არშავირ გარამიანი: "არსენ ტოროსიანი, საქართველზე გაკეთებული განცხადებებით, სომხეთის უშიშროებას საფრთხეს უქმნის" - კვირის პალიტრა

არშავირ გარამიანი: "არსენ ტოროსიანი, საქართველზე გაკეთებული განცხადებებით, სომხეთის უშიშროებას საფრთხეს უქმნის"

სომხეთის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა ონლაინ-საუბრის დროს, საქართველოში არსებულ ესპიდვითარებაზეც ილაპარაკა და განაცხადა, რომ ქართული სტატისტიკა აეჭვებს. "თვითონ განსაჯეთ, როცა ჩვენ საქართველოს გავლით სომხეთში მოსულ პირებს, ქართველი მძღოლების ჩათვლით, დიაგნოსტიკას ვუკეთებთ, ვიღებთ დადებით ტესტებს და თან ძალიან დიდი რაოდენობით. განა შეიძლება ამის შემდეგ ჩაითვალოს, რომ საქართველოში, როცა დღეში მხოლოდ ერთი ან ორი, თუნდაც ექვსი შემთხვევა ცხადდება, ყველა საბოლოდ დასტურდება და სტატისტიკად იქცევა?", - განაცხადა მან და ასევე ეჭვი შეიტანა საქართველოში ჩატარებული ტესტების სიზუსტეზეც, ასევე განაცხადა, - ჩვენი ეპიდემსაწინააღმდეგო სისტემა უფრო ძლიერია, ვიდრე მეზობელ საქართველოშიო.

"პირადად ვიცნობ ბატონ არსენ ტოროსიანს, ჩვენ ძალიან ახლო ერები ვართ, მეზობლები, დიდი ხნის ისტორია გვაქვს და ცოტა მეუცხოვა მისგან ამ ტიპის ასე ვიტყოდი, "არადიპლომატიური განცხადება". თუ ასეთი შემთხვევები იყო, და აქედან ჩასულ მძღოლს თუ კიდევ სხვას, დაუდასტურდათ ინფექცია, უნდა ეცნობებინათ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ასევე ჩვენთვის, როგორც ჩვენ ეს გავაკეთეთ რამდენიმე მეზობელი ქვეყნის მიმართ", - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორრმა ამირან გამყრელიძემ. ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით კი: "ბატონმა მინისტრმა ან თავისი არაკორექტული შეფასებები უნდა დაასაბუთოს, ან ბოდიში მოიხადოს". (იხილეთ თენგიზ ცერცვაძის განცხადება სრულად)

23 მაისის მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულია 6302 ადამიანი, გარდაიცვალა 77. საქართველოში კი დაფიქსირებულია 728 შემთხვევა, გარდაცვლილია 12 ადამიანი.

როგორც სომხური საინფორმაციო სააგენტო პანორამა" («Panorama») იუწყება, მთიანი ყარაბაღის (არცახის) უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი არშავირ გარამიანი თვლის, რომ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი არსენ ტოროსიანი თავისი განცხადებებით ქვეყანას საფრთხეს უქმნის:

"განსაკუთრებით მხედველობაში მაქვს მისი განცხადებები მეზობელი საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მისამართით. მინისტრის გამონათქვამებმა საქართველოს თანამდებობრივი პირები აიძულეს მისთვის ხისტი პასუხი გაეცათ და ეს შეიძლება სომხეთ-საქართველოს ურთიერთობის გაუერესების მიზეზი გახდეს. ორი დახურული საზღვრის - აზერბაიჯანთან და თურქეთთან პირობებში, საქართველოს მისამართით გაკეთებული განცხადებები ბევრ კითხვას იწვევს. სავარაუდოდ, საგარეო საქმეთა სამინისტროში მას უკვე ჩაუტარეს შესაბამისი საუბარი, თუმცა, საქართველოსთან ურთიერთობების თავისებურების გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ ეს საკითხი მხოლოდ საუბრით ან შენიშვნით არ უნდა შემოიფარგლოს. მიმაჩნია, რომ ასეთ სიტუაციაში სომხეთის ეროვნული უშიშროების საბჭოც უნდა ჩაერიოს: ფაქტია, რომ სომხეთის რესპუბლიკის თანამდებობის პირმა გააკეთა ისეთი განცხადება, რომლებმაც შეიძლება ახალი პრობლემები შექმნას ისედაც დაძაბულ რეგიონში, სერიოზულად დააზიანოს ჩვენი ურთიერთობება ისეთ ქვეყანასთან, რომელსაც ჩვენთვის საკვანძო მნიშვნელობა აქვს და ახალი საფრთხეები გამოიწვიოს...", - აღნიშნა არშავინ გარამიანმა. წყარო

მინისტრ არსენ ტოროსიანის საქართველოს მიმართ განცხადებებს "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის პრესსპიკერი ალინა ნიკოგოსიანი, მისი თქმით, მინისტრის სიტყვები მედიამ კონტექსტიდან ამოჭრა.

"ტოროსიანმა სომხეთის და საქართველოს სისტემებს შორის განსხვავებაზე ისაუბრა, რაც სრულიად კონტექსტიდან იყო ამოჭრილი ადგილობრივი და ქართული მედიის მიერ", - დაწერა ნიკოგოსიანმა. იხილეთ "ფეისბუკპოსტი" სრულად

იხილეთ ასევე: "ჩვენი ეპიდემსაწინააღმდეგო სისტემა უფრო ძლიერია, ვიდრე საქართველოში" - სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს ქართული სტატისტიკა აეჭვებს

მოამზადა სიმონ კილაძემ