ოპოზიციაში ვის მოსწონს და ვის არა პრემიერობის კანდიდატად გიორგი ვაშაძე და შეინარჩუნებს კი ოპოზიცია ერთიანობას არჩევნებამდე?
ოპოზიციაში ვის მოსწონს და ვის არა პრემიერობის კანდიდატად გიორგი ვაშაძე და შეინარჩუნებს კი ოპოზიცია ერთიანობას არჩევნებამდე?
ფოტო:გიორგი ვაშაძე, თაკო ჩარკვიანი, გუბაზ სანიკიძე
გუბაზ სანიკიძე - რაჭაში და გრიგოლ ვაშაძე - ქუთაისში?!

საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია ნელ-ნელა აქტიურ ფაზაში შედის. ჯერჯერობით გაურკვეველი საარჩევნო სისტემის მიუხედავად, ოპოზიციამ ერთიან მაჟორიტარულ კანდიდატებზე აქტიური მსჯელობი დაიწყო. უფრო მეტიც, როგორც ამბობენ, შალვა ნათელაშვილის შტაბში შეკრებილმა ლიდერებმა თბილისსა და თუ რეგიონში მანდატების განაწილებაზეც იმსჯელეს. თუმცა სულაც არაა გამორიცხული, ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში შესაშური ერთობის დემონსტრირება არჩევნების მოახლოვებასთან ერთად, დასრულდეს და საერთო კანდიდატებზე მსჯელობა ამაო აღმოჩნდეს.

თუმცა ვიდრე ოპოზიციურ სპექტრში ამბიციები
კიდევ ერთხელ წინა პლანზე წამოვა "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე, "გამარჯვებული საქართველოს" დამფუძნებელი ირაკლი ოქრუაშვილი და "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგი უგულავა არ გამორიცხავენ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარულ ოლქებში ოპოზიციის საერთო კანდიდატები იყვნენ. kvirispalitra.ge - სთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ ირაკლი ოქრუაშვილი ისევ გორში
აპირებს კენჭის ყრას, მისი თანაპარტიელი გუბაზ სანიკიძე რაჭველების გულის მოგებას გეგმავს. პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე კი თურმე ისევ ქუთაისში ფიქრობს პარლამენტში შესვლას. რაც შეეხება გიგი უგულავას, შალვა ნათელაშვილს და სხვა ლიდერებს ისინი მაჟორიტარულ ოლქებს თბილისში გადაინაწილებენ. მაგრამ ჯერჯერობით სავარაუდო კანდიდატები ზუსტად ვერ ასახელებენ იმ ოლქებს, სადაც კენჭს იყრიან.

გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, რომ 1-2 კვირის ვადაში ყველა პარტია, რომელიც ოპოზიციურ გაერთიანებაშია, საბოლოოდ ჩამოყალიბდება, მაჟორიტარების შესახებ შეთანხმებაში მონაწილეობას მიიღებს თუ არა, რის შემდეგაც საუბარი უფრო კონკრეტული გახდება. თუმცა აღნიშნავს, რომ თავად თბილისში გეგმავს მაჟორიტარად კენჭისყრას ოპოზიციასთან ერთად.

"რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს, ამაზე გვქონდა ზოგადი საუბარი, არა კონკრეტული. ალბათ, 1-2 კვირის ვადაში ყველა პარტია ჩამოყალიბდება, მონაწილეობს თუ არა მაჟორიტარების შეთანხმებაში. მე პირადად ვმონაწილეობ და ვაპირებ მაჟორიტარობასაც, სავარაუდოდ, თბილისში", - აღნიშნა ვაშაძემ.

"ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე კი ამბობს, რომ პროპორციულ ნაწილში რომელიმე პარტიასთან გაერთიანებით მონაწილეობაზე საუბარი ჯერ ადრეა. თუმცა, მაჟორიტარულ ოლქებზე ფიქრობს, რომ მინიმუმ შეთანხმება შეიძლება. თუმცა იყრის თუ არა თავად კენჭს რომელიმე რეგიონში უცნობია. ბურჯანაძე ფიქრობს, რომ ამაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა. თუმცა ერთ-ერთი ვერსიით, ბურჯანაძეს მშობლიურ ქუთაისში უნდა კენჭის ყრა, რაც ოპოზიციური ერთობის წევრებს მაინც და მაინც არ მოსწონთ.

