რუსული კენჭი ქართულ ბოსტანში - კვირის პალიტრა

რუსული კენჭი ქართულ ბოსტანში

როდესაც მოსკოვში, "დომოდედოვოს" აეროპორტში ტერაქტი მოხდა, მხოლოდ დროის ამბავი იყო, თუ როდის დაუკავშირებდა რუსული მედია ამ ფაქტს საქართველოს. დიდი ხნით ლოდინი არ დაგვჭირდა.

ტერაქტის მეორე დღესვე, გაზეთმა "მოსკოვსკი კომსომოლეცი" ერთი კენჭი ჩვენს ბოსტანში ისროლა. არა, პირდაპირ არ უთქვამს, თითქოს "დომოდედოვოს" ტერაქტის უკან საქართველო იდგა. უბრალოდ, გამოაქვეყნა ანონიმური პიროტექნიკოსის კომენტარი, რომელიც ამტკიცებს, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა რუსეთში, შესაძლოა, საქართველოდან შეიტანეს.

რა თქმა უნდა, "მოსკოვსკი კომსომოლეცის" ჟურნალისტმა მშვენივრად იცის, რომ თუ ფული გაქვს, რუსეთში ასაფეთქებელ ნივთიერებას კი არა, ტანკს იყიდი. თუმცა რა ქნან, რუსული პროპაგანდისტული მანქანის დაკვეთაა, რომ ნებისმიერი ნეგატიური მოვლენა მტრის ხატს, ანუ საქართველოს დაუკავშირონ.

ასე მოხდა 2010 წლის ზაფხულში, მოსკოვის მეტროპოლიტენში განხორციელებული ტერაქტის შემდეგ. მაშინ "კომსომოლსკაია პრავდა" და "იზვესტია"კომპეტენტურ წყაროებზე დაყრდნობით” ამტკიცებდნენ, რომ შესაძლოა, ტერაქტების უკან ქართული სპეცსამსახურები იდგნენ.

მანამდე ვლადიკავკაზში ბაზარი აფეთქდა. ალბათ, მიხვდით - რუსი ჟურნალისტები მაშინვე საქართველოს ეცნენ და დაიწყეს მკითხაობა იმაზე, იძია თუ არა შური საქართველომ 2008 წლის აგვისტოს მარცხზე...

რუსული ანტიქართული პროპაგანდის გამოხდომები ზოგჯერ ანეკდოტურ მასშტაბებს იძენს. მაგალითად, გასულ წელს რუსეთის "როსპოტრებნადზორმა" საქართველო ეკონომიკურ დივერსიაში დაადანაშაულა. კერძოდ, მთავარი სანიტარიული ექიმის გენადი ონიშჩენკოსა და მისი მოადგილეების მტკიცებით, ქართულმა მხარემ თავისი  ღორები "აფრიკული ჭირით" საგანგებოდ დააინფიცირა და ისინი რუსეთში შეგზავნა, რათა ჭირი რუსულ ღორებს გადასდებოდათ და სამხრეთ რუსეთში ეკონომიკური კოლაფსი დაწყებულიყო.

რა თქმა უნდა, ცენტრალური რუსული გამოცემები არც დაინტერესებულან, როგორ ასხვავებს ერთმანეთისგან "როსპოტრებნადზორი" ქართულ და რუსულ ღორებს.

თუმცა იმას, რაც ჩვენ სასაცილოდ გვეჩვენება, რუსეთის მოსახლეობა სერიოზულად აღიქვამს. კითხულობს ზემოხსენებულ გაზეთებს მაგალითად, ირკუტსკელი ვანია და რწმუნდება, რომ საქართველო თავისი არსებობით რუსეთს მშვიდად ყოფნის შესაძლებლობას არ აძლევს(!).