"ვინ დგას 5G-ისა და ჩიპიზაციის კონსპირაციული თეორიების უკან?!" - კვირის პალიტრა

"ვინ დგას 5G-ისა და ჩიპიზაციის კონსპირაციული თეორიების უკან?!"

ჩინეთ-ამერიკასა და დასავლეთ-რუსეთს შორის ახალი ძალით გამწვავდა ურთიერთობები. სპეციალისტების თქმით, სახელმწიფოებს შორის დამოკიდებულების გამოსწორება ან გამწვავება იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ღრმა იქნება მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი. ვირუსის კვალდაკვალ აქტუალურობას არ კარგავს ანტივაქცინური განწყობა, რომელიც კონსპირაციული თეორიებით არის დატვირთული. "კვირის პალიტრა" საერთაშორისო საკითხების ექსპერტს ამირან სალუქვაძეს ესაუბრა.

- პანდემიას ყოველთვის ახლავს საინფორმაციო ომი, შიში, დეზინფორმაცია. 1816-დან 1975 წლამდე მსოფლიომ ქოლერის შვიდი ეპიდემია გადაიტანა. ყველა შემთხვევას თან ახლდა შეთქმულების თეორიები. მეორე ეპიდემია რუსეთ-სპარსეთის 1826-28 წლების ომის შემდეგ დაიწყო და მთელ რუსეთს მოედო, იქიდან საქართველოსა და სხვა ქვეყნებში გავრცელდა.

ინტერნეტის განვითარებასთან ერთად, საინფორმაციო ომი მძაფრი და დინამიკური გახდა. პანდემიამდეც მსოფლიო ეკონომიკა შერყეული იყო, მაგრამ პანდემიამ დეტონატორის როლი შეასრულა. სხვადასხვა სახელმწიფოში რთულ ეპიდემიურ ვითარებას მოჰყვა სახელმწიფოთა თვითიზოლაცია და ჯაჭვური ეფექტის ეკონომიკური პრობლემები... აქედან გამომდინარე, ჩინეთ-ამერიკის დაპირისპირება და მძლავრი საინფორმაციო ომი სხვადასხვა ძალას შორის ბუნებრივია. ჩინეთის მიმართ ბრალდებები მთლად ცარიელ ადგილას არ გაჩნდებოდა, მაგრამ ტრამპმა და პომპეომ პირდაპირ "ჩინური ვირუსი" უწოდეს ახალ კორონავირუსს, ჩინეთს შეეძლო დროულად მოეხდინა ვირუსის ლოკალიზება, რათა მსოფლიოში არ გავრცელებულიყოო. ჩინეთი კი ამ ბრალდებას დაჟინებით უარყოფს...

ეს დაპირისპირება დიდხანს გაგრძელდება. ახლახან ტრამპმა ჩინეთთან ურთიერთობის გაწყვეტის შესახებაც კი გააკეთა განცხადება. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკაში მზადდება კანონპროექტი, რომელიც ჩინეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. ასეთივე დაპირისპირება იყო პანდემიამდე, ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდგომ, რა დროსაც მწვავე ეკონომიკური სანქციების ომი გაჩაღდა. შემდგომ დაიწყო ურთიერთობის "დალაგება", სანქციების მოხსნაც კი, მაგრამ კორონავირუსის გამო ყველაფერი თავიდან დაიწყო და დაპირისპირება უფრო გაძლიერდა... ამერიკა საარჩევნო პერიოდში შედის, საზოგადოებამ კი ამ ვირუსით ძალიან ძლიერი დარტყმა მიიღო, დაინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით აშშ პირველ ადგილზეა. ასე რომ, ამ ზიანის მარტივად გატარებას ამერიკა ვერ შეძლებს.

იძაბება ამერიკა-რუსეთის ურთიერთობაც. აშშ-ში ჯერ კიდევ არ ჩამცხრალა საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებული პერიპეტიები...

- ძალზე მნიშვნელოვანი საკითხია კრემლის მართული ანტიდასავლური კამპანია, თითქოს ევროკავშირი, ასევე მისი წევრი წამყვანი ქვეყნები სხვა ქვეყნებს არ ეხმარებიან. - ეს მათი ხელწერაა. რუსეთმა ფართოდ გააშუქა აშშ-ისთვის გაგზავნილი დახმარება. ტრამპმაც კი დაწერა "ტვიტერზე", რუსეთმა ძალიან დიდი თვითმფრინავი გამოგვიგზავნაო. თუმცა გაირკვა, რომ მხოლოდ პირბადეებზე კი არა, ხელოვნური სუნთქვის აპარატების ხარისხზეც გაჩნდა კითხვები და გამოძიებაც დაიწყო, რადგან ახლახან პეტერბურგის საავადმყოფოში ხანძრის მიზეზად, რა დროსაც რამდენიმე პაციენტი დაიღუპა, სწორედ ის აპარატები სახელდება...

