პოსტმოდერნის ხანაა რა ხანია!.. - კვირის პალიტრა

პოსტმოდერნის ხანაა რა ხანია!..

თავიდან დავიწყებ უზნაძის განწყობის თეორიით. ამ თეორიის მიხედვით, თუ ადამიანს ან საზოგადოებას შეუქმნი რაიმე მოთხოვნილებას და ჩააყენებ ისეთ სიტუაციაში, რომ ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილება შესაძლებელი იქნება, განწყობაც გაჩნდება.

ზოგი რომ არაადეკვატურობას აბრალებს, არ შეიძლება, არაადეკვატური ფსიქიკის მქონე პირი გამარჯვებული გამოდიოდეს ამდენი ბატალიიდან. უბრალოდ, განსხვავებით მასთან მებრძოლი ოპო-პოლიტიკოსებისაგან, მიშა კარგად ფლობს მასების მართვის, მათთვის შესაბამისი განწყობის შექმნის ხელოვნებას. მისი ბოლო ტელეხიდიც ამ მიზანს ემსახურებოდა.

თუ თქვენ გსურთ მოისმინოთ ქილიკი სააკაშვილის გამოსვლაზე, მაშინ სხვა სტატიის წაკითხვა მოგიწევთ! ეს ფუნქცია ბევრმა ჩემმა კოლეგამ უკვე შეასრულა და არცთუ ისე ურიგოდ.  ჩემთვის ნათელია ერთი რამ: მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენი პრეზიდენტი ბევრ გაუაზრებელ რამეს ამბობს, საჯარო გამოსვლებში მისი რეიტინგი უფრო მაღალია, ვიდრე ოპო-ლიდერებისა. ეს რეალობაა! ვისაც ამის აღიარება არ სურს ან  საუბრობს კვლევების მიკერძოებულობაზე, ლუზერი, მაჩანჩალაა. მაინც რითია გამოწვეული, რომ სააკაშვილი, ჩვენი "ტელემურტალო" კაცი, რომელსაც მოუძველდა მეთოდები, მაინც ახერხებს მოსახლეობის "დაბოლებას".

დარწმუნებული ვარ, მიშამ იყნოსა, რომ რაღაც დალპა მის სამეფოში, რომ ხალხის უკმაყოფილება ნახტომისებურად გაიზარდა  და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მოქალაქეებს დალაპარაკებოდა. მას სურდა, მასებისთვის შეექმნა განწყობა, რომ მის სამფლობელოში ყველაფერი კარგად არის, რომ ეკონომიკა იზრდება და სხვ. სააკაშვილს სურს ილუზორული, არარსებული საქართველო რეალობად მოგვაჩვენოს. ამიტომ მისი  სიტყვა ამ ტელეხიდისას პოზიტივზე იყო ორიენტირებული. მერე რა,  რომ ბევრი ტყუილი გავიგონეთ. სამაგიეროდ, ვიხილეთ კარგად დეკორირებული და განათებული სტუდია, მლიქვნელურად მოღიმარი წამყვანი გოგონა, საგანგებოდ შეგროვილი პირები, რომლებიც წინასწარ შეთანხმებულ კითხვებს სვამდნენ. ეს ყოველივე განწყობის შექმნას ემსახურებოდა. მზრუნველ პრეზიდენტს ესმის ხალხის გასაჭირი, ესმის ერის ხმა.

ამ პიარფანდის არაეფექტურობა მაშინ დადასტურდებოდა, თუ შოუს რეიტინგი მიშასთვის სავალალო შედეგს აჩვენებდა, არ  გახდებოდა მედიის გარჩევის თემა. როგორც ვატყობთ, ეს ასე არ მოხდა. აი, წარმოიდგინეთ: კაცი მივიდა სტუდიაში,  3 საათის განმავლობაში ზღაპრებს მოგვიყვა და აგერ უკვე მეხუთე დღეა მთელი ერი, ჟურნალისტიან-ექსპერტიანად ვარჩევთ ამ შოუს. განა შედეგი არ არის მიღწეული?! განა ის, ძიძიგურისა არ იყოს, უზარმაზარი არ არის? არსად ჩანს სოციალური პროტესტის გამომხატველი ხალხი (მძლავრ მანიფესტაციებს ვგულისხმობ).

არ ჩანან არაფორმალური ლიდერები, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ გულზე მჯიღს იბრახუნებდნენ და სააკაშვილის ჩამოგდებას წინასწარმეტყველებდნენ. ოპოზიციის ქმედებანი, მათი ძალისხმევა იმდენად არაპროფესიული და უღიმღამოა, რომ მიშა თავისი პლასტმასის სტუდიით გაცილებით ეფექტურია. ჩვენმა ოპოზიციამ ვერ შეიგნო ერთი რამ - მათ არ ესმით, რომ მხოლოდ "სიმართლის თქმით" სააკაშვილს ვერ მოუგებ. რომ 21-ე საუკუნეა, ეს ოხერი, პოსტმოდერნის ხანაა, რა ხანია და ამიტომ ფორმას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე შინაარსს. რომ სიმართლე თუ არ შეფუთე და სათანადოდ არ დააფორმატე,  მაშინ მას ასეთი მანიპულაციებგამოვლილი ტყუილი დაჯაბნის. დაჯაბნის ისე, როგორც მიშას ტყუილებით სავსე ტელეხიდმა  დაჯაბნა აქუსთან და "მაესტროში" დუნედ მოვიშვიშე  ოპო-"ბელადები".

შალვა რამიშვილი