"დაიწყო პროცესი, რომელიც ჯერ არ ჩანს, მაგრამ მალე გამოჩნდება" - კვირის პალიტრა

"დაიწყო პროცესი, რომელიც ჯერ არ ჩანს, მაგრამ მალე გამოჩნდება"

"ჩვენი ამოცანა-მინიმუმია "ნაციონალური მოძრაობის" გაუვნებლება, მაქსიმუმი კი "ქართული ოცნების" გაჩერება"

საქართველოს პარლამენტის წევრის, თავისუფალი დეპუტატის ლევან გოგიჩაიშვილის აზრით, მცდარია მოსაზრება, თითქოს პრეზიდენტმა გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების აქტის გამოცემით რთული პოლიტიკური ვითარება განმუხტა. მისი თქმით, ჩვენი ბევრი მოქალაქე ბიძინა ივანიშვილზე ნაწყენია, რაც "ქართულ ოცნებას" ძალიან ძვირად დაუჯდება. "ჯალათი და მექრთამე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი და თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტპატიმრებად აქცია. დღეს მათზე, როგორც ვითომდა სიმართლისთვის დევნილებზე, მთელი ევროპა და ამერიკა ლაპარაკობს", - ამბობს ლევან გოგიჩაიშვილი.

- "ქართული ოცნება" უპასუხისმგებლო, მოღალატე ძალაა. ამ გუნდმა ბოლო ორ წელიწადში ყველა ინსტიტუციას ლეგიტიმაცია გამოაცალა და ბიძინა ივანიშვილის პირადი მოხმარების სივრცედ აქცია. მართლმსაჯულებაში დააბრუნეს ყველა ჯალათი პროკურორი და მოსამართლე. "ნაციონალური მოძრაობა" ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეაერთეს და ლეგიტიმაცია შეუნარჩუნეს.

ბიძინა ივანიშვილმა უღალატა ყველას, ვინც თავისუფლებისა და უფლებების დასაცავად სისხლი დაღვარა.

ევროპარლამენტარები, კონგრესმენები, სენატორები მკვლელ, დამნაშავე და ბიუჯეტის ქურდებს საერთაშორისო ტრიბუნიდან რომ პოლიტპატიმრებად მოიხსენიებენ, "ოცნების" უხერხემლობისა და უვიცობის ლუსტრაციაა.

ხელისუფლებაში ჩვეულებრივი მექრთამე, უვიცი და უპასუხისმგებლო პირები არიან, რომლებმაც მოსახლეობას არასტაბილურობის განცდა გაუჩინეს. ამ ყველაფრისთვის ხელისუფლება პასუხს აგებს.

- რას გულისხმობთ? - ხვალ ძალიან ბევრი ისეთი რამ მოხდება, რასაც გუშინ ვერავინ წარმოიდგენდა. ბიძინა ივანიშვილმა ძალიან ბევრ ადამიანს გული გაუტეხა და მიახვედრა, რომ "ქართული ოცნება" პროცესს ვეღარ მართავს, ის არ არის ძალა, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" შეკავებას შეძლებს. "ოცნება" დარჩება პოლიტიკაში, მაგრამ აღარ იქნება ხელისუფლებაში.

დღევანდელი ხელისუფლება ვერ გვაძლევს იმის იმედს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" რესტავრაცია არ მოხდება. ამ ძალამ დაამთავრა სამართლიანობის აღდგენა, რომელიც სინამდვილეში არც დაუწყია.

- თქვენი გუნდის გეგმა როგორია? - გარწმუნებთ, ამ პროცესს ასე არ დავტოვებთ. გუშინ სხვაგვარად ვფიქრობდით, მაგრამ დღეს უკვე მივიჩნევთ, რომ პროცესს მამუკა მდინარაძისა და არჩილ თალაკვაძის ამარა ვერ დავტოვებთ. ჩვენი ამოცანა-მინიმუმია "ნაციონალური მოძრაობის" გაუვნებლება, მაქსიმუმი კი "ქართული ოცნების" გაჩერება.

ჩვენ ამ მოღალატეების ყველა გარიგებას, სისხლის სამართლის დანაშაულს და უპასუხისმგებლო ქმედებას გამოვააშკარავებთ და ეს პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ ხელისუფლება არ შეიცვლება. უკვე დაიწყო პროცესი, რომელიც ჯერ არ ჩანს, მაგრამ მალე გამოჩნდება.

ხათუნა ბახტურიძე