ვიდეოკამერებზე აღბეჭდილი დანაშაულიც გამოუძიებელია(?!) - კვირის პალიტრა

ვიდეოკამერებზე აღბეჭდილი დანაშაულიც გამოუძიებელია(?!)

"ამას ხელისუფლების წახალისებული ზონდერების მეტი ვერავინ გაბედავდა"

მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ რუსთაველის პროსპექტიდან გუდა-ნაბადი ისე აიკრა, რომ ხელისუფლებას ერთ ხეირიან  "თამასუქსაც" ვერ გამორჩა, ვითარება უფრო გაუარესდა.

ერთი კვირის წინ "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" წევრი, მსოფლიო ჩემპიონი კარატეში ამირან ბიწაძე ნიღბიანმა პირებმა ცხვარიჭამიის გზიდან გაიტაცეს. ბიწაძის ნაამბობის მიხედვით, ავტომობილს, რომელშიც მეგობარ დავითO ბენდელიანთან ერთად იჯდა, გზა მიკროავტობუსმა, ორმა ჯიპმა და "ნივამ" გადაუჭრეს. ბენდელიანი ნიღბოსნებმა მანქანიდან გადაათრიეს, სასტიკად სცემეს და გზაზე დააგდეს, ამირან ბიწაძე კი გაიტაცეს.

მოგვიანებით ბენდელიანი  რუსთავის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ამასობაში კი ბიწაძე გამტაცებლებმა დიღომში ავტოსახელოსნოსთან დააგდეს. ბიწაძემ როგორღაც ხმა მიაწვდინა შორიახლო მოთამაშე ბავშვს, რომლის დახმარებითაც თანაპარტიელებთან დაკავშირება მოახერხა. სასტიკად ნაცემი და ხელმოტეხილი ბიწაძე  ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც მისი თანაპარტიელები ამტკიცებენ, მსოფლიო ჩემპიონს ნასროლი აქვს პლასტიკური ტყვიები, გამოყენებულია ელექტროშოკი, შემდეგ კი ხელზე ავტომანქანით გადაუარეს და მოსტეხეს.

მალე ამირან ბიწაძის კვალს "მემარჯვენეების" აქტივისტი ლევან კარიჭაშვილიც გაუყენეს. 6 აგვისტოს,  დაახლოებით 11-ის ნახევარზე, თამარაშვილისა და ყაზბეგის ქუჩის გადაკვეთაზე  კარიჭაშვილი ავტომანქანაში ჯდებოდა, როცა  ოთხი ნიღბოსანი მიეპარა. კარიჭაშვილი მანქანაში შეაგდეს და გაუჩინარდნენ. ნაცემ-ნაბეგვი ოპოზიციონერი აქტივისტი დუშეთის გზაზე რესტორან "არაგვისპირიდან" დაახლოებით 150 მეტრში ხელფეხშეკრული დააგდეს.

დავით გამყრელიძე: "ლევანს დასალევად "ნაბეღლავს" სთავაზობდნენ, მაგრამ ამისიც შეეშინდა. მითხრა, ორი ყლუპი რომ მოვსვი, გამახსენდა, რომ ასე ნარკოტიკებს აჩეჩებენ და უარი ვთქვიო. ზონდერებისგან თავი რომ დაიხსნა,  "არაგვისპირის" რესტორნის მზარეულმა მიხედა, დაარეკვინა, ფული მისცა და სამარშრუტო ტაქსით თბილისისკენ გამოუშვა.

პოლიციას საშველად მივმართეთ, მაგრამ ნაცემი კარიჭაშვილი ხუთი საათის განმავლობაში გადამალული ჰყავდათ.  ეუბნებოდნენ, თუ ახლა გარეთ გახვალთ, ვერაფერში დაგეხმარებით, გამოძიებაზე უარის თქმა მოგიწევთო. ლევან კარიჭაშვილს ნახევარი საათის განმავლობაში ურტყამდნენ, შემდეგ თავზე რაღაც გადააფარეს, სხვა მანქანაში გადასვეს და დაახლოებით საათ-ნახევრის შემდეგ დუშეთის გზაზე ხელფეხშეკრული დატოვეს. მან თავად მოახერხა ხელ-ფეხის გახსნა. თამარაშვილისა და ყაზბეგის ქუჩის გადაკვეთაზე უამრავი ვიდეოთვალია დამონტაჟებული და, ბუნებრივია, ამას ხელისუფლების წახალისებული ზონდერების მეტი ვერავინ გაბედავდა".

ოპოზიცია თავის წევრებზე თავდასხმას, გატაცებასა და ცემას ხელისუფლებას აბრალებს.

ის, რომ ამ ამბებს ნათელი უახლოეს მომავალში არ მოეფინება, სახალხო დამცველი სოზარ სუბარიც არ მალავს. სავარაუდოდ, ამირან ბიწაძის, ლევან კარიჭაშვილისა და სხვათა საქმეების გამოძიება ისევე უსასრულოდ გაგრძელდება, როგორც ვალერი გელაშვილის, კობა დავითაშვილისა და ასობით ოპოზიციონერის. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად დანაშაული ვიდეოკამერებზეა აღბეჭდილი, სამართალდამცველები ისე დაბრმავდნენ, რომ ფირზე აშკარად აღბეჭდილ სახეებსაც ვეღარ "არჩევენ".

ოპოზიციის განცხადებების პარალელურად ვრცელდება ერთი საინტერესო ინფორმაციაც, რომ "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" რუსთავის რეგიონული ორგანიზაციის ლიდერ ნუკრი შათირიშვილსა და ანზორ ბიწაძეს შორის განხეთქილებაა. ანზორ ბიწაძემ შათირიშვილი ხელისუფლებასთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა, რის შემდეგაც ამირან ბიწაძესა და ნუკრი შათირიშვილს მწვავე კონფლიქტი მოუვიდათ. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ამირან ბიწაძე ფიზიკურადაც გაუსწორდა შათირიშვილს. სწორედ ამ ინციდენტიდან რამდენიმე დღეში გაიტაცეს ამირან ბიწაძე.

ინფორმაციის დასაზუსტებლად ჩვენ ნუკრი შათირიშვილს დავუკავშირდით, მან კი რატომღაც ჩვენი აბუჩად აგდება გადაწყვიტა. თურმე კითხვით, აქვს თუ არა თანაპარტიელებთან  განხეთქილება, დიდი შეურაცხყოფა მიგვიყენებია(?!). მოგვიანებით "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" წევრს, ვახტანგ ყოლბაიას ვთხოვეთ, ამ სიტუაციისთვის ნათელი მოეფინა.

ვახტანგ ყოლბაია: "არ არის გამორიცხული, ეს ხელისუფლების გავრცელებული დეზინფორმაცია იყოს პარტიის წინააღმდეგ, მაგრამ როცა ასეთი ინფორმაცია არსებობს, პასუხის გაცემა აუცილებელია".