"ვნახავთ, ვინ სუსტია და ვინ - ძლიერი" - კვირის პალიტრა

"ვნახავთ, ვინ სუსტია და ვინ - ძლიერი"

მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა ოპოზიციის სამი წლის წინანდელი "ძირგამომთხრელი" საქმიანობა გაიხსენა, მერე კი თვალში საცემი კმაყოფილებით აღნიშნა, ასეთი სუსტი ოპოზიცია უფრო მაწყობსო, რესპუბლიკელ დავით უსუფაშვილს პრეზიდენტის შეფასებებზე ვთხოვეთ კომენტარი:

- სააკაშვილს შეფასებები დიდი ხანია უჭირს. ძირგამომთხრელ საქმიანობას ვინც ეწევა, ფაქტები მოწმობს.  სწორედ ძირგამომთხრელი და გაუაზრებელი საქმიანობის გამო გაუშვეს უნიკალური შანსი ხელიდან, რომ ქვეყანა ფეხზე  დამდგარიყო.  თუ სააკაშვილი ოპოზიციურ პარტიებს "ნაციონალურ მოძრაობას" ადარებს, "ნაციონალური მოძრაობის" სისუსტე სრულიად აშკარაა. მას სჭირდება არჩევნების მოსაგებად პოლიციის დახმარება, ბიუჯეტიდან მილიონების მობილიზება, "ჯიბის მედიის" პროპაგანდა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. სააკაშვილს საარჩევნოდ ათასგვარი ხრიკისა და საშუალების გამოძებნა სჭირდება წარმატების მისაღწევად. ამიტომ ვეუბნებით "ნაციონალურ მოძრაობასა" და მის ლიდერ სააკაშვილს, დათანხმდნენ პატიოსან, სამართლიან პოლიტიკურ ბრძოლას და მერე ვნახავთ, ვინ სუსტია და ვინ - ძლიერი.

სააკაშვილის ხელისუფლების ხელში პოლიტიკური ბრძოლა ჰგავს რინგს, სადაც ერთ მოკრივეს ხელთათმანები უკეთია, მეორეს კი - "კალაშნიკოვის" ავტომატი უჭირავს.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" იცის, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში არ ეყოლება კონკურენტუნარიანი კანდიდატი, რადგან სააკაშვილზე არიან ჩამოკიდებული და ამიტომ კონსტიტუციაში შეიტანეს ცვლილებები, - ძლიერი პრეზიდენტის გარეშეც ძლიერები ვიყოთ და პრემიერ-მინისტრი გახდეს მთავრობის მთავარი ფიგურაო. "ნაციონალური მოძრაობა" თავისი პოლიტიკური ამოცანების შესაბამისად ჭრის და კერავს კონსტიტუციას.

- პრეზიდენტის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებზე ოპოზიციის კანდიდატმა წარმატებას იმიტომ ვერ მიაღწია, რომ "ჯიგრულ" ცხოვრებას ჰპირდებოდა ხალხს და პროგრამაც კი არ ჰქონდა.

- სააკაშვილს არც კითხვა უყვარს და არც წერა. ამიტომ მეეჭვება, ოპოზიციის პროგრამა წაეკითხა. გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე მაშინ გულწრფელად ამბობდა, 6 თვით მოვდივარ პრეზიდენტად, ქვეყანა დალაგდეს და მერე წავალო.

- მეორე ტურისთვის ოპოზიციამ რატომ არ განაგრძო ბრძოლა? თუ ბურჯანაძეს დავუჯერებთ, მიზეზი ის იყო, რომ გაჩეჩილაძემ პრეზიდენტთან შეხვედრისას ბავშვობის ოცნებებზე ჩამოაგდო სიტყვა და მიანიშნა, თუ ამისრულებ, ბრძოლას არ გავაგრძელებო.

- მეორე ტურზე უარი სააკაშვილმა თქვა, რადგან იცოდა, მეორე ტურში დამარცხდებოდა. ამისათვის გააყალბა პირველი ტურის შედეგები და არ დაუშვა მეორე ტურის ჩატარება. რაც შეეხება სააკაშვილთან ლევან გაჩეჩილაძისა და ჩემს შეხვედრას, ლევანს არ ულაპარაკია საადგილმამულო ბანკზე.

- ნინო ბურჯანაძე საპირისპიროს აცხადებს.

- ბურჯანაძე ძალიან ბევრ ნათქვამში გაიჭედა და როგორც ჩანს, ამიტომ გაჩუმდა.

- როგორ წარმოგიდგენიათ ხელისუფლებაში მოსასვლელად ბრძოლა?

- ერთადერთი გამოსავალი სამართლიანი არჩევნების ჩატარებაა და ქართველი ხალხი გადაწყვეტს, ვინ ღონიერია და ვინ სუსტი. თუ ხელისუფლებას სამართლიანი არჩევნების არ ეშინია, დაუშვას თავისუფალი არჩევნები. ამის მისაღწევად რესპუბლიკური პარტია რვა პარტიასთან ერთად მუშაობს და დარწმუნებული ვართ,  წარმატებას მივაღწევთ. სააკაშვილის ხელში ქვეყანას უარესი კატაკლიზმები ელის და უნდა ვეცადოთ, ავიცილოთ თავიდან.