ოქრუაშვილი ამბობს, რომ ბრძოლის წინა ხაზი ახლა მაჟორიტარულ ოლქებზე გადის და მიიჩნევს, რომ ოპოზიციის ლიდერები ამ ბრძოლაში ერთობლივი ძალებით უნდა ჩაერთონ.
ირაკლი ოქრუაშვილი
"საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებთან დაკავშირებით აქტიურ ფაზაშია გადასული მოლაპარაკებები, ისევე, როგორც ვიმსჯელეთ დღეს, 20 ივნისის სავარაუდო აქციასთან დაკავშირებით, გიორგი რურუას გათავისუფლებასთან დაკავშირებით. დრო გვაქვს, რომ საერთო სტრატეგიაზე კიდევ ერთხელ ჩამოვყალიბდეთ.
დარწმუნებული ვარ, გვექნება საერთო მაჟორიტარებზე შეთანხმების სტრატეგია. კონკრეტულ კანდიდატებზე ჯერ არ არის ლაპარაკი, ერთმნიშვნელოვნად ვიქნები მაჟორიტარი, თუმცა სად, ამას მოგვიანებით გეტყვით. ყველა უნდა წავიდეს ბრძოლის წინა ხაზზე, მაჟორიტარული ოლქები არის ბრძოლის წინა ხაზი", - ამბობს ირაკლი ოქრუაშვილი.

მაჟორიტარულ ოლქებში ოპოზიციის კოორდინაციას მიესალმებიან "რესპუბლიკურ პარტიაშიც", თუმცა დავით ბერძენიშვილის განცხადებით, არ აქვს განცდა, რომ თავად უნდა იყაროს კენჭი და ეს ოპოზიციის სპექტრის შეთანხმების საგანია.

"თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა კი ოპოზიციურ სპექტრში ერთიან მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს არ აპირებს, თუმცა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით"ლეიბორისტების" ოფისში შეხვდერებს ესწრება.

"ვესწრები მხოლოდ იმ შეხვედრებს, რომელიც იმართება საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით. რაც შეხება სხვა თემებს იქნება ეს პატიმრები თუ მაჟორიტარები ამ საკითხში ჩვენ არ ვმონაწილეობთ და არც ამის ინტერესი გვაქვს.
გიორგი ვაშაძის კანდიდატურას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ჯერჯერობით მხოლოდ თაკო ჩარკვიანმა დაუჭირა მხარი. "გიორგის პატის ვცემ ახალგაზრდაა, მაგრამ იმ ხედვებს რომელიც მას და მის კოალიაციას აქვს პრინციპულად არ ვიზიარებთ".

"თავისუფალი საქართველო" აპირებს რომ დამოუკიდებლად დააყენოს 30-ივე ოლქში თავის კანდიდატები და ამ ეტაპზე რომელიმე ოპოზიცვიურ ძალასთან კანდიდატების დაყენებას არ ვაპირებთ", - უთხრა kvirispalitra.ge-ს კუკავამ.

თავად ჩარკვიანი კი ამბობს, მის მიერ დასახელებულმა პრემიერობის კანდიდატმა გიორგი ვაშაძემ მისი კოლეგებში დიდი მოწონება დაიმსახურა. თუმცა ამაზე გადაწყვეტილება ჯერ ძალიან ადრეა. სამუშაო პროცესში ვიმყოფებით. რაც შეეხება მაჟორიტარად წამოაყენებს თუ არა მის კანდიდატურას, ჩვენს კითხვაზე ჩარკვიანმა მხოლოდ ის გვიპასუხა, რომ მისი პარტია არჩევნებში მონაწილეობას ოპოზიციური გაერთიანების "ძალა ერობაშია" ფარგლებში მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ ოპოზიციის გაერთიანების მცდელობა საქართველოს მოსახლეობას არა ერთხელ ახსოვს. თითქმის ყველა არჩევნების წინ ამის კონტურები ჩნდებოდა, მაგრამ არჩევნების მოახლოვებასთან ერთად უკვალოდ ქრებოდა და პარტიების ძალაუფლების სურვილი დაპირისპირების საგნად არა ერთხელ ქცეულა. ამიტომ სულაც არაა გამორიცხული ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში შესაშური ერთობის დემონსტრირება არჩევნების მოახლოვებასთან ერთად დასრულდეს და საერთო კანდიდატებზე მსჯელობა ამაო აღმოჩნდეს.
გია ხუხაშვილი
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ საქართველოში ოპოზიციური სპექტრი არაპროგნოზირებადია. "გაერთიანების კუთხით ოპოზიციამ შეიძლება რაღაც მოახერხოს, მაგრამ თუ კონსტიტუციური ცვლილებები შევიდა ძალაში და 30 მაჟორიტარი იქნება არა მგონია, ეს საკითხი ძალიან პრინციპული იყოს. ალბათ რაღაცაზე შეძლებენ შეთანხმებას, რაღაზე - ვერა. არაპროგნოზირებადია ჩვენი პოლიტიკური ელიტა. ძალიან უყვართ მეგობრობის იმიტაცია. მაგრამ რეალური მეგობრობა ჩვენ არ გვინახავს.

