"ჯარისკაცს გენერლობას რომ მისცემ, ის უფრო გიერთგულებს თუ პოლკოვნიკი, რომელმაც გენერლობამდე გრძელი გზა გაიარა?" - კვირის პალიტრა

"ჯარისკაცს გენერლობას რომ მისცემ, ის უფრო გიერთგულებს თუ პოლკოვნიკი, რომელმაც გენერლობამდე გრძელი გზა გაიარა?"

"ადამიანის ფსიქიკის სრული კონტროლი შესაძლებელი თუ გახდა, მაშინ სამყაროს არსებობაც დამთავრდება".

World Economic Forum-ის იმ კვლევაში, რომელიც საქართველოს შეეხებოდა, ისეთი ციფრები ამოვიკითხე, გადავწყვიტე, ფსიქოლოგ ზურაბ მხეიძისთვის ჩვენი საზოგადოების ფსიქოემოციური მდგომარეობის შეფასება მეთხოვა:

- World Economic Forum-ის კვლევის თანახმად, საქართველო ბიზნესის დაწყების მიხედვით მსოფლიოში მესამე ადგილზეა, მაგრამ 93-ე ადგილზე ვართ კერძო საკუთრების დაცვის მხრივ. რაზე მეტყველებს ეს ციფრები და ხედავთ თუ არა ამ ციფრებში ერთგვარ წინააღმდეგობას?

- ეს ციფრები იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოში ბიზნესი დაუცველია. თუმცა ამ ციფრებში შეუსაბამობა არ არის. საბუთების მოგროვებასა და საწარმოს დარეგისტრირებას ჩვენთან მართლაც მცირე დრო სჭირდება, მაგრამ სხვა საქმეა, როდესაც საკუთრების დაცვის მიხედვით ქვეყანა 93-ე ადგილზეა, რამდენად ექნება მოქალაქეს მოტივაცია ბიზნესი დაიწყოს. ბიზნესის დაწყების სურვილი არც გაგიჩნდებათ, როდესაც თქვენი საკუთრება დაცული არ არის და იცით, რაც გელით. ამ შემთხვევაში ციფრებით მანიპულაციასთან გვაქვს საქმე. ხელისუფლება შერჩევით იმ ციფრებით იწონებს თავს, რაც მის მაღალ ადგილს აჩვენებს. მაგალითად, თუ ყველაზე მაღალი და საშინელი ვარ, არ ვილაპარაკებ იმაზე, რომ პირველი ადგილი ამისთვის მომცეს და ვიტყვი, რომ პირველ ადგილზე სიმაღლის მიხედვით ვარ.

- თუ ხელისუფლებას დავუჯერებთ, სიღარიბის დონემ 60%-ით დაიწია ქვეყანაში, სადაც, ასევე ხელისუფლების თქმით, დაახლოებით 500 ათასი დევნილია.

- ფაქტია, რომ აქაც მანიპულაციასთან გვაქვს საქმე. მაგალითად, ჩვენთან ამბობენ, რომ ინფლაცია არ არის, მაგრამ როდესაც სპეციალისტებს ვკითხე, ამიხსნეს, რომ ინფლაციის დონის განსაზღვრისას ბევრი პარამეტრის გაანგარიშება ხდება, მათ შორის - უძრავი ქონების ფასისაც. უძრავი ქონების ფასი იმიტომ არ იზრდება, რომ ვისაც საყიდელი ჰქონდა, ყველამ იყიდა, დანარჩენს ყიდვის უნარი არა აქვს. მითხრეს, ამ დაანგარიშებიდან უძრავი ქონება რომ ამოვიღოთ, ინფლაციის მაჩვენებელი დაახლოებით 40%-მდე იქნებაო. ამდაგვარი გათვლებით ხდება საჩვენებელი შედეგის მიღწევა, რაც თითქოს წარმატებულობაზე მიანიშნებს და რეალობასთან კავშირი არა აქვს.

- როდესაც სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებული 100253 კაციდან 77 ათასი ძალოვან სტრუქტურებშია დასაქმებული, ალბათ, ესეც იძლევა დასკვნის საფუძველს.

- ეს ციფრები ძალიან კარგად აჩვენებს, რა ტიპის სახელმწიფო გვაქვს, რაზე აკეთებს აქცენტს სახელმწიფო და რა არის მისი დასაყრდენი.

თბილისის გარეუბნებში ინფრასტრუქტურა, ძირითადად, მოუწესრიგებელია, მაგრამ ერთადერთი შენობა, რომელიც კარგად განათებული და გარემონტებულია, პოლიციისაა. ამით ჩანს, რა არის სახელმწიფოს პრიორიტეტი.

