კომპრომისი თუ უკან დახევა?! - კვირის პალიტრა

კომპრომისი თუ უკან დახევა?!

"უგულავა, ოქრუაშვილი და რურუა არც ერთი არ არის ისეთი პოლიტიკური კაპიტალის მქონე ფიგურა, რომ მათ ციხეში ყოფნას ან გარეთ გამოშვებას პოლიტიკურ პროცესებზე ზემოქმედება შეეძლოს"

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი, ვიოლა ფონ კრამონი, ანა ფოტიგა და მარინა კალიურანდი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლების შესახებ თამამ, რთულ, კეთილსინდისიერ გადაწყვეტილებად აფასებენ და ფიქრობენ, რომ ეს ერთადერთი სწორი ნაბიჯი იყო ქვეყანაში არსებული დაძაბულობის გასაფანტავად. როგორც სალომე ზურაბიშვილი, ასევე "ქართული ოცნების" ლიდერები მამუკა მდინარაძე და ირაკლი კობახიძე ირწმუნებიან, პრეზიდენტმა ე.წ. პოლიტპატიმრების შეწყალება დამოუკიდებლად გადაწყვიტა და ბიძინა ივანიშვილმა არაფერი იცოდა.

ამ ვერსიის არ სჯერათ პოლიტოლოგებსა და ექსპერტების ნაწილს. მათი აზრით, უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალების აქტით ხელისუფლებამ ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობა აღიარა. ექსპერტთა და პოლიტოლოგთა მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ პრეზიდენტის ამ პრეროგატივაში შესაძლოა მმართველი პარტია მართლაც ჩაერია, თუმცა ეს საუკეთესო გამოსავალი იყო, რათა ოპოზიციის პატივმოყვარეობაც დაკმაყოფილებულიყო და ხელისუფლებასაც სახე შეენარჩუნებინა. ამ საკითხზე უფრო დეტალურად პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრება.

- რა თქმა უნდა, პრეზიდენტმა გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილთან ერთად მიიღო. ისე, ცუდი არაფერი მომხდარა. მგონი, ბიძინა ივანიშვილმა და სალომე ზურაბიშვილმა გამოსავალი მონახეს. ეს ფაქტი გარკვეულწილად დაამშვიდებს პოლიტიკურ პროცესს.

ჩემი აზრით, ხელისუფლება დასავლეთის კრიტიკულმა გზავნილებმა შეაშინა და არა ოპოზიციის დაანონსებულმა საპროტესტო აქციებმა. ოპოზიციას ადრეც არ ჰქონდა იმის რესურსი, რომ მნიშვნელოვანი საპროტესტო მოძრაობა დაეწყო. მით უფრო ახლა, როდესაც ქართველი ხალხის უმრავლესობას დიდად არც აინტერესებს ე.წ პოლიტპატიმრების ბედი. ამ საქმეში მთავარი ფაქტორი დასავლეთის მკაფიო სიგნალები იყო. დარწმუნებული ვარ, მათი გაფრთხილება არჩევნების ლეგიტიმურობას, უპირველესად კი ეკონომიკურ მხარდაჭერას და იმ თანხას შეეხებოდა, რომელსაც დასავლეთი საქართველოს გამოუყოფს პანდემიასთან საბრძოლველად და იმისთვის, რომ ცხოვრების დონე მინიმალურ ეტაპზე მაინც შევინარჩუნოთ. სამწუხაროდ, საქართველოში არც ერთი ხელისუფალი, არც დღევანდელი, არც გუშინდელი და არც გუშინწინდელი, ქართველ საზოგადოებას არ ითვალისწინებდა. 2003 წელს დასავლეთისვე ჩარევით მოხდა "ვარდების რევოლუცია" და 2012 წელსაც ხელისუფლების "ხავერდოვანი" გადაცემა დასავლეთის უშუალო ჩარევის დამსახურებაა. ჩვენ უნდა მივიდეთ იმ ეტაპამდე, რომ ასეთი საკითხები თავად მოვაგვაროთ და ამისთვის დასავლეთის ჩარევა არ დაგვჭირდეს.

- ნუთუ ციხის გარეთ მყოფ უგულავას, ოქრუაშვილსა და რურუას პოლიტიკურ პროცესებზე ისეთი გავლენის მოხდენა შეეძლოთ, რომ ხელისუფლებამ ასე გარისკა და დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობა სარისკო გახადა? - პრობლემა სწორედ ეს არის. სამწუხაროდ, "ოცნების" ლიდერები პოლიტიკურ ანალიზს, დასკვნებს სწორად ვერ აკეთებენ.