რაც შეეხება გიორგი ვაშაძეს, დიდ პოლიტიკურ ფიგურას არ წარმოადგენს, ამიტომ როგორც კომპრომისული ვარიანტი ამის დაშვება შეიძლება. მაგრამ ეს წარდგენები არის პოლიტტექნოლოგიური საკითხი. თორემ არჩევნების მოგება ოპოზიციისთვის პრობლემატური იქნება. ზოგადად კი ოპოზიციის ამ ფრათაში ვაშაძე ნამდვილად შედარებით უკეთესად გამოიყურება, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ სხვა ოპოზიციაც არსებობს რომელიც ამ გაერთიანებაში არ არის", - უთხრა kvirispalitra.ge-ს გია ხუხაშვილმა.

ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძეს კი ერთიან მაჟორიტარ კანდიდატებზე მსჯელობა უსაგნოდ მიაჩნია. მისი აზრით, ოპოზიცია ამით უბრალოდ თემის გააქტიურებას ცდილობს.

"ოპოზიციის ეს აქტიურობა გამოწვეულია იმით, რომ თემების ნაკლებობას განიცდიან და ამით გააქტიურებას ცდილობენ. რეალურად კი როდესაც არ ვიცით, რომელი ოლქები იქნება და ამ დროს მაჟორიტარ კანდიდატებზე მსჯელობა, სრულიად არარეალურია. როდესაც საარჩევნო სისტემა ჩამოყალიბდება მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი რეალურ კანდიდატებზე მსჯელობა და ასევე იმაზე რამდენად შეინარჩუნებს ოპოზიცია ერთიანობას. ზოგადად კი ნათელაშვილის შტაბში შეკრებილი პარტიები დღესვე აცხადებენ, რომ დამოუკიდებლად გავლენ არჩევნებზე.
ვახტანგ ძაბირაძე
გიორგი ვაშაძემ თქვა, რომ 2 წლის წინ სააკაშვილი მიჭერდა მხარსო. მაგრამ როგორც ახლა ვნახე "ნაციონალური მოძრაობა" მის მხარდაჭერაზე თავს იკავებს. ვაშაძე კი მზადაა ეს პასუხიმსგებლობა აიღოს, მაგრამ "ნაციონალური მოძრაობა" მზად არ არის ეს პასუხისმგებლობა ვაშაძეს გადააბაროს?!. ვაშაძე არ არის უკონკურენტო ლიდერი ამ გაერთიანებაში.

"ნაციონალური მოძრაობა" თუ ნახავს, რომ ეს წვრილი პარტიები არანაირ დადებით შედეგს არ აძლევს, მაშინ ეს პარტია მათთან თანამშრომლობას არ მოისურვებს.

ადგილებზე, იგივე საარჩევნო კომისიებში "ნაციონალური მოძრაობის" ხალხმა რატომ უნდა იმუშავოს წვრილ-წვრილ პარტიებზე?! -  ეს საკითხი თავად პარტიაში გამოიწვევს განხეთქილებას. ამიტომ ოპოზიციის გაერთიანების კონტურებსაც ვერ ვხედავ", - გვითხრა ძაბირაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღესდღეობით, ვიდრე კონსტიტუცია შეიცვლება, უცნობია მთავარი საკითხი - რამდენი კანდიდატი უნდა შეარჩიოს ოპოზიციამ მაჟორიტარობის ერთმანდატიან ოლქებში. არსებული მოდელით პარლამენტში 73 მაჟორიტარი აირჩევა, ახალი სისტემით კი, რომელიც ჯერ პროექტის სახით ქაღალდზე არსებობს - 30 დეპუტატი. ვნახოთ, საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხელისუფლება, რომელთა მოლაპარაკებები უკვე თვეებია, გრძელდება.

(სპეციალურად საიტისთვის)

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?