”კაცს თავის გადარჩენა უნდოდა და ამაზე რა კომენტარი გავაკეთო?!” - კვირის პალიტრა

”კაცს თავის გადარჩენა უნდოდა და ამაზე რა კომენტარი გავაკეთო?!”

ზუგდიდის სასამართლოში "ფერერო როშეს" მარკეტინგის ყოფილი მენეჯერის (ლოჯისტიკის დარგში) ნიკა დალაქიშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დალაქიშვილს ბრალი თაღლითობის რამდენიმე ეპიზოდში ედება.

ბრალდებულმა 24 იანვარს ზუგდიდის სასამართლოს ჩვენება მისცა და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ზაზა გოროზია ქრთამის აღებაში  დაადანაშაულა. დალაქიშვილის თქმით, მან ზაზა გოროზიას სასტუმრო "ქორთიად მერიოტში" რამდენჯერმე გადასცა ჯამში 280.000  დოლარი. გოროზიას საწინააღმდეგო ჩვენების მიცემა დაგვიდასტურა დალაქიშვილის ადვოკატმა სოსო ჯალაღონიამ, მაგრამ დეტალებზე საუბარი არ ისურვა.

"ფერერო როშე" შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი იტალიური ფირმაა. საქართველოში ბიზნესი მან 2007 წელს დაიწყო შვილობილი კომპანია "აგრიჯორჯიას" დაარსებით, რომელშიც წილის 100%-ის მფლობელი თავად იყო.

კახა მიქაია, "ქართUული პარტიის" პოლიტიკური საბჭოს წევრი: - სამეგრელოში ყველამ იცის, რომ "ფერერო როშეს" სამეგრელო -ზემო სვანეთის გუბერნატორი ზაზა გოროზია ლობირებდა. ამ კომპანიის სასარგებლოდ  საკარმიდამო ნაკვეთებიც კი წაართვეს გლეხებს. ამის გამო რამდენჯერმე აქციები გაიმართა ზემო მაზანდარასა და წალენჯიხაში. იმის წინააღმდეგი არა ვარ, ქვეყანაში ინვესტორი შემოვიდეს და საწარმოები გახსნას, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს გლეხებისთვის მიწების წართმევის ხარჯზე. ნიკა დალაქიშვილის გარდა ბენზინის საქმეზე გოროზიას მეგობრები: თემურ ჩიქოვანი, ნიკა გოგოხია და თემურ ბარამიაც ჰყავდათ დაკავებული, მაგრამ ისინი მალე გაათავისუფლეს.

- გოროზიას მეგობრებიც "ფერერო როშეში" მუშაობდნენ?

- არა, ზუგდიდელი ბიზნესმენები არიან, მაგრამ დალაქიშვილთან ერთად ამ "საქმის" კეთება "ფერეროს" სახელის გამოყენებით დაიწყეს. როგორც ვიცი, ამ საქმეში ჩართული იყო მოსკოველი მიხეილ ხუბუტიაც თავისი ფინანსებით.

- ნიკა დალაქიშვილის საქმის დეტალებს კატეგორიულად არ ამხელს მისი ადვოკატი სოსო ჯალაღონია. ინფორმაციის მოპოვება ვერც პროკურატურისგან შევძელით. ცნობილია მხოლოდ ის, რომ დალაქიშვილს ბრალი თაღლითობის რამდენიმე ეპიზოდში ედება.

- გამოძიების მასალებში რა ჩაწერეს, ვერ გეტყვით, მაგრამ საქმე ეხებოდა კონტრაბანდული ბენზინის შემოტანას, გოროზია კი ამ საქმეს მფარველობდა, ბუნებრივია, ანაზღაურების სანაცვლოდ.

გოროზიას ხალხი რომ  ფულს ათეთრებდა, ყველამ იცოდა, მაგრამ თვალს ხუჭავდნენ მანამდე, სანამ როლანდ ახალაიამ არ გაიგო, რომ ამ საქმეში გოროზიასთან ერთად ხუბუტიას ინტერესებიც ფიგურირებდა. კლანური დაპირისპირება ხომ მანამდეც არსებობდა და ეს კარგი საბაბი იყო გოროზიას ჩასაძირად, თორემ ხუბუტიასთან კავშირს თავად ახალაიებიც არ თაკილობენ.

- დაპირისპირების მიზეზი რა იყო?

- აბსოლუტური ძალაუფლება! როლანდ ახალაიამ სვანეთის გაკონტროლება მოინდომა და გოროზიას კადრს, გამგებელ ჭელიძეს მოხსნა დაუპირა. ახალაია ცდილობდა თავისი კაცი დაესვა სვანეთში და ამიტომ გოროზია-ჭელიძის ტანდემს დაუპირისპირდა. ამას შეეწირა ჭელიძე. თუმცა სააკაშვილმა არც გოროზიას და არც ახალაიას კაცი არ გაუშვა თანამდებობაზე და კადრი (თეზიკო ჯაფარიძე)  რურუას კლანიდან შეარჩია.

