ბოროტი რაჯას გამძევებელი აჯა, აჯა, აჯა... - კვირის პალიტრა

ბოროტი რაჯას გამძევებელი აჯა, აჯა, აჯა...

შემოდგომით საქართველოს ეკონომიკური და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ გვახარა, რომ საქართველოში უახლოეს მომავალში ინდური "ბოლივუდის" დელეგაცია ჩამოვა და ჩვენს ქვეყანაში ფილმს გადაიღებენ. ეს კი, "მის მდგრადობის" თქმით, საქართველოში ადამიანთა დასაქმებასა და ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

ველოდით, ველოდით და მოვესწარით. თბილისში მართლაც ჩამოვიდნენ ბოლივუდელები. ისინი ფილმს არა, მაგრამ სარეკლამო კლიპს კი გადაიღებენ საქართველოზე. გადაიღებენ, თუ მოიცალეს. ჯერჯერობით შეხვედრებით არიან დაკავებული, რადგან ისე დახვდნენ, თითქოს ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ჩამოსულიყო.

ბოლივუდელებმა შეხვედრები გამართეს ეკონომიკის სამინისტროში, კულტურის სამინისტროსა და სხვა უწყებებში. ალბათ, ფასს ათანხმებენ. კერძოდ, როდესაც შენს ქვეყანაზე იღებენ სარეკლამო კლიპს, ფული შენ უნდა გადაიხადო. ჩვენი ბიუჯეტის პატრონებს კი, გვაქვს იმის საშუალება, რომ მილიონებით ინდოეთის კინოინდუსტრიას დავეხმაროთ(?!).

შეხვედრებს სხვა მიზეზიც აქვს. კერძოდ, ვერა ქობალია და ნიკა რურუა "აბამენ" ბოლივუდელებს, რომ საქართველოში სრულმასშტაბიანი ფილმი გადაიღონ. თუ ეს მართლაც მოხდა, დასაქმების პრობლემა არათუ აღმოიფხვრება, არამედ შესაძლოა, ხალხის დამატებაც დაგვჭირდეს.

წარმოიდგინეთ, ინდური ფილმის მასობრივ სცენებში რამდენი ადამიანი დასაქმდება. ბიუჯეტში ფული შევა და მთავრობა რამდენიმე თვით მაინც დაგვანებებს თავს და ფულის ამოსაქაჩად მაქინაციების მოფიქრება აღარ დასჭირდება.

თუ ფილმმა გაამართლა, აქ სხვა ბოლივუდელებიც ჩამოვლენ. ნელ-ნელა ჩვენი ქვეყანა ამ კინოკორპორაციის ერთ-ერთი გადასაღები მოედანი გახდება.

ამიტომაც, მთავარია, ფილმი ეფექტური იყოს. იმედია, ქართული მხარე "ბოლივუდს" თავის სცენარს შესთავაზებს. მაგალითად, შესაძლოა, "ბოლივუდმა" გადაიღოს ფილმი, რომლის მიხედვითაც, ქვეყანას 2003 წლის ნოემბრამდე მოხუცი რაჯა მართავდა, რომელსაც ბოროტი მსახურები ჰყავდა. ამ რაჯამ თავისი სამფლობელო უიმედო მდგომარეობამდე მიიყვანა.

თუმცა გამოჩნდა გმირი, მაგალითად, ვინმე მიშჯრათ აჯა. ინდური ფილმის საუკეთესო ტრადიციების მიხედვით, ამ გმირმა ბევრი იცეკვა, იმღერა და ხალხიც ააცეკვა. შემდეგ ისინი მიადგნენ რაჯას სასახლეს და ბოროტი ბატონი გააძევეს.

და მას შემდეგ, რაც ბოროტი რაჯა თავის ციხე-კოშკში გამოკეტეს, ქვეყანა ცეკვის ახალმა ტალღამ მოიცვა. ეს რეალობასთან ახლოსაც იქნება, რადგან 2003 წლის შემდეგ, რაც ქვეყანამ გრანდიოზულ კონცერტებში ფული გადაყარა, "ბოლივუდის" კი არა, "ჰოლივუდის" ბიუჯეტს შეშურდება.

მოკლედ, ეს შანსი ხელიდან გასაშვები არ არის.