"ხელისუფლება პრობლემებთან შეჭიდების გარდა არაფერს გეგმავს, მით უმეტეს - რიგგარეშე არჩევნებს" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლება პრობლემებთან შეჭიდების გარდა არაფერს გეგმავს, მით უმეტეს - რიგგარეშე არჩევნებს"

ხალხის შეკითხვები და პრეზიდენტის პასუხები, პირველი პირის მიერ გაკეთებული აქცენტები თუ პასუხგაუცემელი კითხვები გასული პოლიტიკური კვირის მთავარი თემები იყო. ზოგიერთ საკითხზე პრეზიდენტის პასუხმა კიდევ უფრო მეტი კითხვა დაბადა.

ამიტომაც პასუხგაუცემელ კითხვებზე პასუხის მიღება პარლამენტის ვიცე-სპიკერ გიგი წერეთლისგან ვცადეთ:

- პრეზიდენტის განცხადება, ფასების ზრდასა და ინფლაციას მზარდი შემოსავლებით უნდა ვუპასუხოთო, გაუგებარი გახდა იმ მოსახლეობისათვის, რომელიც დაუსაქმებელია და შემოსავლის გაზრდის საშუალება არ გააჩნია.

- კითხვებში რომ სოციალური თემატიკა ჭარბობდა, გასაკვირი არ არის. ფასების ზრდა და ინფლაცია მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის და ამ კითხვას პრეზიდენტმა ადეკვატური პასუხი გასცა: ამ გამოწვევებს განვითარებით უნდა ვუპასუხოთ,  ადამიანებს შესაძლებლობა უნდა მივცეთ დასაქმებითა და მეტი შემოსავლებით. ფასების ზრდის გამო რისკები, რომლებიც თითოეულ მოქალაქეს აქვს, კომპენსირებული უნდა იყოს.

- მაგრამ ეს გრძელვადიანი პროცესია და მოსახლეობას უკვე გაძვირებული პროდუქტის შეძენა უწევს.

- ასეთ ვითარებაში სახელმწიფომ, მაგალითად, საკვები პროდუქტებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების იმპორტიორებს მონოპოლიზებისა და ფასების აწევის საშუალება არ უნდა მისცეს. საქართველოში საამისო მექანიზმები მოქმედებს და ვგონებ, დრამატულად არ უნდა განვითარდეს პროცესები, მაგრამ არის სფეროები, სადაც სახელმწიფოს ჩარევა ნაყოფს ვერ გამოიღებს. საერთაშორისო ეკონომიკური ტენდენციაა ფასების მომატება საწვავსა და ნავთობპროდუქტზე, საწვავის ფასის მატება კი ყოველთვის იწვევს ჯაჭვურ რეაქციასა და პროდუქტზე ფასების ზრდას. სახელმწიფო სხვადასხვა ხერხს გამოიყენებს იმისათვის, რომ პროდუქტზე ფასები კატასტროფულად არ გაიზარდოს. ამ ვითარებაში გადამწყვეტია მთავრობის ეფექტურად მუშაობა: რეზერვების შექმნა, სწორი ფულად-საკრედიტო, საბაჟო და საგადასახადო პოლიტიკა და ხარჯების შემცირება.

- პრეზიდენტმა ილაპარაკა მედიკამენტების მაღალ ფასებზეც. კონკრეტული ღონისძიება ხომ არ იგეგმება ამ პრობლემის გადასაჭრელად?

- კარგია, რომ კანონის საფუძველზე ხარისხიანი მედიკამენტების იმპორტიორებს კარი გაეხსნათ და ამან ძალიან შეასუსტა რამდენიმე მოთამაშის მონოპოლია, რომელთაც შეეძლოთ კარტელური გარიგებები დაედოთ წამლების ფასებზე. მსხვილი კომპანიები წამლების გაიაფებას იწყებენ. თუ ასე არ მოიქცევიან, გამოუჩნდებათ კონკურენტები, რომლებიც დაუბრკოლებლად შემოიტანენ იაფ წამალს. ჩვენთან ფასების რეგულირება არ არის და გადაწყდა, კონკურენციის ხარჯზე დავწიოთ ფასები მედიკამენტებზე.

- ხშირად ამბობენ, რომ მრავალმილიონიანი კონცერტების გამართვას, აჯობებდა, თუნდაც ომის ვეტერანების მკურნალობა დაეფინანსებინა სახელმწიფოს.

