"პოლიტიკური ბრძოლა ძალიან დრამატულ ფაზაშია შესული" - კვირის პალიტრა

"პოლიტიკური ბრძოლა ძალიან დრამატულ ფაზაშია შესული"

"მე პრაგმატულად ვუდგები საკითხს და მმართველი გუნდის მარცხს ვერ ვხედავ" ხელისუფლებისა და ოპოზიციას, დავისა და განსჯის საგანი ამჯერად 8 მარტის შეთანხმება, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეწყალების აქტი, ამ თემების შესახებ საერთაშორისო საზოგადოებრიობის აზრი და ახალი პოლიტიკური დღის წესრიგია. თუ როგორია ხელისუფლების ინტერპრეტაცია, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გიორგი ვოლსკი გვესაუბრება.

- ფაქტია, რომ 8 მარტს მიღებული შეთანხმების თემა უკვე საქართველოს საზღვრებს გასცდა. ამ დოკუმენტის ინტერპრეტაცია იმდაგვარად ხდება, რომ შესაძლოა ამან ქვეყანა დააზიანოს. მოდი, ამ მოცემულობიდან გამომდინარე ვიმსჯელოთ, "ქართული ოცნების" განცხადებებია სწორი, "ნაციონალებისა" და "ევროპული საქართველოს" თუ პრეზიდენტ ზურაბიშვილის. ამ მსჯელობის მთელი ფილოსოფია იმაში მდგომარეობს, რომ სააშკარაოზე იქნეს გამოტანილი ის, რაც რეალურად ხდება პოლიტიკაში. თუმცა მთავარი მაინც ამ ყველაფრის შესახებ საზოგადოების აზრია. მოკლედ რომ ვთქვათ, სალომე ზურაბიშვილის განცხადება და მისი შეწყალების აქტი არის გარკვეული პასუხისმგებლობის გადაბარება საზოგადოებისთვის, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, რომელი გზა არის სწორი, ვინ არის მართალი და ადგილი არ დაუტოვოს სპეკულაციურ განსჯას...

მე არ ვამბობ, რომ მაინცდამაინც მე დამიჯერონ, არც სალომე ზურაბიშვილს აქვს იმის პრეტენზია, მისი განცხადება ჩათვალონ უპირობო ჭეშმარიტებად. საზოგადოება, პრესა, ექსპერტები იმისთვის ხართ, რომ თქვენი ეჭვები და ვარაუდები გამოთქვათ. დაე, ოქტომბერში გადაწყვიტოს საზოგადოებამ, ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი.

- როდესაც ხელისუფლების მიერ დამნაშავედ მიჩნეულ პირებს სტრატეგიული პარტნიორები პოლიტპატიმრებად მიიჩნევენ, ეს მმართველი გუნდის არაეფექტური მუშაობის შედეგი ხომ არ არის? - ზოგი ასეც აფასებს, მაგრამ მე პრაგმატულად ვუდგები საკითხს და მმართველი გუნდის მარცხს ვერ ვხედავ. უბრალოდ, დღეს ასეთი მოცემულობა გვაქვს. მთავარია, ამ მოცემულობას როგორ აღიქვამს ხალხი და არა პარტიები ან ექსპერტები. ვფიქრობ, რომ ჩვენ მართლები ვართ, საქმემ უნდა გამოგვაჩინოს და არა პროპაგანდამ.

- ხალხის ის ნაწილი, რომელიც თქვენ გიჭერდათ მხარს, უკმაყოფილო იყო ოპოზიციასთან კოჰაბიტაციით. როგორ წარმოგიდგენიათ, მათთვის თქვენი ეს განცხადება რამდენად მისაღები იქნება, ან რას შეიძლება განიცდიდნენ, როდესაც მათი აზრით, დამნაშავე ყოფილი ჩინოვნიკები დღეს პოლიტპატიმრების სტატუსით არიან გათავისუფლებული. - არ ვფიქრობ, რომ ისინი გამარჯვებული არიან, უბრალოდ, სპეკულირებენ. დაინახეს, რომ ქვეყანაში მხარდაჭერა არ ჰქონდათ და საგარეო პლატფორმაზე დაიწყეს პოზიციის გამაგრება. გარკვეული უპირატესობაც მოიპოვეს, რადგან დიდი და პატარა, ზოგჯერ ორი და ერთკაციანი პარტიები ერთ ხმაში ერთსა და იმავეს ამტკიცებდნენ. მათ შეთანხმებულად წარმოაჩინეს უგულავა და ოქრუაშვილი იმ პიროვნებებად, რომლებიც თითქოს პოლიტიკურ ინტერესებს ეწირებიან. აი, რაში იყო სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება. მან ოპოზიციას ამ თემით სპეკულირების საშუალება მოუსპო.

- ამერიკელი სენატორები გიორგი რურუას გათავისუფლებასაც ელოდებიან. - ცხადია, რომ ინტენსიური მუშაობაა საჭირო და მათთვის რეალური სურათის დანახვება. პოლიტიკური ბრძოლა ძალიან დრამატულ ფაზაშია შესული. აქედან გამომდინარე, მოვიდა დრო, როდესაც ყველაფერი ხალხმა უნდა გადაწყვიტოს.

ხათუნა ბახტურიძე