ალეკო ელისაშვილი: "ყველამ კარგად დავინახეთ, გახარიას როგორ მიაჭედეს შუბლში ის წერტილი" - კვირის პალიტრა

ალეკო ელისაშვილი: "ყველამ კარგად დავინახეთ, გახარიას როგორ მიაჭედეს შუბლში ის წერტილი"

"ახლა პარლამენტის კონტროლის გარეშე მოინდომეს შეზღუდვების დაწესება მათთვის ხელსაყრელ დროს. წარმოგიდგენიათ, სამედიცინო პერსონალს შეუძლია შენი გამოხედვა საეჭვოდ მიიჩნიოს და დაგამწყვდიოს. რა მნიშვნელობა აქვს, სასტუმროში გამოგკეტავენ თუ ციხეში? ამ ახალ კანონს აუცილებლად გავასაჩივრებთ..."

"ქვეყანაში უმძიმესი მდგომარეობაა. ყოველდღიურად ღატაკდებიან ადამიანები, ხელისუფლება კი მაიმუნობით ერთობა. რა დროს გოიმები და შლეგები არიან?! ხელისუფლებას დღედაღამ არ უნდა ეძინოს დამატებითი ინვესტიციების მოზიდვაზე ფიქრით", - ამბობს "საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერი ალეკო ელისაშვილი და ხელისუფლებას პანდემიის საფარქვეშ საკუთარი ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს.

- ლამის პანდემიასთან ბრძოლაში გამარჯვება იზეიმონ და ხალხისთვის ჯერ ის მცირე "მოწყალებაც" არა აქვთ მიცემული, რაც ბიუჯეტიდან გაიმეტეს. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ რეალურად არა აქვთ გააზრებული, რა ხდება ქვეყანაში, რა გასაჭირშია ხალხი, თორემ ოპოზიციას აბუჩად აიგდებდნენ კი არა, შენი ჭირიმე, შენ გენაცვალეს ძახილით გვერდით მოისვამდნენ და კრიზისული სიტუაციიდან გამოსავლის ძიებას მათთან ერთად დაიწყებდნენ. თავად ვერ ხვდებიან, არ იციან, საიდან და როგორ უნდა დაიწყოს პანდემიის შედეგად შექმნილი პრობლემების მოგვარება და სხვას მაინც მოუსმინონ. ეპიდემიის საწყის ეტაპზე დაწესებულ შეზღუდვებს ყველამ მხარი დავუჭირეთ. შემდეგ, როდესაც დავინახეთ, რომ ეს ვირუსი არც ისეთი საშიში და დამაქცევარი ყოფილა, როგორც გვეგონა, ხომ შეიძლებოდა უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი აკრძალვები მოეხსნათ? მაგრამ არა, კუნთები აგვითამაშეს.

- უსაფუძვლო აკრძალვებად რას მიიჩნევთ? - კომენდანტის საათს, განსაკუთრებით კი ბოლო ორი კვირის განმავლობაში არანაირი გამართლება არ ჰქონდა. კორონას დღის სინათლის ეშინოდა და დაღამებისას ადამიანებს ეტაკებოდა? სრული აბსურდი იყო მძღოლის გვერდით სავარძლით სარგებლობის აკრძალვა. ხალხის წვალებაა ისიც, დღესაც რომ არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. იტალიაშიც კი, სადაც უმძიმესი ეპიდემიოლოგიური ვითარება იყო, ერთი დღითაც არ გაჩერებულა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. თბილისში კი ეს ათიათასობით კაცის უმუშევრობას ნიშნავს. მთავრობას, რომელსაც სასიცოცხლოდ აუცილებელი პრობლემები ვერ მოუგვარებია, იცით, რით არის დაკავებული? მთელი ერთი თვეა ქარელის გამგეობა სოფელ რუისში სტადიონის გაყიდვას ცდილობს. სასამართლო პროცესებზე დაარბენინებენ პირბადეებიან რუისელებს.

- სტადიონის გაყიდვა ან ყიდვა კონკრეტულად ვის აინტერესებს?

- ქარელის გამგეობის მექრთამე თანამშრომლებმა გაიხედეს, გამოიხედეს და დაინახეს, რომ ქვეყანაში კორონავირუსია, ადგნენ და სტადიონის გაყიდვა გადაწყვიტეს. ვიღაც კერძო პირს სტადიონის ადგილზე სასტუმროს აშენება უნდა... მთელი ხელისუფლება ასე იქცევა. ზოგმა ტენდერებში მილიონები მოიგო და ზოგმა სოფლის მეურნეობის პროდუქტების გაყიდვით იშოვა მილიონები.

- სოფლის მეურნეობის პროდუქტების გაყიდვით მილიონები ვინ იშოვა? - იმან, ვინც ხელისუფლებასთან ძმაკაცობის წყალობით მარნეულში კიტრი თეთრებად იყიდა და მაღაზიებში კილოგრამი 4 ლარად გაყიდა. როგორც ჩანს, კარგად ვერ მოითბეს ხელი, ახლა პარლამენტის კონტროლის გარეშე მოინდომეს შეზღუდვების დაწესება მათთვის ხელსაყრელ დროს. წარმოგიდგენიათ, სამედიცინო პერსონალს შეუძლია შენი გამოხედვა საეჭვოდ მიიჩნიოს და დაგამწყვდიოს. რა მნიშვნელობა აქვს, სასტუმროში გამოგკეტავენ თუ ციხეში? ამ ახალ კანონს აუცილებლად გავასაჩივრებთ საკონსტიტუციო სასამართლოში.

- მართლა ფიქრობთ, რომ შესაძლოა ხელისუფლებამ უსაფუძვლოდ დაიწყოს მოქალაქეებისთვის თავისუფლების შეზღუდვა საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გამო? - ამათგან არაფერია გამორიცხული. ისე კი, რომ არ ვიმარჩიელოთ, უნდა ჰქონდეთ არგუმენტები. დამიმტკიცონ, რომ ეს კანონი მართლა მნიშვნელოვანია ეპიდემიასთან ბრძოლისთვის. მე კორონას გავრცელების დივერსიას კი არ ვაწყობ, მაგრამ როდესაც წინასაარჩევნო პერიოდში ასეთ უარგუმენტო, ანტიკონსტიტუციურ კანონს იღებ, ლოგიკურად კითხვის ნიშნები ჩნდება. არ იძლევიან ეჭვის საფუძველს თუ რა?! ხომ ნახეთ, 8 მარტის შეთანხმების დარღვევა რომ მოინდომეს. ეგონათ, ამ ეპიდემიის დროს ჩვენთვის ვერავინ მოიცლისო და საბოლოოდ ოროსანი ბავშვებივით დაისაჯნენ.

- თქვენ რას ელით, შეთანხმების პირობებს ბოლომდე შეასრულებენ? - ერთი კაცი, რომელიც იჩემებს, პრემიერი ვარო, ამბობდა, უგულავა და ოქრუაშვილი არ გათავისუფლდებიან და წერტილიო. ყველამ კარგად დავინახეთ, როგორ მიაჭედეს შუბლში ის წერტილი. ახლა რურუაზე ილაპარაკებენ ბევრს და კიდევ უარესად შერცხვებიან.

ხათუნა ბახტურიძე