უგულავა, ოქრუაშვილი და რურუა არც ერთი არ არის ისეთი პოლიტიკური კაპიტალის მქონე ფიგურა, რომ მათ ციხეში ყოფნას ან გარეთ გამოშვებას პოლიტიკურ პროცესებზე ზემოქმედება შეეძლოს. "ქართულმა ოცნებამ" თავი თვითონვე დაიზარალა. ხელისუფლებაში ვინმეს ხომ მაინც უნდა გაეთვალა დღევანდელი შედეგი?

რატომ მიგყავს საქმე აქამდე, როდესაც გამოცდილება უკვე მიიღე იანვარში, დეკემბერსა და კიდევ უფრო ადრე განვითარებული მოვლენებისგან? ვგულისხმობ როგორც ევროპელი და ამერიკელი კოლეგების ეპისტოლარული ჟანრის გზავნილებს, ასევე საარჩევნო სისტემის საკითხს. 8 მარტის შეთანხმებაზე იძულების წესით ხელის მოწერა... დასკვნა ხომ უნდა გამოეტანათ?

თუ ვინმეს ეგონა კორონავირუსის გამო ჩვენთვის არავინ მოიცლიდა ან ვინმე რამეზე თვალს დახუჭავდა, ძალიან შემცდარა.

ჩემი აზრით, საქართველო ხვალ-ზეგ გაცილებით მნიშვნელოვანი გახდება დასავლეთისთვის და ჩვენთვისაც უფრო მნიშვნელოვანი გახდება დასავლეთი, ვიდრე იყო გუშინ და არის დღეს. სულ სხვა გლობალური პროცესები დაიწყო და ჩვენი ქვეყანა მასში მნიშვნელოვანი რგოლია. ისე, ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების პიარი, ფაქტობრივად, ნულის ტოლია, საგარეო უწყება თავისი საელჩოებიანად კი ფორმალურად არსებობს.

- გასაგებია, გიორგი რურუას პრეზიდენტი ვერ შეიწყალებდა, რადგან ის ჯერ კიდევ არ არის მსჯავრდადებული. თქვენი ვერსიით, გამოინახება მის გასათავისუფლებლად რაიმე ფორმა. - საჯარო განცხადებებში უგულავასა და ოქრუაშვილთან ერთად რურუაც ფიგურირებდა. თუ დასავლეთი ფიქრობს, რომ მათი გათავისუფლება საკმარისი არ არის და გიორგი რურუაც უნდა გათავისუფლდეს, ზომებსაც მიიღებენ და "ქართულ ოცნებას" მოუწევს მექანიზმის მოძიება რურუას გასათავისუფლებლად.

- სენატორებმა ჯიმ რიშიმ და ჯინ შაჰინმა უკვე განცხადეს, რომ მიესალმებიან უგულავასა და ოქრუაშვილის გათავისუფლებას და რურუას გათავისუფლებასაც ელიან. ხომ არ არის შესაძლებელი "ქართულმა ოცნებამ" თავისი არგუმენტის გასამყარებლად, რომ ეს შეწყალება პრეზიდენტმა მართლაც დამოუკიდებლად მიიღო, რურუა ციხეში დატოვოს? - "ქართული ოცნებისგან" არაფერია გამორიცხული, თუმცა მაინც მგონია, რომ ამჯერად რურუას პრობლემაც მოგვარდება. ახლა "ქართული ოცნებისთვის" ყველაზე მომგებიანია რურუას გირაოთი გამოშვება. ამ ვითარებაში პროცესი გადაიდება, ამასობაში არჩევნებიც ჩაივლის და შემდეგ სიტუაციის შესაბამისად მოიქცევიან.

- თქვენი ვერსიით, ამ შეწყალებას როგორ აღიქვამს "ქართული ოცნების" ის ამომრჩეველი, რომელიც კოჰაბიტაციას მმართველი გუნდის მთავარ შეცდომად მიიჩნევდა? - "ქართული ოცნების" ამომრჩევლის უმრავლესობა, ანუ 50% მხოლოდ იმიტომ არის მმართველი გუნდის მხარდამჭერი, რომ "ნაციონალები" სძულს და ოპოზიციაში ვერ ხედავს ძალას, რომელიც მის ინტერესებს გამოხატავს. ამიტომ ეს ხალხი სანამ ოპოზიციაში არ დაინახავს "ოცნების" საპირწონე ძალას, მმართველი გუნდის მიმართ დამოკიდებულება არ შეეცვლება.

ხათუნა ბახტურიძე