"ველი, რომ მალე ოპოზიციაში ოქრუაშვილთან დაკავშირებით პრობლემები შეიქმნება"
25-05-2020
"ველი, რომ მალე ოპოზიციაში ოქრუაშვილთან დაკავშირებით პრობლემები შეიქმნება"
"ქვეყანაში, რომელსაც დემოკრატიაზე პრეტენზია აქვს, საზოგადოება ფრთხილად უნდა იყოს, რომ ვინმეს ზედმეტ ძალაუფლებაზე არ წაუცდეს ხელი"

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა 22 ივნისს დასრულდა, თუმცა კვლავ ძალაში რჩება ზოგიერთი შეზღუდვა, რის გამოც პარლამენტმა "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში ცვლილებები უკვე შეიტანა, გარდამავალ დებულებაში კი ჩაიწერა, რომ შემზღუდავი ღონისძიებების გატარება 15 ივლისამდე იქნება შესაძლებელი. ცვლილებები გულისხმობს საჭიროების შემთხვევაში გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომისა და სხვა უფლებების შეზღუდვას და
მთავრობას ამ შეზღუდვების დაწესება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება, შესაბამისად, მას პარლამენტის მხარდაჭერა აღარ დასჭირდება. ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილის აზრით, ეს გადაწყვეტილება არაკონსტიტუციურია, ცნობილი გახდა ისიც, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია "საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს. მათი განმარტებით, საკუთრების
უფლებასთან დაკავშირებული ეს ცვლილებები არაკონსტიტუციურია და მთავრობას ამ მიმართულებით მხოლოდ ტექნიკური ხასიათის რეგულაციების დაწესება შეუძლია. სწორია თუ არა ხელისუფლების ნაბიჯები და ხომ არ იყენებს პანდემიით გაჩენილ საფრთხეებს "ქართული ოცნება" საკუთარი მიზნებისთვის? - ამ კითხვით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ მამუკა არეშიძესთან:


- ამ ცვლილებებში რამდენიმე მუხ­ლია, რომლებიც ეჭვს იწვევს. მაგალითად, ადამიანთა შეკრების უფლების, საკუთრების უფლების შეზღუდვა, მაგრამ მას შემდეგ, რაც კონკრეტული თარიღის - 15 ივლისის დათქმა გამოცხადდა, ანუ განისაზღვრა დრო, როდემდე შეეძლება ხელისუფლებას ამ ახალი საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით მოქმედება, ვფიქრობ, შეშფოთების მიზეზი არა გვაქვს. კარგია, რომ ხელისუფლებამ გაითვალისწინა სხვათა აზრი და თარიღი განსაზღვრა, რაც ცვლილებების პირვანდელ პროექტში არ იყო. ხელისუფლებას ეს ცვლილებები რომ არ მიეღო და ეპიდემიის განახლების შემთხვევაში არ ჰქონდეს სწრაფი რეაგირებისთვის ბერკეტები, მაშინ ხომ ამის გამო გავაკრიტიკებთ? იმედია, კორონავირუსის გავრცელების მასშტაბი დღევანდელს არ გასცდება და მეტი შემზღუდავი ღონისძიების შემოღებაც არ გახდება საჭირო. სამწუხაროდ, ზოგიერთ ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მეორე ტალღა დაიწყო, ამიტომაც ამისთვის ჩვენც უნდა ვიყოთ მზად.

მესმის, რომ ზოგიერთი შეზღუდვა უკვე გამაღიზიანებელია, ზოგიერთი კი ეჭვს იწვევს, მაგრამ საზოგადოების დიდი ნაწილი უფრო იმაზე რეაგირებს, რაც მის პირად თავისუფლებას ზღუდავს და ნაკლებად აინტერესებს ის, რაც ოპოზიციას აწუხებს.
ქვეყანაში, რომელსაც დემოკრატიაზე პრეტენზია აქვს, საზოგადოება ფრთხილად უნდა იყოს, რომ ვინმეს ზედმეტ ძალაუფლებაზე არ წაუცდეს ხელი. მას შემდეგ, რაც კონკრეტული თარიღით განისაზღვრა ამ საკანონმდებლო ცვლილებების მოქმედება, მე ნერვიულობისთვის მიზეზს ვერ ვხედავ, არც საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა მგონია სწორი, რადგან 15 ივლისამდე მეეჭვება ამის განხილვა მოესწროს.