გარდა იმისა, რომ პოლიცია ბიუჯეტიდან კარგად ფინანსდება, ის ყველაზე გამართულად მუშაობს ეკონომიკური თვალსაზრისითაც. ადმინისტრაციული ჯარიმებით, მგონი, პოლიციას მეტი შემოსავალი აქვს, ვიდრე რომელიმე ფაბრიკას ან ქარხანას. რადგან პრიორიტეტული ორგანო პოლიციაა, ის ფინანსურადაც და რაოდენობრივადაც ძლიერია. ამ  ძლიერ სადამსჯელო სტრუქტურას ემყარება ხელისუფლებაც.

არანორმალურ მოვლენად მიმაჩნია ასევე ის, რომ სახელმწიფო სამსახურებში ხელფასებზე მეტი პრემიები აქვთ. ამ შემთხვევაშიც მიზანი ხელისუფლებისადმი ლოიალურობის გაზრდაა და მის მოსაპოვებლად ხელისუფლებამ კიდევ ერთ აპრობირებულ ხერხს მიმართა.

როდესაც ადამიანი არაფერს წარმოადგენს და მას აქცევთ ყველაფრად, ის თქვენი ერთგული იქნება, რადგან იცის, თქვენ რომ არ იყოთ, თავად არაფერი იქნება.

ასეთი ადამიანი სამართავადაც ადვილია. ჯარისკაცს გენერლობას რომ მისცემ, ის უფრო გიერთგულებს თუ პოლკოვნიკი, რომელმაც გენერლობამდე გრძელი გზა გაიარა? 23 წლის კაცი მინისტრი რომ გახდება, მან ხომ იცის, რომ ეს ხელისუფლების დამსახურებაა და არა მისი. ამიტომაც ექნება მას ერთგულების მაღალი ხარისხი.

- ჩვენს ქვეყანაში 12 ათასი სისხლის სამართლის საქმიდან მხოლოდ შვიდი გამამართლებელი განაჩენი გამოიტანეს. გამოდის, 30-40-იან წლებში მოქმედი "ტროიკები" ბევრად ლოიალური ყოფილან ჩვენს სასამართლოზე, რადგან მაშინ გამამართლებელი განაჩენის რაოდენობა 17% იყო.

- ჩემმა ადვოკატმა მეგობრებმა მითხრეს, ადვოკატობა საპროცესო გარიგების დროს შუამავლის პროფესიად გადაიქცაო.

აზრი არა აქვს, სასამართლოში რაიმე დოკუმენტის წარდგენას. ერთხელ დავინტერესდი, ერთსა და იმავე საქმეში დადანაშაულებულ პირებს რატომ ეკისრებოდათ სხვადასხვა ოდენობის თანხის გადახდა საპროცესო გარიგების დროს. მეგონა, ეს ადვოკატის პროფესიონალიზმზე იყო დამოკიდებული. აღმოჩნდა, რომ თურმე წინასწარ შეისწავლიან, დაკავებულს რამდენის გადახდა შეუძლია და აკისრებენ იმ ოდენობის თანხას, რის გადახდასაც ქონების გაყიდვით შეძლებს(!).

- კვლევით ასევე დადგინდა, რომ საქართველოს მოსახლეობის 35% იტანჯება, 55% დაძაბულია და მხოლოდ 10% ხალისობს. ეს ერის როგორ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე მეტყველებს?

- ასეთ სტატისტიკას სოციალური პრობლემებიც იწვევს, მაგრამ ქართველებს უფრო უსამართლობაზე უჩნდებათ ხოლმე პროტესტი. რადგან საზოგადოების ამდენი პროცენტი იტანჯება და დაძაბულია, ეს ნიშნავს, რომ ბევრი პრობლემა დაგროვდა. ჩემი აზრით, დაძაბული მოქალაქეების რაოდენობა 55%-ზე მეტი უნდა იყოს. ხოლო თუ გაინტერესებთ, ვინ არის ის ხალისიანი 10%, უყურეთ "იმედზე" "თბილისი ლაივს". შეიძლება ადამიანი უკიდურესად დაძაბულ პირობებშიც გახალისდეს. დიდხანს ვერ იქნება შიშის მდგომარეობაში, რადგან ეს ფსიქიკას უნგრევს.

შიში უარყოფითი ემოციაა და მისგან თავის დასაღწევად ადამიანს ორი გზა აქვს: უარყოფითი ემოციისაგან გარიდება ან აგრესია შიშის გამომწვევი ობიექტის მიმართ. ამიტომაც წავიდა ბევრი ჩვენი მოქალაქე უცხოეთში, ბევრს პროტესტი აქვს, ბევრი კი რეალობიდან გაქცევის მიზნით სვამს.

