ უგულავა-ოქრუაშვილის საკითხის გადაწყვეტისას იძულებული გახდნენ, ანგარიში გაეწიათ დასავლელი პარტნიორებისთვის. კარგად დაინახეს, როგორი მძაფრი იყო მოთხოვნა, რომ საქართველოს ხელისუფლებას პირობა შეესრულებინა.

ამ უკიდურესად ნეგატიური განწყობის ფონზე ისმის კითხვა: დასთანხმდება თუ არა დასავლეთი "ოცნების" ხელისუფლებაში დარჩენას კოალიციური ფორმატით მაინც? თუ დასავლეთისთვის უკვე კატეგორიულად მიუღებელია მათი მესამე ვადა? ამ საბედისწერო წერილის შემდეგ ვფიქრობ, რომ თუ საქართველოს ხელისუფლებამ რადიკალურად არ შეცვალა მოქმედება (თუმცა ისიც არ ვიცი, რა უნდა გააკეთონ ამ ექვს თვეში, რომ აშშ-სა და დასავლეთს განწყობა შეუცვალონ), მათი ხელისუფლებაში დარჩენა სათუო იქნება. ერთადერთი, რასაც "ქართული ოცნება"" შეიძლება ჩაეჭიდოს, საზოგადოების მხარდაჭერაა, ისიც იმ შემთხვევაში, თუ მოახერხა ისეთი მხარდაჭერის შენარჩუნება, როგორიც დღეს კორონავირუსთან ბრძოლის გამო აქვს. თუ "ოცნებამ"" სამართლიან არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა, მაშინ ვერავინ ვერაფერს იზამს, მაგრამ ძალიან რთული იქნება ამ მხარდაჭერის შენარჩუნება. მით უფრო,

თუ ქვედა და საშუალო რგოლის პარტიულ თუ სახელისუფლო სტრუქტურებში იგრძნეს, რომ აშშ-მა "ოცნების" განაჩენი უკვე დაწერა, აუცილებლად დაშლის პროცესი დაიწყება და მივიღებთ იმ სურათს, რაც 2003 წლის არჩევნებისას მივიღეთ, როდესაც შევარდნაძემ 3 ნოემბერს არჩევნები ჩაატარა, 5 ნოემბერს კი გარეთ გაიხედა და აღმოაჩინა, რომ მისი ხელისუფლების 97% კარგა ხნის გადასული იყო ოპოზიციის მხარეს.

- ხელისუფლებას რა პრობლემებიც აქვს, ვხედავთ, მაგრამ ოპოზიცია, რომლის ნაწილი - ძალიან სუსტი, ნაწილი კი უკიდურესად დისკრედიტირებულია, უარეს დღეშია. ვისზე შეიძლება დადოს ფსონი დასავლეთმა ან კოალიციის შექმნის შემთხვევაში ვინ შეიძლება ეგულებოდეს "ქართულ ოცნებას" პარტნიორად? - თუ წარმოვიდგენთ, რომ დასავლეთი დასთანხმდა "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში დარჩენას კოალიციური მთავრობის ფორმატით, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ოპოზიციამ ვერ შეძლო წელში გამართვა, რეიტინგის ამოქაჩვა და გამარჯვების სტრატეგიის შემუშავება. თანაც კოალიციის ჩამოყალიბება შესაძლებელია მხოლოდ გამოკვეთილად პროდასავლურ ძალასთან, ამ თვალსაზრისით კი "ოცნებას" ძალიან მწირი არჩევანი აქვს. "ნაციონალურ მოძრაობასთან"" კოალიცია გამორიცხულია. რჩება ორი პროდასავლური ძალა - ხაზარაძის "ლელო" და "ევროპული საქართველო". ხაზარაძის პლუსი ის არის, რომ მისი დასავლური იმიჯი ანაკლიის პორტთან არის მიბმული. ის არ არის უცნობი ამერიკელებისთვის და არასანდო პარტნიორად არ მიიჩნევა, მაგრამ ამ თვალსაზრისით გიგა ბოკერია მასზე ასი თავით მაღლა დგას. რეალურად რომ შევხედოთ სურათს, ბოლო ერთი წლის განმავლობაში დასავლეთის განცხადებები, პროპორციული არჩევნებისა თუ სამართლიანი სასამართლოს აქტიური მხარდაჭერა, დიდწილად სწორედ გიგა ბოკერიას დამსახურებაა. დღეს მთელ პოლიტიკურ სპექტრს ერთად აღებულს არ აქვს ისეთი პოლიტიკური კავშირები და საგარეო დივიდენდები, როგორიც აქვს ბოკერიას.

დასავლეთში ""ქართული ოცნების" პოლიტიკური იმიჯის გადარჩენისთვის "ევროპულ საქართველოსთან" კოალიცია შეიძლება ყველაზე სწორი ნაბიჯი ყოფილიყო, მაგრამ ეს "ოცნების" ამომრჩევლისთვის იქნება მიუღებელი.