- შეზღუდვები კვლავაც რჩება. ჯერ კიდევ არ ვიცით, როდის ამუშავდება მუნიციპალური ტრანსპორტი და ამის პარალელურად, ხელისუფლება გვარწმუნებს, რომ ტურიზმის ასამუშავებლად ქვეყანა ძალიან მალე მზად იქნება. ხომ არ ფიქრობთ, რომ მთავრობა ამ თვალსაზრისით გადაჭარბებულ მოლოდინს აჩენს, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენს სამეზობლოში, საიდანაც ტრადიციულად ყველაზე დიდია ტურისტული ნაკადები, კორონავირუსის გავრცელება მასშტაბურია. კორონავირუსის შემოტანის ახალ საფრთხეებს რომც დავანებოთ თავი, განა დღეს მსოფლიოში, სადაც პანდემიამ ყველას შეუქმნა პრობლემები, ადამიანებს მოგზაურობის სურვილი და შესაძლებლობა ექნებათ?
- სწორად დასმული კითხვაა და თქვენ მიერ ჩამოთვლილი მიზეზების გათვალისწინებით, მეც არ ვიცი, რისი იმედი აქვს ხელისუფლებას. ვფიქრობ, უფრო სიტყვების თამაშთან გვაქვს საქმე და რეალურად ქვეყანა ტურისტების მისაღებად ნამდვილად არ არის მზად. მზადყოფნა ნიშნავს, რომ გაქვს ბაზა მომზადებული, მაგრამ აქ საკითხი ცოტა სხვანაირად დგას - საერთოდ, რამდენად მიზანშეწონილია ეს მაშინ, როდესაც ძალიან ბევრი გარემოება შენზე დამოკიდებული არ არის. შიდა ტურიზმიც კი ხელისუფლების ნებაზე არ არის დამოკიდებული, სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, ბოლოს და ბოლოს, ადამიანის გადასაწყვეტია, უნდა სადმე წავიდეს თუ არა. ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი, მათ შორის ეკონომიკური ფაქტორი. ალბათ, განსაზღვრული ჯგუფების მიღება შეიძლება, როგორც გავიგე, ახალი ავიაკომპანიებიც გეგმავენ შემოსვლას და ახალი მიმართულებებით იქნება ფრენები, მაგრამ მეეჭვება, ეს ყველაფერი ამ ზაფხულს მასშტაბურად მოხერხდეს.

ჯერჯერობით, მსოფლიო შიშით უყურებს ყველა პროცესს, რადგან ყველამ უმძიმესი გაზაფხული გაიარა, ამიტომაც ტურიზმზე იმედის გადაჭარბებულად დამყარება, ვეჭვობ, სწორი იყოს. ღმერთმა ქნას, ვცდებოდე და ტურისტულმა სეზონმა ჩვენში წარმატებით და უექსცესოდ ჩაიაროს.

- დიდი გამოხმაურება მოჰყვა სომხეთის ჯანდაცვის მინისტრ არსენ ტოროსიანის განცხადებებს, რომელმაც საქართველოში კორონავირუსის გავრცელების აღრიცხვაში ეჭვი შეიტანა.
- არსენ ტოროსიანი ახალგაზრდა კაცია, გამოუცდელი, რომელსაც ყოველ პრესკონფერენციასა და ჟურნალისტებთან ყოველი გამოჩენისას მუდმივად უსვამენ ერთსა და იმავე კითხვას, სომხეთში საქართველოსთან შედარებით ასეთი ცუდი ვითარება რატომ გვაქვსო? ჰოდა, ეტყობა, ამოუვიდა ყელში და ამ გამოუცდელმა კაცმა გადაწყვიტა ჩვენს სტატისტიკაში შეეტანა ეჭვი. ერთადერთი, რაც მას ხელჩასაჭიდად აქვს, ის არის, რომ სომხეთში თავდაპირველად გაცილებით ინტენსიურად ტარდებოდა ტესტირება, ვიდრე საქართველოში, თუმცა ბოლო ხანს ჩვენთანაც გაიზარდა ჩატარებული ტესტების რიცხვი. ეს იყო, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან არაკოლეგიალური და არადიპლომატიური განცხადება. ტოროსიანს უკვე უპასუხეს არგუმენტირებულად ბატონებმა გამყრელიძემ და ცერცვაძემ, შეიძლება უპასუხოს ჩვენმა ჯანდაცვის მინისტრმაც და ამით უნდა დავასრულოთ, არ ღირს ჯიბრში ჩადგომა და ამ საკითხის გამწვავება. პირიქით, ჩვენმა ეპიდემიოლოგებმა და ექიმებმა კარგი იქნება იმაზე იფიქრონ, როგორ შეიძლება დავეხმაროთ ჩვენს მეზობლებს - სომხეთში მართლა რთული ვითარებაა, ვირუსის გავრცელება ძალიან პროგრესირებს და ვეღარ მართავენ ვითარებას. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენს სამეზობლოში რაც ხდება, ადრე თუ გვიან, შეიძლება ჩვენზეც ცუდად აისახოს.

