"დასთანხმდება დასავლეთი ივანიშვილის "ოცნების" ხელისუფლებაში დარჩენას კოალიციური ფორმატით მაინც?" - კვირის პალიტრა

"დასთანხმდება დასავლეთი ივანიშვილის "ოცნების" ხელისუფლებაში დარჩენას კოალიციური ფორმატით მაინც?"

"ვერ დავუშვებ, რომ ორი დამნაშავის გამო, სიტუაცია გამძაფრდეს, ვერც ახალ პოლარიზაციას და დაპირისპირებას დავუშვებ და ქვეყნის მომავალს ორ ადამიანს ვერ გადავაყოლებ", - განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მან "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა და თავდაცვის ექსმინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა განცხადებები დასავლელი პარტნიორებისგან, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების შესრულებას სთხოვდნენ. მათ შეფასებებში გაისმა ფრაზა - "პოლიტპატიმრების გათავისუფლებაც". მძიმე შეფასებები გაისმა ევროპარლამენტართა მხრიდანაც. ისინი მიანიშნებდნენ იმაზეც, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება არ შეასრულებდა შეთანხმების პირობებს, შესაძლოა, ხელახლა ემსჯელათ ფინანსურ დახმარებაზე, რომელიც ევროკავშირმა ჩვენს ქვეყანას კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად გამოუყო. საქართველოს ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფდა და უარყოფს ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობას და იმასაც,

რომ შეთანხმებაში იყო ამგვარი პირობა, თუმცა მას დათმობა მაინც მოუხდა.

პრეზიდენტის გადაწყვეტილების კვალდაკვალ გამოქვეყნდა კიდევ ერთი მძაფრი შინაარსის წერილი, რომლის ადრესატებიც აშშ-ის სახელმწიფო და ფინანსთა მდივნები არიან. სენატორები ტედ კრუზი და ჯონ კორნინი, კონგრესმენები ჯუდი არინგტინი და მარქვეინ მულინი საქართველოში აშშ-ის კომპანიებისა და ბიზნესის შევიწროების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ. ისინი ასევე ლაპარაკობენ "საქართველოს ამერიკის მტრებთან კავშირზე". ნახსენებია ირანი და რუსეთი... მათი თქმით, ეს კავშირი აშშ-ის "გეოპოლიტიკური და ბიზნესინტერესების ხარჯზე ხორციელდება". წერილში რამდენჯერმეა ნახსენები "ფრონტერა", რაც ბუნებრივად აჩენს მოსაზრებას, რომ ეს სწორედ ამ კომპანიის ლობისტების წერილია, მაგრამ მისი ტონი და იქ გამოთქმული ბრალდებები უკიდურესად მძიმეა... რით შეიძლება აიხსნას საქართველოს ხელისუფლების მიმართ დასავლეთის ასეთი უკიდურესად მწვავე კრიტიკა? - ამ კითხვაე პასუხად ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" განაცხადა:

- ვფიქრობ, რომ ბოლოდროინდელ შეფასებებში ამერიკელებმა ყველაფერს თავისი სახელი დაარქვეს, განსაკუთრებით - ამ ბოლო წერილში, რომელიც თქვენ ახსენეთ. გასაგებია, რომ ავტორები ლობირებენ "ფრონტერას", მაგრამ სხვა რამ ხელჩასაჭიდი რომ არ ჰქონოდათ, ვერ გაბედავდნენ თუნდაც ერთი კომპანიის დაჩაგვრისთვის - რაც, თავის მხრივ, საეჭვო ჩანს - ამგვარი ბრალდებების წამოყენებას. ვერ გაბედავდნენ, ასე ვთქვათ, ცარიელ ადგილზე, პარტნიორი ქვეყნისთვის, ფაქტობრივად, სანქციების დაწესების მოთხოვნას.

ამ წერილში არის გამაოგნებელი ფრაგმენტი, როდესაც წერილის ავტორები მიუთითებენ, რომ ამერიკის სანქციების გვერდის ავლით საქართველოს ფინანსური ინსტიტუტების მეშვეობით ირანული ფული თეთრდებოდა და ირანის ინტერესების სასარგებლოდ ქართული პორტები გამოიყენებოდა, რაც ბევრ კითხვას წარმოშობს, მაგრამ ფაქტია, რომ ამერიკელი კანონმდებლები ამას წერენ.