რატომ ვფიქრობ, რომ დასავლეთის ეს აქტიურობა ქართული დემოკრატიის განვითარებას მხოლოდ წაადგება?! ვინ გამოვიდა ციხიდან, ანუ გვარ-სახელებს კი არ აქვს მნიშვნელობა, არამედ იმას, რომ აშშ-მა და ევროპამ არ დაუშვეს ქართული დემოკრატიის ჭაობში გადაშვება, მით უფრო მაშინ, როცა სასამართლო სისტემა, როგორც ხელისუფლების დამოუკიდებელი რგოლი, აღარ არსებობს. ეს ერთხელ ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა ""ნაციონალების" მმართველობაში ყოფნისას უკვე ნახეს, რის შემდეგაც 2012 წელს მოხერხდა ვითარების შემოტრიალება და პირველად ურევოლუციოდ ხელისუფლების გადაბარება. ამერიკის დემოკრატიული ექსპერიმენტებიდან პოსტსაბჭოთა სივრცესა და ახლო აღმოსავლეთში მხოლოდ საქართველომ გაამართლა და ამის დახურდავება და წყალში ჩაყრა არავის სურს, გარდა იმისა, რომ ამერიკელებს საქართველოში სტრატეგიული ინტერესები აქვთ - მარტო ირანთან მეზობლობა რად უღირთ.

- მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ხელისუფლებაში გამოჩენა საქართველოსა და უკრაინაში გასატარებელი საერთო პოლიტიკის ნაწილი შეიძლება იყოს? - სწორად შენიშნეთ... არ უნდა გამოგვრჩეს უმძლავრესი ფაქტორი მიხეილ სააკაშვილის სახით. დიახ, ერთ კონტექსტშია განსახილველი საქართველოსა და უკრაინაში მიმდინარე ცვლილებები. როგორც ჩანს, პირობითად, ერთი ხელით, ერთ ცენტრში იწერება საქართველოსა და უკრაინის მომავალი. სააკაშვილის ახალი ოფიციალური სტატუსი მას ფართო საერთაშორისო ურთიერთობების საშუალებას აძლევს და ეჭვი ხომ არავის ეპარება, რომ სააკაშვილი ამას "ოცნების" ხელისუფლების ისედაც დანგრეული იმიჯის გასანადგურებლად გამოიყენებს!

რით შეიძლება საქართველოში ოპოზიციამ რეიტინგი აიმაღლოს? ერთ-ერთ ფაქტორად შეიძლება იქცეს სააკაშვილის ეფექტიანი ნაბიჯები უკრაინაში, თუ, რა თქმა უნდა, ეს გამოუვიდა. აქ გადამწყვეტი იქნება არა კორუფციასთან ბრძოლა, არამედ იმ დაპირების შესრულება, რაც ჩინეთიდან გამოსული მეგაკორპორაციების ფილიალების უკრაინაში შეყვანას ეხებოდა. ოქტომბრამდე თუნდაც ერთი-ორი ასეთი ფილიალის შეყვანა რომ მოახერხოს, ეს იქნება ძალიან ეფექტიანი ნაბიჯი. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთიდან გამოსული კომპანიების სანახევროდ საომარ მდგომარეობაში მყოფ უკრაინაში შეყვანა ძალიან რთული იქნება, თუ სააკაშვილმა ეს მოახერხა, ეს იქნება "ნაციონალების"" პიარის მთავარი ხაზი საქართველოშიც.

საქართველოს ხელისუფლებაშიც ლაპარაკობენ ჩინეთიდან წარმოების საქართველოში გადმოტანაზე, მაგრამ ამერიკელებისა და ევროპელების ასეთი წერილების ფონზე ვერ გეტყვით, რომელი დასავლელი ინვესტორი მოისურვებს აქ შემოსვლას...

თუ საქართველოს ხელისუფლების დელეგიტიმაციის პროცესი საზღვარგარეთ ასეთი სისწრაფით გაგრძელდა, ეს პირდაპირ აისახება საქართველოს სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ეს ნიშნავს იმას, რაც ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა თქვა ფინანსური დახმარების გადახედვის თაობაზე... ვიღაცებმა ძალიან სასაცილო ახსნა მოუძებნეს ამ განცხადებას - თითქოს ევროკავშირი უგულავასა და ოქრუაშვილის ციხიდან გამოსვლაში იხდის ნახევარ მილიარდს. არა, ბატონებო! ევროკავშირი ნახევარ მილიარდს იხდის ქართული დემოკრატიის, სასამართლო სისტემის გადარჩენაში. მოკლედ, ხელისუფლების დელეგიტიმაცია ნიშნავს საქართველოსთვის პირდაპირი დასავლური დახმარების შემცირებას, რაც, თავის მხრივ, ნიშნავს სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისს და ბოლოს მოსახლეობის სოციალურ აფეთქებას. საქართველოს ხელისუფლებამ ან შეუძლებელი უნდა შეძლოს და დასავლეთის თვალში მტრის იმიჯი გამოისწოროს, ან უნდა იცოდეს - არჩევნები რომც მოიგოს, ის არალეგიტიმურად გამოცხადდება და არჩევნების შემდეგ ძალიან მალე მშიერი ხალხის ბუნტს მიიღებს.

