ოკუპირებული ცხინვალის "კგბ" თბილისსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას "სამხრეთ ოსეთის" მოქალაქეებისთვის ბიოლოგიური ნიმუშების აღებაში ადანაშაულებს - კვირის პალიტრა

ოკუპირებული ცხინვალის "კგბ" თბილისსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას "სამხრეთ ოსეთის" მოქალაქეებისთვის ბიოლოგიური ნიმუშების აღებაში ადანაშაულებს

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტი თბილისში მდებარე ლუგარის ლაბორატორიას "სამხრეთ ოსეთის" მოქალაქეებისთვის "ბიოლოგიური მასალის აღებაში" ადანაშაულებს, რაც მათივე განცხადებით, "სამხრეთ ოსეთის გენოციდის გაგრძელებას ემსახურება".

ე.წ. კომიტეტის განცხადებაში წერია, რომ "ქართულ-ოსურ საზღვართან" ქართული სამედიცინო კლინიკის მანქანა დააფიქსირეს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, იგივე კლინიკის ავტომობილი მოგვიანებით "საზღვრის" სხვა მონაკვეთზეც გამოჩნდა. მათივე თქმით, ორივე შემთხვევაში "ქართველი ექიმების ფარულ გადაადგილებას" უზრუნველყოფდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ეკიპაჟები.

ე.წ. კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე საუბარია, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლები პირდაპირ კავშირში არიან ქართული მხარის გეგმებთან, "მოაგროვონ ოსეთის მოქალაქეების ბიოლოგიური ნიმუშები მათი საზღვარზე უკანონოდ გადაყვანით".

"ინტერპრესნიუსი"