"სანახევროდ შესრულებული პირობა არ არსებობს" - კვირის პალიტრა

"სანახევროდ შესრულებული პირობა არ არსებობს"

"ხელისუფლებას უგულავასა და ოქრუაშვილის გასათავისუფლებლად მძლავრი შეჯანჯღარება დასჭირდა"

ოპოზიცია გიგა უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების აქტის გამოცემით ბოლომდე კმაყოფილი არ არის. გვესაუბრება "ევროპული საქართველოს" ლიდერი აკაკი ბობოხიძე:

- ძალიან ცუდია, რომ ხელისუფლებას გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გასათავისუფლებლად მძლავრი შეჯანჯღარება დასჭირდა. ასევე ძალიან ცუდი იქნება, თუ ხელისუფლება 8 მარტის შეთანხმების პირობას არ შეასრულებს და გიორგი რურუასაც არ გაათავისუფლებს.

- უგულავა ჯერ კიდევ ციხეში იყო, როდესაც მან და გიორგი რურუამ ოპოზიციას და ხელისუფლებას მოგმართათ, რომ მათ გამო საკონსტიტუციო ცვლილება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაგეტოვებინათ. რამ განაპირობა მათი გათავისუფლების უპირობო მოთხოვნა? - უგულავა და რურუა ამბობდნენ, თუ ხელისუფლება წამოვა პროპორციულ სისტემაზე, ლაპარაკი იყო 130/20-ზე, ეს იმდენად მნიშვნელოვანია, ჩვენი საკითხის განხილვის გარეშეც დაუჭირეთ მხარიო. ის, რასაც "ქართული ოცნება" გვთავაზობს, ანუ 120/30 ის არ არის, რაც პრინციპულად შეცვლის ამ საარჩევნო სისტემას. შესაბამისად, უგულავას და რურუას პირადი ბედის ჩვენი ქვეყნის ბედის საპირწონედ დაყენება საჭიროც არ გამხდარა.

- თუ თქვენი აზრით, პრეზიდენტს შეწყალების შესახებ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად არ მიუღია, გამოდის ხელისუფლებამ პოლიტიკური პროცესის ჩიხიდან გამოსასვლელად პირველი ნაბიჯი გადმოდგა. - როდესაც საქმე დანაპირების შესრულებას ეხება, პირველი და მეორე ნაბიჯი არაფერ შუაშია. სანახევროდ შესრულებული პირობა არ არსებობს.

ხელისუფლებას შეთანხმების დადების დროს უნდა ეფიქრა, რისი შესრულების თავი ჰქონდა და რისი არა. ივანიშვილს რასაც კულისებში ეუბნებიან, არაფერს ითვალისწინებს.

- რას გულისხმობთ, ივანიშვილი დასავლელმა პარტნიორებმა კულუარული საუბრებისას გააფრთხილეს?

- კი, მაგრამ ვინ დაიჯერა? რომ არ დაიჯერა, იმიტომაც შეასკდა კედელს თავით, თანაც მეორედ. პირველად მაშინ, მთელი მსოფლიოს გასაგონად რომ იტრაბახა, საარჩევნო სისტემას ვცვლიო და მერე აჯანყებულ დეპუტატებზე ზღაპარს მოგვიყვა.

- თუ რურუას არ გაათავისუფლებენ, როგორი იქნება ოპოზიციის მოქმედების ტაქტიკა? - ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში ვიწყებთ მომზადებას არჩევნებისთვის, მზად ვართ ორივე სისტემისთვის - 73/77-ისთვისაც და 120/30-ისთვისაც. ივანიშვილმა მშვენივრად იცის, როგორი საარჩევნო სისტემაც უნდა იყოს, ნებისმიერ შემთხვევაში წააგებს არჩევნებს, ისევე როგორც იცის, რა სიტუაცია კორონავირუსთან დაკავშირებით და მალავს.

- დაინფიცირებულთა და ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობის დამალვა როგორ წარმოგიდგენიათ? - მე მგონია, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს ვირუსი მოდებულიც გვაქვს და გადატანილიც. ნახეთ, რა ხდება ბოლნისში, კერძოდ, მუშევანში, ჩაკეტილ სოფელში, სადაც მოსახლეობას ერთმანეთთან მისვლა-მოსვლა არ ჰქონდათ. გუშინ და გუშინწინ თუ არ იყო ვირუსი, დღეს საიდან შეფრინდა?

- ხელისუფლებას რისთვის უნდა აწყობდეს არსებული სურათის დამალვა? - იმისთვის, რომ მოუნდება, შეგვზღუდოს, მოუნდება, გაგვიშვას. არ გამოუვა. არც ხელისუფლებაში ძალადობრივი გზით დარჩენა გამოუვა.

ხათუნა ბახტურიძე