- პანდემიის გამო, ფაქტობრივად, შეჩერებული პოლიტიკური პროცესი განახლდა. წინა თვეებში ძალიან პასიური ოპოზიცია გააქტიურდა. საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით 8 მარტის შეთანხმება ერთგვარ საჯილდაო ქვად იქცა, თუმცა საბოლოოდ ვნახეთ, რომ უგულავა და ოქრუაშვილი უკვე თავისუფალი არიან, რასაც წინ უსწრებდა დასავლეთის ძალიან მკაცრი შეფასებები. დღეს ოპოზიცია აშკარად წელგამართულია, ხელისუფლებას კი საერთაშორისო იმიჯის აღდგენისთვის მოუწევს მუშაობა.
- როდესაც რაღაც ახალი მოვლენა ხდება, ხელისუფლების მთავარი ამოცანაა სწორი სტარტი აიღოს, როგორც, მაგალითად, პანდემიის დროს მოხდა. თუმცა, როდესაც "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოვიდა, მაშინ სტარტი ძალიან არასწორი იყო და იმჟამინდელი კოჰაბიტაციის შედეგებს დღეს ვიმკით, თან ძალიან მახინჯი ფორმით. რაც მოხდა ახლა, ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსების მიერ უგულავა-ოქრუაშვილის "პოლიტპატიმრად" მონათვლა, "ქართული ოცნების" მიერ სტარტზევე დაშვებული შეცდომების შედეგია. ამიტომაც ახლა საქმე გვქონდა ფარსთან როგორც მათი დაპატიმრების, ისე გამოშვების შემთხვევაში და ამაში ორივე მხარე მონაწილეობდა სხვადასხვა ფორმით. ბრძანეთ, ოპოზიცია წელგამართულიაო, კი, მედიასთან ნამდვილად ასე წარმოაჩენენ თავს, მაგრამ ვეჭვობ, მთლად ასე კარგად ჰქონდეთ საქმე. ვფიქრობ, უგულავასა და ოქრუაშვილს ახლა იმაზე მეტი ამბიცია გაუჩნდათ, ვიდრე აქამდე ჰქონდათ და თან ოპოზიციამ აიკიდა ე.წ. ოქრუაშვილის ფაქტორი, რითაც გამოწვეული უკმაყოფილება უკვე კარგად ჩანს ოპოზიციის სამზარეულოში. ხომ ნახეთ, ოქრუაშვილთან ინტერვიუსას "მთავარ არხზე" ეკა კვესიტაძე იძულებული იყო საკამათო სივრცე შეექმნა.

მოკლედ, ოპოზიციის ამჟამინდელ ლიდერებს იმდენი რამ აქვთ ერთმანეთზე ნალაპარაკები, იმდენი ცუდი აქვთ ერთმანეთისთვის გაკეთებული, დამერწმუნეთ, მათ შორის ნდობა ნულს ქვემოთაა. მიკროფონების მიღმა ზოგიერთის პოლიტპატიმრის სტატუსზე თვითონვე კვდებიან სიცილით, კარგად იციან, ვინ ვინ არის. ველი, რომ ძალიან მალე ოპოზიციაში სერიოზული პრობლემები შეიქმნება ოქრუაშვილთან დაკავშირებით. რაც მეტს ილაპარაკებენ, მით მეტი გაახსენდება ხალხს - რას ამბობდნენ წლების წინ ერთმანეთზე, ვინ ვის ეძახდა რუსეთის აგენტს, ვინ ვის იჭერდა... საბოლოოდ, კომიკური ვითარება იქმნება ამ ოპოზიციური ერთობის გარშემო.

თავის დროზე რუსეთის აგენტს რომ ეძახდი არაერთ პოლიტიკურ ლიდერს და ამის გამო ლამის იჭერდი, დღეს კი შენს პარტნიორად აცხადებ, ისმის კითხვა, როდის იყავი და ხარ გულწრფელი მაშინ თუ ახლა?!

რაც შეეხება დასავლეთის რეაქციასა და მძიმე შეფასებებს, "ქართული ოცნების" დაშვებული შეცდომები უკვე ვახსენე. კიდევ ერთი დიდი შეცდომა, რაც თავის დროზე დაუშვეს, ლობისტებზე უარის თქმა იყო. არადა, დღევანდელი გლობალური პოლიტიკა პოლიტიკური ფიგურებისა და ლობისტების მეშვეობით იმართება და ლაგდება. "ქართულმა ოცნებამ", სამწუხაროდ, უარი თქვა ამაზე.