- თუ ამ ხალხს გოროზია მფარველობდა და მისი მეგობრები იყვნენ, მაშინ რატომ მისცა დალაქიშვილმა გოროზიას წინააღმდეგ ჩვენება?

- იმიტომ, რომ დაკავებული ოთხი კაციდან ციხეში მხოლოდ დალაქიშვილი დატოვეს, რადგან დალაქიშვილი როლანდ ახალაიას გოროზიას ჩასაძირად სჭირდებოდა.

- როგორც შევიტყვე, დალაქიშვილის ადვოკატი სოსო ჯალაღონია ჩხოროწყუს ყოფილი პროკურორი და როლანდ ახალაიას ახლო მეგობარია.

- ვერ გეტყვით, ვინ ვისი მეგობარია, მაგრამ თუ ასეა, ეს უფრო ადასტურებს ჩემს ნათქვამს. თუ დამტკიცდა, რომ დალაქიშვილი ფულს აძლევდა გოროზიას, მისი საქმე, რბილად რომ ვთქვათ, წასულია. რაც მოხდა (დალაქიშვილის ჩვენებას ვგულისხმობ), ნიშნავს, რომ როლანდ ახალაიამ გოროზიას ბრძოლა მოუგო.

- გოროზიას დააპატიმრებენ?

- შეიძლება... უკეთეს შემთხვევაში, განზე გასწევენ და მშვიდად გაუშვებენ "სასწავლებლად". ეს კოზირია გოროზიასთან სავაჭროდ, თორემ დალაქიშვილმა ჯერ კიდევ წინასწარ გამოძიებაში დაკითხვისას განაცხადა, რომ  გოროზიას ფულს უხდიდნენ მფარველობის სანაცვლოდ.

დღეს ხალხს ყოველგვარი მტკიცებულებისა და ჩვენების გარეშე ამწესებენ ციხეში და აგერ კაცი გოროზიას წინააღმდეგ გამოძიებას და სასამართლოს აძლევს ჩვენებას და  მისი დაჭერა გაუჭირდებოდათ?

აქ მთავარი როლანდ ახალაიას ფაქტორია. სინამდვილეში დალაქიშვილი, ბარამია, გოგოხია და ჩიქოვანი გოროზია-ახალაიას დაპირისპირებას ემსხვერპლნენ. ეს ყველაფერი კი იმის მაჩვენებელია, რომ ქვეყანაში კორუფცია კი არ დაამარცხეს, არამედ ელიტური კორუფცია ყვავის და მისი მასშტაბები უკვე ათასებით კი არა, მილიონებით განისაზღვრება.

ჩვენ დავუკავშირდით ზაზა გოროზიას:

- ბატონო ზაზა, ალბათ, იცით, ნიკა დალაქიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ 280.000 დოლარი გადაგიხადათ.

- ამისთანა სისულელეზე კომენტარს არ ვაკეთებ. კაცს თავის გადარჩენა უნდა და მე რა კომენტარი უნდა გავაკეთო?

- მაინცდამაინც თქვენ რატომ დაგადოთ ხელი?

- რეგიონში პირველი პირი ვარ და, ალბათ, იმიტომ.

- მან ადგილიც დაასახელა, სასტუმრო "ქორთიად მერიოტი", სადაც, მისი თქმით, ქრთამს გადმოგცემდათ ხოლმე.

- თქვენ გჯერათ ამ სისულელის?

- დალაქიშვილმა ჩვენება სასამართლოს მისცა.

- თავის გადარჩენის მიზნით ვიღაც რაღაცას იტყვის, კომენტარს ვერ გავაკეთებ.

- როლანდ ახალაიასთან დაპირისპირებული მართლა ხართ?

- რა დაპირისპირება უნდა მქონდეს როლანდ ახალაიასთან? სისულელეა...

- დალაქიშვილთან ერთად დაკავებულებთან ახლობლობაზე რას იტყვით?

- ამ ხალხს ვიცნობ და მათთან ურთიერთობა მქონდა, ისევე როგორც დალაქიშვილთან, რადგან ერთ-ერთი დიდი კომპანიის წარმომადგენლები და ბიზნესმენები იყვნენ...

- ბატონო ზაზა, გახსენდებათ სხვა შემთხვევა, რომ თავის გადარჩენის მიზნით ვინმეს თქვენთვის ხელი დაედოს?

- ჭორად გამიგია.

- სასამართლოში მიცემულ ჩვენებას ვგულისხმობ...

- არა, ასეთი რამ არ ყოფილა...