- ალბათ, დამეთანხმებით, რომ უმნიშვნელოვანესი იქნება, როგორ საარჩევნო სიას წარადგენს "ქართული ოცნება". საინტერესოა, აქვს კი მას მნიშვნელოვანი განახლებისთვის საჭირო რესურსი? და რას ფიქრობთ გიორგი გახარიას შესაძლო შეცვლაზე, რის შესახებაც ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია? - გაუგებარია, რატომ შეიძლება ახლა ლაპარაკობდნენ გახარიას შეცვლაზე. "ქართული ოცნების" სხვა ლიდერებთან შედარებით გახარიას აქვს ერთი დიდი უპირატესობა - მან იცის, რა არ იცის და სად მოძებნოს ის, ვინც იცის... ეს უდიდესი ცოდნაა ადამიანისთვის. სხვათა შორის, ეს თვისება გამოარჩევს კალაძესაც.

გახარიას შეცვლის შესახებ ინფორმაცია შეიძლება შიდა ინტრიგების გამოძახილია. სავარაუდოა, რომ პარტიის შიგნით გარკვეულ ჯგუფებს მისი გაძლიერების შეეშინდებოდათ, თუმცა არსებობს ვერსიები იმის თაობაზეც, რომ გახარიას შეცვლას დასავლეთი ითხოვს, მაგრამ კონკრეტულად არაფერია ცნობილი გარდა იმისა, რომ სხვადასხვა მედიასაშუალება ირანთან კონტაქტებს სწორედ გახარიას უკავშირებს.

დასავლეთისთვის საარჩევნო სია იქნება ბოლო ინდიკატორი იმისა, საბოლოოდ დაემშვიდობა თუ არა "ქართული ოცნება" დასავლეთთან პარტნიორობას.

დასავლეთისთვის საარჩევნო სია იქნება ბოლო ინდიკატორი იმისა, საბოლოოდ დაემშვიდობა თუ არა "ქართული ოცნება" დასავლეთთან პარტნიორობის გზას. ამიტომაც, "ქართული ოცნებისთვის" საარჩევნო სია დღეს ყველაზე დიდი გამოწვევაა. აქამდე "ოცნების" სიების დაკომპლეტებისას მთავარი ამოსავალი იყო მორჩილება, მორჩილება და კვლავ მორჩილება. გამოცდილებამ ისიც გვაჩენა, რომ პროდასვლური განწყობის ადამიანები, ვერ არიან საკმარისად მორჩილები და ეს ხალხი გზადაგზა ტოვებდა ან ატოვებინებდნენ "ქართულ ოცნებას" - ჯერ კოალიციის წვერები 2012 წლის პარლამენტში, შარშან კი უშუალოდ "ოცნების" პროდასავლელმა წევრებმა დატოვეს პარლამენტი და ხელისუფლება...

ახლა კი გამოუვალი მდგომარეობიდან გამომდინარე, რომ როგორმე ამერიკელების გული ოდნავ მაინც მოიგონ, რომც მოუწიოთ პროდასავლური საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის და კონტაქტების მქონე ადამიანების მოძებნა სიაში ჩასასმელად, მათი მოძიება და დათანხმება ძალიან გაუჭირდებათ...

თუ სიას დასავლეთისთვის კატეგორიულად მიუღებელი ადამიანებით დააკომპლექტებენ, არადა ჯერ სწორედ ასეთი პირი უჩანს, ეს ნიშნავს, რომ დასავლეთიდან მომავალი არჩევნების ლეგიტიმაციის იმედს საბოლოოდ უნდა დაუსვან წერტილი. არსებობს კიდევ ერთი ვარიანტიც, რომ "ოცნების" ტროლ-ბოტებმა ამომრჩეველში გააღვივონ ანტიდასავლური განწყობები, "ოცნება" დაადგეს დასავლეთთან მეტი რადიკალიზაციის გზას, საქართველოს დამონების მოსურნე თანამედროვე იმპერია უძახოს ამერიკას, გაზარდოს ანტიდასავლური ამომრჩევლის ბაზა და გეზი რადიკალურად ანტიდასავლურ ამომრჩეველზე აიღოს და ამ გზით ამომრჩეველი მოუმრავლოს "პატრიოტთა ალიანსსაც". თუმცა, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის გზა არსაით.