ადამიანზე ასევე უარყოფითად აისახება განცდა, რომ ყველგან უთვალთვალებენ, მაგრამ ბუნებაში ფიზიკის კანონებიც მოქმედებს - რაც მეტია დაწოლა, მით უფრო მეტია საპირისპირო მოქმედება. თუ ადამიანის ფსიქიკის სრული კონტროლი შესაძლებელი გახდა, მაშინ სამყაროს არსებობაც დამთავრდება.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა პრემიერად ვერა ქობალია დანიშნონ. ზოგმა ეს საზოგადოებისთვის გამიზნულ ფსიქოლოგიურ ტესტად მიიჩნია.

- ასეც რომ იყოს, გაგიკვირდებათ? ამ ხელისუფლებამ 21-22 წლის ახალგაზრდებს გაუჩინა განცდა, რომ შეუძლიათ მინისტრები გახდნენ. თქვენ რომ 22 წლის იყოთ და მინისტრობა გინდოდეთ, ალბათ, შეხვიდოდით "ნაციონალურ მოძრაობაში" და უცხოური განათლების სერტიფიკატის მოპოვებაზე იფიქრებდით. ამ ასაკის ახალგაზრდებში გამოკითხვა რომ ჩაატაროთ, როგორ გავხდე მინისტრი, არავინ გეტყვით, რომ ამისთვის ბევრი უნდა ისწავლოს, შემდეგ იშრომოს და ა.შ., რადგან უამისოდაც, შეიძლება გამინისტრება.

რატომ ჩააცივდნენ ვერა ქობალიას, სხვა ყველა კომპეტენტური კადრი გვყავს? ერთადერთი უწყება, რომელიც ავად თუ კარგად მუშაობს, შს სამინისტროა.

ხელისუფლების საზოგადოებასთან დიალოგისას ხშირად ბევრ ტყუილს ვისმენთ, მაგრამ ეს იმაზე არ არის გათვლილი, საზოგადოება მოტყუვდება თუ არა. მთავარია, ამას ვიღაც იჯერებს და ეს მანამ გაგრძელდება, სანამ ხალხს გაკრიტიკებისა და პროტესტის გრძნობა არ გაუჩნდება. მაგრამ ჩვენთან პროტესტიც საზოგადოების ერთი ნაწილისთვის სანახაობაა. თუ პროტესტით შოუ არ დაიდგა, საზოგადოების სოლიდარობა ნულის დონეზეა. ჩვენი უბედურება ინფანტილიზმშია, ჩვენს გასაკეთებელზე ნაკლებად ვფიქრობთ.

როცა კარგად ხარ, რაღაცის შეცვლას არ ფიქრობ, მაგრამ, როცა კრიზისია, ეს ადამიანის განვითარებას სტიმულს აძლევს. ჩვენს საზოგადოებას ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე წაყრუება დასჩემდა. ამას წინათ ჩემი მეგობარი იყო ესპანეთში და მითხრა,  ინგლისურად არავინ დამელაპარაკა, ვინც ჩამოვა, ჩვენი ენა ისწავლოსო. ასეთია ესპანელების აზრი. ჩემი ახლობელი ჩეხეთში მაგისტრატურაში აპირებდა სწავლის გაგრძელებას და უთხრეს, თუ ჩეხურად ჩააბარებ, უფასოდ გასწავლით, თუ ინგლისურად - გადახდა მოგიწევსო. ჩვენ გარდა ყველა უფრთხილდება თავის ენას.

რა მნიშვნელობა აქვს, რუსი ჩამიწერდა კონსტიტუციაში, სახელმწიფო ენა რუსულიაო თუ აქ შექმნიდნენ ისეთ გარემოს, რომ, თუ ინგლისური ენა არ იცი, სამსახურში არ მიგიღებენ.  ეს მოდა კონსტიტუციური ძალის მქონე გახდა. ტელეჟურნალისტები ხშირად ამბობენ, ივენთი მქონდა კახეთში და ვიკენდი - სვანეთშიო. უცნაური ტენდენციაა, იმისათვის, რომ ვიღაცამ თავისი "დონე" აჩვენოს, ეს სიტყვები უნდა იხმაროს.

ნაირა გელაშვილმა კარგად თქვა, იმდენად გოიმები ვართ და ისე გვეშინია, გოიმი არავინ დაგვიძახოს, რომ ყველანაირ გოიმობას ვიღებთო. ამათ ყველაფერი გააკეთეს, რომ ქართველობა ჩამორჩენილობასთან ასოცირდებოდეს. ახალი ტერმინიც შემოიღეს - "გრუზინული". თუ ვინმეს ეტყვიან, "გრუზინი" ხარო, ნიშნავს,  ქართული მენტალიტეტი გაქვს, შე საწყალოო.

ქვეყანაში პრობლემები მრავლად დაგროვდა და ვფიქრობ, შექმნილი კრიზისი ქვეყნის განვითარებას ბიძგს მისცემს, რათა ჩიხიდან გამოსასვლელი გზა გამოინახოს.