"მე არ შემიწყალებია "პოლიტიკური პატიმრები", საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არ არიან" - კვირის პალიტრა

"მე არ შემიწყალებია "პოლიტიკური პატიმრები", საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არ არიან"

მე არ შემიწყალებია "პოლიტიკური პატიმრები", საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არ არიან , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ "ტვიტერზე“ წერს. ამით პრეზიდენტი ეხმაურება ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას მიერ, "ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავასა და საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლების შემდეგ, სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას.

სალომე ზურაბიშვილი ანა ფოტიგას "ტვიტს“ აზიარებს და წერს, რომ მადლობელი იქნება თუკი, აღნიშნული გარემოება მხედველობაში იქნება მიღებული.

"უფრო ზუსტად რომ ვთქვა, მე არ შემიწყალებია "პოლიტპატიმრები“. საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან. მადლობელი ვიქნები, რომ ეს გარემოება მხედველობაში იქნას მიღებული საქართველოში ვითარების კომენტირებისას“ , - წერს სალომე ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ პრეზიდენტის განცხადების შემდეგ, რომელიც გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებას ეხებოდა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მიესალმება პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.

"მივესალმები საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ პოლიტიკური პატიმრების, გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას. საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ მხოლოდ პროგრესს. ველოდები 2020 წლის არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარება", - დაწერა ფოტიგამ

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე 15 მაისს საგანგებო ბრიგინზე განაცხადა.

"ინტერპრესნიუსი"