ირაკლი კობახიძე: "ოპოზიციას გულში თუ არა, გულის ახლოს ნამდვილად­ მოვახვედრე" - კვირის პალიტრა

ირაკლი კობახიძე: "ოპოზიციას გულში თუ არა, გულის ახლოს ნამდვილად­ მოვახვედრე"

"ჩვენი პარტნიორი ქვეყნიდან არც ერთ სახელმწიფო ინსტიტუციას მწვავე შეფასება არ გაუკეთებია. მათ კარგად იციან, რომ 48 მილიონის ქურდი არ შეიძლება პოლიტპატიმრად მოიხსენიო"

რა აუცილებლობით იყო განპირობებული მთავრობისთვის შემზღუდავი ღონისძიებების გატარების უფლების მინიჭება საპარლამენტო კონტროლის გარეშე, უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე გვესაუბრება.

- ოპოზიციას ხუთჯერ თუ ექვსჯერ შევთავაზე ძალიან მარტივი სამი ალტერნატივა: პირველი იყო საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება (ამის საფუძველი ნამდვილად არსებობს, მაგრამ ამ შემთხვევაში ხელი შეეშლებოდა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას და ეს გავითვალისწინეთ), მეორე - ვირუსის თავის ნებაზე მიშვება და იმ შედეგების მიღება, რაც აქვთ მეზობელ სომხეთსა და სხვა ევროპულ ქვეყნებს და მესამე - ამ კანონის მიღება და იმ შეზღუდვების შენარჩუნება, რომლებიც აუცილებელია, რათა წარმატებით დავასრულოთ პანდემიასთან ბრძოლა. ამის შემდეგ ხუთჯერ დავუსვი კითხვა, რომელს აირჩევდნენ ამ ვარიანტებიდან. არც ერთხელ არ გამცეს პასუხი. გასაგებია, რომ მათგან არავინ იქნებოდა ვირუსის გავრცელების ან საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების მომხრე. მესამე ვერსია უალტერნატივო იყო. შესაბამისად, ოპოზიციისა და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის კრიტიკა სპეკულაციაა და არავითარი სამართლებრივი ან პოლიტიკური საფუძველი არა აქვს.

- ოპოზიციას გოიმები ამიტომ უწოდეთ? - ძალიან მომეწონა მათი რეაქცია, გულში თუ არა, გულის ახლოს ნამდვილად მოვახვედრე. ე.ი. როდესაც სპეკულაციების არანაირი საფუძველი არ არსებობს, მაშინაც კი პოულობენ ეს პოლიტიკური სუბიექტები შარის მიზეზებს. ზუსტად ეს არის გოიმობა და ქაჯობა, რასაც ამდენი ხანია ვერ დააღწიეს თავი. სამწუხაროდ, სხვაგვარად პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა არ შეუძლიათ.

- თქვენ როგორ ხედავთ, შეიცვალა თუ არა ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ოქრუაშვილი და უგულავა შეიწყალა? - ამ ამბავმა, რა თქმა უნდა უარყოფითად იმოქმედა საზოგადოების განწყობაზე, რადგან მას სამართლიანობის განცდა სჭირდებოდა. თუმცა საერთო-პოლიტიკური სურათი მაინც არ შეცვლილა. ჩვენ ველოდებით საპარლამენტო არჩევნებს, სადაც ოპოზიცია კიდევ ერთხელ ძალიან მძიმედ დამარცხდება.

- საზოგადოების ნაწილს პრეზიდენტის შეწყალების აქტის გამოცემამდეც აღარ ჰქონდა სამართლიანობის განცდა... - 2012 წლიდან დღემდე სახელმწიფო, ხელისუფლება მუდმივად იბრძოდა სამართლის აღსრულებისთვის. უპირველესად იმ დამნაშავეების მიმართ, რომლებმაც შექმნეს "ნაცმოძრაობის" რეჟიმი.

მიუხედავად იმისა, რომ წერილები დასავლეთიდან საქართველოში 2012 წლის შემოდგომიდან სულ მოგვდიოდა, ჩვენ მაინც მოვახერხეთ და რეჟიმი თითქმის გასამართლდა. მათი ნაწილი სამართალს სხვა ქვეყანაში ემალება, ნაწილი დღემდე იხდის სასჯელს საქართველოს ციხეებში. შეიძლება პრინციპულად ითქვას, რომ მხოლოდ რეჟიმის შემოქმედები კი არა, საშუალო რგოლების საჯარო მოხელეებიც სასჯელს იხდიან ადამიანების წამებისა და კორუფციის გამო.

