"ჩვენი ეპიდემსაწინააღმდეგო სისტემა უფრო ძლიერია, ვიდრე საქართველოში" - სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს ქართული სტატისტიკა აეჭვებს - კვირის პალიტრა

"ჩვენი ეპიდემსაწინააღმდეგო სისტემა უფრო ძლიერია, ვიდრე საქართველოში" - სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს ქართული სტატისტიკა აეჭვებს

სომხეთის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა საქართველოში არსებულ ესპიდვითარებაზე ილაპარაკა და ისიც თქვა, რომ ქართული სტატისტიკა აეჭვებს.

"როცა ჩვენ საქართველოს გავლით სომხეთში მოსულ პირებს, ქართველი მძღოლების ჩათვლით, დიაგნოსტიკას ვუკეთებთ, ვიღებთ დადებით ტესტებს და თან ძალიან დიდი რაოდენობით. განა შეიძლება ამის შემდეგ ჩაითვალოს, რომ საქართველოში, როცა დღეში მხოლოდ ერთი ან ორი, თუნდაც ექვსი შემთხვევა ცხადდება, ყველა საბოლოდ დასტურდება და სტატისტიკად იქცევა? საბოლოო პასუხი არც ამაზე არ მაქვს", - განაცხადა  არსენ ტოროსიანმა ონლაინ-საუბრის დროს.

"არ ვუარყოფ, რომ საქართველოში დღემდე არსებული შემზღუდავი ზომები უკეთესია, უფრო მკაცრი და უფრო ძლიერი", - განაცხადა მან და იქვე დასძინა:

"საქართველოს ჯანდაცვის სისტემა, განსაკუთრებით კი ეპიდემსაწინააღმდეგო სისტემა მნიშვნელოვნად განსხვავდება ჩვენი ეპიდემსაწინააღმდეგო სისტემისაგან, თანაც არცთუ კარგი თვალსაზრისით. არსებობს განსხვავება მეთოდოლოგიაში, მათ შორის ქალაქებში ჩატარებულ ტესტირებაშიც. მე არ მაქვს 100%-იანი ნამდვილი ინფორმაცია და გულწრფელად ვიტყვი, რომ არ ვთვლი მსგავს ტესტირებას უპირველეს მიზნად... შესაძლოა, რომ საქართველოში ჩატარებული 40 ათასი ტესტი არ წარმოადგენდა PCR-ტესტებს, არამედ მათი ნაწილი მხოლოდ ექსპრეს-ტესტები იყო, რომლითაც ჩვენ პრაქტიკულად არ ვსარგებლობთ - ისინი არაზუსტია და ნდობას არ იმსახურებენ".

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც - ჩატარდა თუ არა საქართველოში მოქალქეების ტესტირება "მწვავე რესპირატორულ ვირუსულ ინფექციაზე", რომელიც, შესაძლებელია, კორონავირუსით იყვნენ ინფიცირებულები, მაგრამ დაავადება იოლ ფორმებში გადაიტანეს. "მე ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს. ეს ჩვენი პრობლემა არ არის. ეს ეხება სიკვდილის შემთხვევებსაც. ითვლება თუ არა პნევმონიით სიკვდილად, როცა კორონავირუსიც დიაგნოსტირებულია? ითვლება თუ არა ასეთი შემთხვევა კორონვირუსით სიკვდილად? ჩვენთან ერთმნიშვნელოვნად ითვლება. ისეთი გამჭვირვალე სისტემა, როგორიც ჩვენთანაა, მე სხვა ქვეყანაში არ მინახავს"", - თქვა არსენ ტოროსიანმა.

"პირდაპირ ვიტყვი: ჩვენი ეპიდემსაწინააღმდეგო სისტემა უფრო ძლიერია, ვიდრე მეზობელ საქართველოში. მე ამით, რა თქმა უნდა, არ ვტრაბახობ, უბრალოდ, ვაკეთებ ფაქტის კონსტატაციას - ძლიერია პროფესიონალიზმის დონით და არა პოლიტიკურით. ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რომ ჩვენს მეზობლებსაც ძლიერი ეპიდემსაწინააღმდეგო სისტემა ჰქონდეთ და რომ ისინიც დაცულები იყვნენ. იგივე ეხება ირანს და რუსეთს. ეს სამი ქვეყანა - საქართველო, ირანი და რუსეთი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან კორონავირუსის ნაკადის. თვალსაზრისით, ჩვენ მოწყვლადები ვართ", - ხაზი გაუსვა მინისტრმა.

"და თუნდაც ვივარაუდოთ, რომ ქართველებს ყველაფერი კარგად აქვთ, განა შენარჩუნდება მათი კარგი შედეგები, თუ ისინი ტურისტებისთვის საზღვრებს გახსნიან? მე ვფიქრობ, რომ პასუხი ნათელია და ნათელია თითქმის ყველა ქვეყნის შემტხვევაში: შეუძლებელია მუდმივად იზოლაციის რეჟიმის შენარჩუნება", -  თქვა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში 22 მაისისათვის გამოვლენილია კორონავისრუსით დაინფიცირების ორი შემთხვევა, ხოლო დაავადებულ ადამიანთა საერთო რაოდენობა 723-ს შეადგენს. რაც შეეხება სომხეთს, 22 მაისისათვის კორონავისრუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 322-ით გაიზარდა და 5927-ს მიაღწია. გარდაიცვალა 5 ადამიანი, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობაა 102. მათგან სხვა დამატებითი მიზეზებით გარდაცვლილია 28. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 2874. წყარო

იხილეთ ასევე: "ბატონმა მინისტრმა ან თავისი არაკორექტული შეფასებები უნდა დაასაბუთოს, ან ბოდიში მოიხადოს" - თენგიზ ცერცვაძე არსენ ტოროსიანს პასუხობს

მოამზადა სიმონ კილაძემ