პუტინმა რამდენიმე თვის წინ განაცხადა, ჩვენ დავეხმარეთ ამერიკასა და იტალიას, იტალიაში 14 თვითმფრინავით სამედიცინო დახმარება გავგზავნეთო. პასუხად კი მომგებიანი დახმარება და კონტრაქტები მიიღო როგორც ამერიკისგან, ასევე იტალიისგან, მათ შორის სასუნთქი აპარატებისთვის საჭირო მაკომპლექტებელი ნაწილები. ეს რუსეთმა პომპეზურად გააშუქა. იმავდროულად კი რუსეთის საინფორმაციო მანქანა მიმართული იყო ევროპული ერთობის წინააღმდეგ.

ეპიდემიის მასშტაბი მსოფლიოსთვის მართლაც მოულოდნელი იყო და სახელმწიფოები პირველ ეტაპზე საკუთარი რესურსების ამარა დარჩნენ, შემდეგ კი ევროპის ფინანსური სტრუქტურებიდან ქვეყნების დახმარება დაიწყეს.

მხოლოდ ევროკავშირმა 500 მილიარდი ევრო გამოყო კრიზისის დასაძლევად, თუმცა ევროსტრუქტურებმა რეაქცია ნამდვილად დააგვიანეს, რაც კარგად გამოიყენა რუსეთმა. მისი პროპაგანდისტული მანქანის მთავარი ხაზი იყო ევროკავშირში განხეთქილების შეტანა, რომ ის ვერ აღმოჩნდა ერთიანი ოჯახი, მან წევრი ქვეყნები ბედის ანაბარა მიატოვა... განსაკუთრებით ხშირად მოჰყავდა იტალიის მაგალითი, რადგან იქ ყველაზე მძიმე ვითარება იყო. ამას მოჰყვა იტალია-ევროკავშირის დაპირისპირება. მოგვიანებით კი გაუგზავნეს იტალიას სამედიცინო აღჭურვილობა, სხვა მხრივაც დაეხმარნენ, მაგრამ რუსულმა პროპაგანდამ იმუშავა და ნალექი დარჩა...

- ჩინეთიდან სხვადასხვა ქვეყანამ კომპანიების გამოყვანა დაიწყო. როგორ აისახება ეს ამ ქვეყნის ეკონომიკაზე და ამ ვითარებაში საქართველომ როგორ უნდა იმოქმედოს? - კარგია, რომ ამ საკითხზე ხელისუფლება, განსაკუთრებით კი ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს... რაც შეეხება ჩინეთიდან კომპანიების გამოყვანას, ჯერ ეს პუბლიკაციების დონეზეა. თუმცა ამერიკამ განაცხადა, რომ ფინანსურად დაეხმარება იმ კომპანიებს, რომლებიც ბიზნესს აშშ-ში ან სხვა ქვეყნებში გადაიტანენ. იგივე განაცხადა იაპონიამაც. ჩინეთი ჯერჯერობით არაფერს ამბობს ეკონომიკურ საფრთხეებზე. ორი ვარიანტია: ან კომპანიებისგან მასშტაბურ დემარშებს არ ელოდება, ან ყველაფერი გათვლილი აქვს და სულაც არ აშინებს ისე, როგორც ეს გარედან ჩანს. ამ სახელმწიფომ შეძლო შიდა რესურსების გაძლიერება, საკუთარი მრეწველობისა და ტექნოლოგიების შექმნა და მხოლოდ გარე ინვესტიციებზე არ არის დამოკიდებული...

საქართველოს საინვესტიციო გარემო სტაბილური უნდა იყოს და ამის შექმნა ჩვენ, საზოგადოებასაც გვევალება. პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტას მუდმივ რევოლუციურ ვითარებაში ვცდილობთ, რაც ინვესტიციების მოზიდვას ხელს ნამდვილად არ უწყობს. ამის მიუხედავად, თუ გადავხედავთ სხვადასხვა რეიტინგს, ცუდი მოლოდინი არ უნდა გვქონდეს...