მოკლედ, ამ ლობიზმზე უარის თქმ­ამ შედეგად ის მოიტანა, რომ ოპოზიციამ ისევ გააგრძელა მათთან მუშაობა, შედეგად კი მათი მხარდამჭერი განცხადებები გაცილებით მეტი კეთდება, ვიდრე ხელისუფლების. აუცილებლად აღსანიშნავია ისიც, რომ ხელისუფლებამ კრიტიკული შეფასებებისთვის საფუძველი თვითონვე მისცა ამერიკელებსა თუ ევროპელებს იმით, რომ დადებული პირობა ჯერ შემოდგომაზე დაარღვია, ახლა კიდევ ერთხელ გადაწყვეტა უცხოელი პარტნიორების თანდასწრებით დადებული შეთანხმების "დავიწყება"...

- საინტერესოა, რას ფიქრობთ 2 სენატორისა და 2 კონგრესმენის მიერ აშშ-ის სახელმწიფო მდივნისა და ფინანსთა მდივნის სახელზე შედგენილ წერილზე, რომელშიც უმძიმესი ბრალდებები ისმის საქართველოს ხელისუფლების მიმართ.
- ეს ფუყე წერილია. თავდაპირველად ვერც კი დავიჯერე, რომ ამ რანგის ხალხმა ასეთი შინაარსის წერილი დაწერა, თან სახელმწიფო მდივნის სახელზე, ამიტომ ფეიკი მეგონა. განსაკუთრებით ირანთან დაკავშირებით არის გამაოგნებელი ჩანაწერი, რაც მხოლოდ ჭორებს ეფუძნება. რეალურად ეს არის "ფრონტერას" ლობისტების წერილი, რომლებიც საქმეში ძალიან ჩაუხედავებიც აღმოჩნდნენ. ამ კომპანიამ ჩვენი ქვეყანა გვარიანად დააზარალა, არანაკლებ ცუდი გაუკეთა აზერბაიჯანსაც, მაგრამ, როგორც ჩანს, იმხელა ფული გადაუხადეს ლობისტებს, რომ ისინი იმას ლაპარაკობენ, რასაც კომპანია ეუბნება.

- ის, თუ როგორ გაართვა მთავრობამ თავი კორონავირუსულ ეპიდემიას ქვეყანაში, "ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმატებად ჩაითვალა. შესაბამისად, ხელისუფლების მხარდაჭერა გაიზარდა. საინტერესოა, რამდენად შეძლებს ამ მხარდაჭერის შენარჩუნებას "ქართული ოცნება" არჩევნებამდე, მით უფრო მოსალოდნელი ეკონომიკური პრობლემების ფონზე?
- ჩემი აზრით, "ქართულმა ოცნებამ" კარგი გამოცდილება მიიღო პანდემიასთან ბრძოლისას და ისიც დაინახა, პროფესიონალების მოსმენასა და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებას რამხელა მნიშვნელობა აქვს. ასევე გამოჩნდა გიორგი გახარიას განსაკუთრებული მენეჯერული თვისებები. შესაბამისად, საზოგადოება კეთილგანწყობილია. უმეტესობამ დაინახა, რომ ხელისუფლებამ ქვეყანას დიდი ხიფათი აარიდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს განწყობა შენარჩუნდება არჩევნებამდე, თუნდაც იმიტომ, რომ ეკონომიკური სიდუხჭირე თავის სიტყვას იტყვის, ამიტომ საჭიროა მნიშვნელოვანი პროექტების სწრაფად განხორციელება, სოციალური დახმარების სისტემების დახვეწა და ახალ ნაბიჯებზე ფიქრი. მთავარია, მოქალაქეებმა იგრძნონ ხელისუფლების ზრუნვა. ვნახოთ, მოახერხებს თუ არა "ქართული ოცნება" მიღწეულის კაპიტალიზაციას.

საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ხელისუფლებისა და ოპოზიციის დაპირისპირება არ არის მნიშვნელოვანი, დიდ ნაწილს არც ეს ვითომ პოლიტპატიმრები ანაღვლებს, რურუაზე საერთოდ არაფერს ვიტყვი, ხალხმა ყველაზე ყველაფერი მშვენივრად იცის. ხალხის საფიქრალი დღეს სოციალური თემები, დასაქმება, ეკონომიკური პრობლემებია...

- შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა დატოვა ქეთევან ციხელაშვილმა, რომელიც ავსტრიაში საქართველოს ელჩად დანიშნეს.
- ვიცი, რომ ციხელაშვილის შეცვლა ჯერ კიდევ იანვარში იგეგმებოდა, მაგრამ კორონავირუსთან დაკავშირებულმა პრობლემებმა ეს გადადო. გარდა ამისა, იგეგმებოდა სახელმწიფო მინისტრის აპარატის გარდაქმნაც. დღესაც არ არის ჯერ გადაწყვეტილი, ამ ფორმით დარჩება ეს უწყება თუ საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუერთდება.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის - თორნიკე შენგელიას გადაწყვეტილებას მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლის შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის - თორნიკე შენგელიას გადაწყვეტილებას მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლის შესახებ?