- რატომ ვერ არწმუნებთ დასავლელ პარტნიორებს, რომ პირადად თქვენ მიერ რუსეთის აგენტად აღიარებული ოქრუაშვილი და ბიუჯეტის ქურდად მიჩნეული უგულავა პოლიტპატიმრები არ არიან? - ცალკეული პოლიტიკოსების კრიტიკა ახალი ამბავი არ არის. ისინი, როგორც უკვე გითხარით, 2012 წლის შემოდგომიდან გვიგზავნიან წერილებს. ჩვენი პარტნიორი ქვეყნიდან არც ერთ სახელმწიფო ინსტიტუციას მწვავე შეფასება არ გაუკეთებია. მათ კარგად იციან, რომ 48 მილიონის ქურდი არ შეიძლება პოლიტპატიმრად მოიხსენიო. შესაბამისად, ეს რჩება ცალკეული პოლიტიკოსების განცხადებად.

- ეს ცალკეული პირები ძალიან მნიშვნელოვანი, გავლენიანი პოლიტიკოსები არიან როგორც ამერიკასა და ევროპაში. მათ საერთაშორისო ტრიბუნიდან არავინ ეკამათება "ქართული ოცნების" დასაცავად. ხომ არ ფიქრობთ, რომ საგარეო პოლიტიკაში სხვა ტიპის სამუშაო გაქვთ ჩასატარებელი? - სამუშაო ყველა შემთხვევაში გვაქვს ჩასატარებელი. ჩვენ დამატებით მუშაობა გვჭირდება, რათა გავაძლიეროთ საერთაშორისო კავშირები. თუმცა ამ მიმართულებით უკვე ბევრი რამ გავაკეთეთ. ევროპასა და ამერიკაში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ჩვენ შესახებ მწვავე განცხადებებს აღარ აკეთებენ. თუმცა სამუშაო კიდევ ბევრია.

- როგორ გგონიათ, ჩვენი დასავლელი პარტნიორების განწყობა მხოლოდ მხოლოდ "ნაციონალების" ლობისტების მუშაობის შედეგია და არა იმ ეჭვების, რაც ბოლო დროს სასამართლო სისტემის შესახებ გაჩნდა? - რასაც თქვენ ამბობთ, ეს მუდმივი დეზინფორმაციის შედეგია. სასამართლოს დისკრედიტაციას გამუდმებით ცდილობენ გარკვეული სუბიექტები, რომლებიც დაკავშირებული არიან კონკრეტულ ოპოზიციურ პარტიებთან. შეგახსენებთ, რომ ტელევიზიებში კლიპებს ატრიალებდნენ სასამართლოს რეპუტაციის ხელოვნურად დასაზიანებლად. თუმცა ყველამ იცის, რომ სასამართლო საქართველოში დამოუკიდებელია.

როდესაც ჩვენ ვეუბნებოდით ოპონენტებს, დაესახელებინათ კონკრეტული საქმე, სადაც, მათი აზრით, სამართლიანობის პრინციპი დარღვეულია, მხოლოდ "რუსთავი 2" ეკერათ პირზე. ბოლოს კი ყველამ ნახეთ, რომ სტრასბურგის სასამართლომ იგივე გადაწყვეტილება გამოიტანა, რაც საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლომ. შესაბამისად, ესეც სპეკულაციებია და იმ გოიმობის გამოხატულება, რაზეც ინტერვიუს დასაწყისში მოგახსენეთ.

- რურუას საქმეზე რას ფიქრობთ? - ოპოზიცია ითხოვს, ხელისუფლებამ სასამართლოზე ზეწოლა მოახდინოს, რათა რურუა გათავისუფლდეს. თუმცა ეს პრინციპულად მიუღებელია. ისინი დღემდე ვერ გამოვიდნენ იმ "ღირებულებებიდან", რაც მათი მმართველობისას ზურაბ ადეიშვილმა დაამკვიდრა. ჩვენ ჩვენი პრინციპები და ღირებულებები გვაქვს, რაც სასამართლოს სრულად დამოუკიდებლობას ნიშნავს. ამიტომ არ ვიცი, რა მოხდება გიორგი რურუასთან დაკავშირებით.

იხილეთ ასევე: გიორგი ვაშაძე: "ხალხმა განსაჯოს, ვინ "სვეტია" და ვინ გოიმი"

ხათუნა ბახტურიძე