"აი, ნახე!... აჭარლები თუ არ გამოთლიან მაგარ თხილამურებს!" - კვირის პალიტრა

"აი, ნახე!... აჭარლები თუ არ გამოთლიან მაგარ თხილამურებს!"

მართალია, ზაფხულში ნერვებს გიშლით, აჭარა უხვნალექიანი რომაა, მაგრამ ნახეთ, სად გამოადგათ აჭარლებს ეს ყველაფერი?! საქართველოს ყველა ზამთრის კურორტი, ძველი თუ ახალი, უთოვლობით რომ იტანჯებოდა, აჭარაში მოთოვა. მოთოვა და პრეზიდენტიც იქ გაჩნდა. ზოგიერთს კი უხაროდა, მის ჯინაზე სვანეთში თოვლი რომ არ მოდიოდა, მაგრამ ღმერთმა მაშველად აჭარა მოუვლინა.

მას ხომ ყველგან უსრიალია, დაწყებული შვეიცარიის მთებით და ავსტრიით დამთავრებული, მაგრამ აჭარა და იქაური თოვლი სულ სხვაა. რა აკლია აჭარას საიმისოდ, რომ შვეიცარიაზე მაგარი გახდეს? რა და - თხილამურები! მარტო თოვლი ხომ არ არის საკმარისი?! - სვანეთს აქვს თოვლი და კოშკები. აჭარას ექნება თოვლი და თხილამურები, - თქვა პრეზიდენტმა და იქვე გადაწყვიტა. რად უნდოდა ამას ბევრი ფიქრი და ლაპარაკი, თუნდაც ბიზნესგეგმის შედგენა.

იქვე, ტელეკამერების წინ მოუვიდა ეს იდეა და ვარშალომიძესაც იქვე დაავალა, - "მოდი, აჭარაში თხილამურების წარმოება დავნერგოთ, ყველა სკოლას უნდა დავურიგოთ თხილამურები უფასოდ! არ ღირს ისეთი ძვირი და მე დარწმუნებული ვარ, ძაან მალე ჩვენც დავიწყებთ თხილამურების წარმოებას, არც ისე რთული ტექნოლოგიაა! შვეიცარიაში, სოფლებში (აქ კი სიტყვა გაექცა  იდეით აღტყინებულს, მაგრამ უკან არ დაიხია. - ავტ.) ჰო, ჩემი თხილამურები რომ მაქვს, შვეიცარიაში ვიყიდე, ერთ-ერთ სოფელში, კაცი აკეთებს ხელით!.. და აქ რამდენი  ხის ოსტატია გარშემო, რა უნდა ამის გაკეთებას?!"

კიდევ უფრო აღტყინებულმა და იდეის გენიალურობაში დარწმუნებულმა მიხეილ სააკაშვილმა: "აი, ნახე!... აჭარლები თუ არ გამოთლიან მაგარ თხილამურებს! მოდი, შენ გამიკეთე თხილამურების საწარმო (დავალება მისცა იქვე მდგარ თავდახრილ და  ლამის თვალზე ცრემლმომდგარ ლევან ვარშალომიძეს), რითაც  ხალხს დავასაქმებთ  და გარწმუნებთ, იმ პირველ თხილამურებზე მე დავდგები!... სკოლებში კი უნდა დავარიგოთ თხილამურები უფასოდ!"

გულშეღონებულმა ვარშალომიძემაც, - რა პრობლემაა, საწარმოც გავხსნათ და სკოლებშიც დავარიგოთ თხილამურებიო. მართლაც, რა პრობლემაა, ჩვენ ხომ ნიჭიერი ხალხი ვართ, ყველაფერს ვისწავლით. თხილამურებსაც დავამზადებთ და ვისრიალებთ კიდეც მთელი საქართველო. ასე არ ბრძანა ბატონმა პრეზიდენტმა, სკოლებში დავარიგოთ მერე ეს თხილამურები და ყველამ ისრიალოსო? მართალია, წყვილი თხილამური ლამის ათას ლარამდე ღირს, მაგრამ აჭარული წარმოების, ალბათ, უფრო იაფი დაჯდება. ყველას გვექნება და ჩვენც გავსრიალდებით.

განა თხილამურების წარმოება ცუდია, ან ყველა თუ ვისრიალებთ, ეს არ იქნება კარგი? სრიალს რა სჯობია, მეც ძალიან მიყვარს. გულდასაწყვეტი ისაა, ქვეყანაში რომ უმძიმესი სოციალური მდგომარეობაა, ყველაფერი რომ დღითი დღე ძვირდება და ინფლაცია გაუგონარ მასშტაბს აღწევს, სწორედ ამ დროს ჩვენი პრეზიდენტი იმაზე ფიქრობს, მთელი საქართველო როგორ ასრიალოს. თუ მას ჰგონია, სწორედ ეს უშველის ჩვენს პრობლემებს, მაშინ არ ვიცი, იქნებ მართლაც თხილამურებმა გადაგვარჩინოს?

სომხებიც, ტო!..

ვიდრე ტელეხიდს გამართავდა, სააკაშვილი კვირის ბოლოს ორდღიანი ვიზიტით სომხეთში იმყოფებოდა. არაფერი განსაკუთრებული: ორმა პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა ერთმანეთს ერთგულება და მეგობრობა, დააჯილდოეს ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეები და არავის უთხრეს, რაზე ისაუბრეს დახურულ კარს მიღმა. სამაგიეროდ, როგორც წესი, ერთი-ორი ტყუილიც ითქვა. მათ შორის ისეთი, ჩვენში "მამალ ტყუილს" რომ ეძახიან. ამჯერად ეს "ჩვენსას" არ უქნია, "იმათმა" იკადრა, როდესაც ქართულ-სომხურ მეგობრობაზე ლაპარაკობდა.

"ქართულ-სომხური მეგობრობა კონკურენციის გარეშე წარმოუდგენელია, - თქვა სარგსიანმა, - ქართველი და სომეხი ხალხები ერთმანეთს კონკურენციას უწევდნენ კულტურის, მეცნიერებისა და განათლების სფეროებში, თუმცა ერთმანეთის წინააღმდეგ იარაღით ხელში არასოდეს უბრძოლიათ"." ეტყობა, ქართველ ისტორიკოსებს დაესიზმრათ 1918 წლის საქართველო-სომხეთის ომი(!).

ამ ვიზიტის დროს ყველაზე საინტერესო მოვლენა ეს არ ყოფილა, განსაკუთრებული ამბები ამ დროს ერევნის ქუჩებში ხდებოდა. ერევნის ახალ მერს, კარაპეტიანს, ერევანში გარე ვაჭრობა აუკრძალავს, რასაც მოვაჭრეების აქციები მოჰყოლია. ჰოდა, იმ დღეებში, როგორც საინფორმაციო სააგენტო "არმენია თუდეი" გაზეთ "ჰაიკაკან ჟამანაკზე"" დაყრდნობით იუწყებოდა, სომეხი მოვაჭრეების სურვილი ყოფილა, დახმარებისთვის სააკაშვილისთვის მიემართათ და საქართველოში სამსახური ეთხოვათ! მათი თქმით, საქართველოში უფრო დემოკრატიული კანონებია, ვიდრე სომხეთში. სომხებიც, ტო! ვიღაცა კიდევ იტყვის, მიშა მაგარი არ არისო.