- შეიძლება მორალურად გამართლებულიც იყოს, რომ ამ კონცერტების ხარჯით ოპერაცია გაუკეთდეს რამდენიმე კაცს, მაგრამ პრეზიდენტმაც აღნიშნა, რომ ეს კონცერტები ტურიზმის განვითარებას ემსახურება. არავინ არის ვეტერანების თანადგომისა და დახმარების წინააღმდეგი. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ უფრო მეტი უნდა გაკეთებულიყო მათთვის.  საქართველოში თუ ვინმეს ეკონომიკურად უჭირს და მკურნალობა სჭირდება, ვეტერანია თუ არა, ამის მიუხედავად, არსებობს სპეციალური პროგრამა. მიმართონ სახელმწიფოს და  აუცილებლად მიიღებენ ამ პროგრამით დახმარებას, მით უმეტეს, რომ ვეტერანთა პროგრამა არ გაუქმებულა.

- დევნილთა გამოსახლების ფორმა საზოგადოებამ არ მოიწონა. რა გასაკვირია, რომ მათ არ უნდოდეთ იქ გადასვლა, სადაც დასაქმების ნაკლები შანსი აქვთ.

- უფრო მშვიდობიანადაც შეიძლებოდა დევნილთა განსახლება, მაგრამ ერთი-ორი არასასიამოვნო ფაქტის ან ვიღაცის შეცდომის გამო არ შეიძლება თქმა, რომ დევნილთა განსახლება უსამართლოდ წარიმართა. ვიცი, რომ ფოცხოეწერში დიდ ბიზნესს ვერავინ წამოიწყებს, მაგრამ იქ არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება და საწარმოს გახსნა იგეგმება. როდესაც ოჯახი გადადის ისეთ ადგილას, სადაც დასაქმების საშუალება არ არის, ვფიქრობ, მისთვის დახმარების სხვადასხვა ფორმა უნდა გამოიძებნოს.

- ექსპერტების პროგნოზით, საქართველოში იმდენი პრობლემა დაგროვდა, სოციალური აფეთქებაა მოსალოდნელი, რასაც რიგგარეშე არჩევნებიც მოჰყვებაო.

- შეთქმულების თეორიების დაშვება ყოველთვის შეიძლება, მაგრამ დასკვნა რეალობიდან უნდა გამოვიტანოთ. ხელისუფლების არც ერთ მოქმედებაში არ ჩანს, რომ მას პროცესების დაძაბვა სურს ან არჩევნებისთვის ემზადება. ხელისუფლება პრობლემებთან შეჭიდების გარდა არაფერს გეგმავს, მით უმეტეს - რიგგარეშე არჩევნებს. ეს ვარაუდები ოპოზიციის შიშის ნაყოფია. ერთხანს ოპოზიცია თავად ითხოვდა რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს, მაგრამ ზოგიერთი პოლიტიკური ძალისათვის შედეგი ძალიან ცუდი აღმოჩნდა და ახლა ამბობენ, არჩევნები ჩვენ კი არა, ხელისუფლებას უნდაო. ეს ერთგვარი პრევენციაა, რომ რიგგარეშე არჩევნები არ ჩატარდეს და კიდევ უფრო დიდი მარცხით არ დასრულდეს ზოგიერთი პოლიტიკური ძალისთვის.

- ოპოზიცია ხშირად აკრიტიკებს ხელისუფლებას, რომ "ქამრების შემოჭერის" პოლიტიკა მხოლოდ მოსახლეობაზე ვრცელდება და არა ხელისუფლების წარმომადგენელთა ხელფასებსა და პრემიებზე.

- შეიძლება ვინმემ სადღაც არასწორადაც გამოწერა პრემია, მაგრამ წლევანდელ ბიუჯეტში ხარჯები შემცირებულია.  პარლამენტში წელიწადში მხოლოდ ერთხელ გაიცემა პრემია. თუ არ ვცდები, პარლამენტმა 3 მილიონი დაფინანსება მოიკლო.

- მინდა გკითხოთ ვერა ქობალიას სავარაუდო გაპრემიერებაზეც.

- ვერა ქობალია დანიშვნის დღიდან აქტიურად მუშაობს, პრინციპულიც არის. მისი პოტენციალი მომავალში კიდევ უფრო გამოჩნდება. არა მგონია, ახლა ვერა პრემიერობაზე ფიქრობდეს, მით უმეტეს, რომ საქართველოს საკმაოდ აქტიური პრემიერი ჰყავს.