თუ რომელიმე კომპანია ჩინეთიდან ამერიკაში გადასვლას გადაწყვეტს, რა თქმა უნდა, საქართველო მას კონკურენციას ვერ გაუწევს, მაგრამ თავის დროზე უცხოური კომპანიები ჩინეთში ხომ კარგი ბიზნესგარემოსა და იაფი მუშახელის გამო წავიდნენ? ამ მხრივ კი საქართველო არავის ჩამოუვარდება. ამის თქმის საშუალებას სხვადასხვა რეიტინგში საქართველოს პოზიციები მაძლევს. ჩინეთმაც ასე დაიწყო - მუშახელის კვალიფიკაციის პრობლემა იქაც იყო, იგივე ითქმის სასამართლო სისტემაზეც, რაც მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის, თუმცა ამ მხრივ ჩვენ, პრობლემების მიუხედავად, ჩინეთზე უარესი მდგომარეობა არა გვაქვს...

- პანდემიის კვალდაკვალ ვაქცინაციის საწინააღმდეგო კამპანია გაჩაღდა. კონსპიროლოგებს სჯერათ, რომ ვირუსი არ არსებობს და შესაბამისად, ვაქცინაც არ არის საჭირო. სხვების თქმით, ეს მსოფლიო ბიზნესელიტამ დაგეგმა, კერძოდ, გეიტსმა, როკფელერებმა და უორენ ბაფეტმა, რომელთა მიზანია მასობრივი ვაქცინაცია. კიდევ ერთი თეორიის თანახმად, ვაქცინა კლავს მოსახლეობის 15-დან 95%-ს, გადარჩენილებს კი გააკონტროლებენ სხეულში ჩანერგილი მიკროჩიპებით და 5G -ქსელით. ჩნდება ეჭვი, რომ ამ კამპანიას პოლიტიკური საფუძველი აქვს. - დიახ, დაიწყეს იმით, ვითომ 5G -ს ანტენები ავრცელებდნენ ვირუსს. მერე მიხვდნენ, ეს სისულელე იყო და თქვეს, რომ იმუნიტეტს ასუსტებს... ასეთ ვერსიებს წერენ, თავად კი მობილურს არ აგდებენ ხელიდან.

80-იანი წლებიდან ასე იყო. ჯერ კიდევ 2,3 და 4G-ს დროსაც იყო ამგვარი კონსპირაციული შეთქმულებები... ფაქტია, რომ სხვადასხვა ძალა გააქტიურდა, მათ შორის ანტიგლობალისტებიც და ცალკეული სახელმწიფოებიც, რომლებიც ამ ყველაფერს თავიანთი ინტერესებისთვის იყენებენ. ჩვენთან მეტწილად რუსულენოვანი სტატიები და ვიდეორგოლები ვრცელდება. ეპიდემიამდეც, რენტვ-ის ტიპის მედიასაშუალებები მუდმივად მუშაობდნენ შეთქმულების თეორიებზე. სხვათა შორის, მათაც ცუდად უბრუნდებათ, თუ ეპიდვითარებას გადავხედავთ - ქვეყანაში უდიდესი მსხვერპლი აქვთ, მაგრამ ვიღაცებს მაინც არ სჯერათ ვირუსის არსებობის. სამთავრობო ტელევიზიების გამოკითხვისას ქუჩაში მოსეირნე მოქალაქეები პირდაპირ ამბობენ, არ გვჯერაო და კომენტარზე, რომ ადამიანები ვირუსით იხოცებიან, ასე პასუხობენ, ოდესმე ყველანი დავიხოცებითო. ასეთი მიდგომა ამძიმებს ვითარებას, ხელს უწყობს ვირუსის გავრცელებას...

- მაშ, რატომ აწყობთ რუსეთს და პრორუსულ ძალებს ასეთი ინფორმაციის გავრცელება და დამკვიდრება თუნდაც საქართველოში? - რუსეთის პროპაგანდა მიზნად ისახავს ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას, რაც გამოსდით კიდეც. თუ გადახედავთ ჩვენს სოცქსელს, მოსახლეობის ნაწილმა საყოველთაო ჩიპიზაციაზე, მსოფლიო მთავრობის შექმნასა და ა.შ. დაიწყო ლაპარაკი... ჩიპიზაცია თუ ასე მარტივია და მედიცინა აქამდეა მისული, რაშიც ეჭვი მეპარება, ბავშვობაში აცრების დროსვე დაჩიპავენ ყველას... მეორე მიზანია ქაოსის შეტანა საზოგადოებაში, ხელისუფლებებისადმი უნდობლობის დანერგვა და სხვა სახის პრობლემების შექმნა. კარგია, რომ ჩვენს საზოგადოებაში ამ მავნე კონსპიროლოგიების მიმდევარი საგანგაშოდ ბევრი არ აღმოჩნდა.

ლალი პაპასკირი