წერილში ასევე ლაპარაკია ანაკლიის პორტის პროექტზე და დაუფარავად არის ნათქვამი, საქართველოს ხელისუფლება ამერიკის მტრულ რეჟიმებთან თანამშრომლობსროგორც გეოპოლიტიკური, ისე - ბიზნესის თვალსაზრისითო... აღნიშნულია ასევე რუსეთთან საქართველოს ხელისუფლების კავშირი და ეს ყველაფერი დაგვირგვინებულია სანქციების დაწესების მოწოდებით. ზუსტად 26 წელია, რაც პოლიტიკას ვაანალიზებ და მსგავსი ანათემას გადაცემა არ მინახავს, მით უფრო - იმ ქვეყნის ხელისუფლების, რომელიც მეტ-ნაკლებად დემოკრატიული სახელმწიფოს იმიჯით სარგებლობს. აქვე გავიხსენოთ ამერიკის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, რიშის განცხადება, სადაც პირდაპირ იყო ლაპარაკი პოლიტპატიმრებზე... ასეთი რიტორიკით ამერიკელები, ჩვეულებრივ, ელაპარაკებიან ხოლმე ირანს, კუბას... და ეს არ არის მხოლოდ ამერიკელების განწყობა - ჩვენ მოვისმინეთ ევროპარლამენტართა არანაკლებ მწვავე შეფასებებიც.

წერილის ხელმომწერები აღნიშნავენ იმასაც, რომ მათ შეუძლიათ თავიანთი ნათქვამი დაადასტურონ. თუ ასეა, ვფიქრობ, მართლაც ერთი ნაბიჯიღაა სანქციებამდე. არ მოვერიდები და ვიტყვი, რომ მართლაც ბრიყვული საქციელი იქნება, თუ ხელისუფლება თავს დაიმშვიდებს იმით, რომ ესენი თურმე "ფრონტერას" ლობისტები არიან. მესმის, ეს წერილი რა განწყობას შექმნიდა სახელისუფლო წრეებში და როგორ პანიკას - მათ მომხრეებში. მესმის ისიც, რომ ხელისუფლების პიარი ამ წერილს სწორედ "ფრონტერას" უკავშირებს, მაგრამ იმედი ვიქონიოთ, რომ ხელისუფლება რეალურად შეაფასებს ამ განწყობის სერიოზულობას და დაფიქრდება იმაზე, რა გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს ამ წერილს, თუ საკუთარ მოქმედებაში არაფერს შეცვლის... ხომ აღმოჩნდა, რომ უგულავა-ოქრუაშვილის საკითხის გადაწყვეტისას იძულებული გახდნენ, ანგარიში გაეწიათ დასავლელი პარტნიორებისთვის. კარგად დაინახეს, როგორი მძაფრი იყო მოთხოვნა, რომ საქართველოს ხელისუფლებას პირობა შეესრულებინა.

ამ უკიდურესად ნეგატიური განწყობის ფონზე ისმის კითხვა: დასთანხმდება თუ არა დასავლეთი "ოცნების" ხელისუფლებაში დარჩენას კოალიციური ფორმატით მაინც? თუ დასავლეთისთვის უკვე კატეგორიულად მიუღებელია მათი მესამე ვადა? ამ საბედისწერო წერილის შემდეგ ვფიქრობ, რომ თუ საქართველოს ხელისუფლებამ რადიკალურად არ შეცვალა მოქმედება (თუმცა ისიც არ ვიცი, რა უნდა გააკეთონ ამ ექვს თვეში, რომ აშშ-სა და დასავლეთს განწყობა შეუცვალონ), მათი ხელისუფლებაში დარჩენა სათუო იქნება. ერთადერთი, რასაც "ქართული ოცნება" შეიძლება ჩაეჭიდოს, საზოგადოების მხარდაჭერაა, ისიც იმ შემთხვევაში, თუ მოახერხა ისეთი მხარდაჭერის შენარჩუნება, როგორიც დღეს კორონავირუსთან ბრძოლის გამო აქვს. თუ "ოცნებამ" სამართლიან არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა, მაშინ ვერავინ ვერაფერს იზამს, მაგრამ ძალიან რთული იქნება ამ მხარდაჭერის შენარჩუნება. მით უფრო, თუ ქვედა და საშუალო რგოლის პარტიულ თუ სახელისუფლო სტრუქტურებში იგრძნეს, რომ აშშ-მა "ოცნების" განაჩენი უკვე დაწერა, აუცილებლად დაშლის პროცესი დაიწყება და მივიღებთ იმ სურათს, რაც 2003 წლის არჩევნებისას მივიღეთ, როდესაც შევარდნაძემ 3 ნოემბერს არჩევნები ჩაატარა, 5 ნოემბერს კი გარეთ გაიხედა და აღმოაჩინა, რომ მისი ხელისუფლების 97% კარგა ხნის გადასული იყო ოპოზიციის მხარეს. წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად

იხილეთ ასევე: "გახარიას შეცვლის შესახებ ინფორმაცია შეიძლება შიდა ინტრიგების გამოძახილია"