"თუ უნდათ, მეგის ქარდავაც მიიღონ თავიანთ რიგებში..." - კვირის პალიტრა

"თუ უნდათ, მეგის ქარდავაც მიიღონ თავიანთ რიგებში..."

"გამორიცხულია მიხეილ სააკაშვილზე აზრი ოდესმე შემეცვალოს. ეს არც მაშინ მომხდარა, როდესაც ივანიშვილის ოპოზიციაში აღმოვჩნდი. არც წარმატებას ვუსურვებ "ნაციონალურ მოძრაობას" არჩევნებში და არც მისი გულშემატკივარი ვიქნები"

საქართველოს ხელისუფლების მისამართით ამერიკელი კონგრესმენებისა და სენატორების თუ ევროპარლამენტარების ნაწილის კრიტიკული განცხადებების პარალელურად, გააქტიურდა ოპოზიციაც, რომელიც ცდილობს ხელისუფლებას ერთიანი ფრონტის ხაზიდან შეუტიოს. რამდენად მყიფე იქნება ეს გაერთიანება და რას მოუტანს როგორც ოპოზიციას, ასევე მმართველ გუნდს, ორგანიზაცია "სამოქალაქო იდეის" ხელმძღვანელი თინა ხიდაშელი გვესაუბრება.

- ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილების მოთხოვნის თაობაზე შეთანხმდა, რადგან ეს თემა აქტუალურობას მხოლოდ ასეთი ერთობლივი მოთხოვნის შედეგად შეინარჩუნებს. ამის მიღმა თუნდაც საარჩევნოდ ან მასთან დაკავშირებულ მზადების პროცესში არასაჭიროდ მიმაჩნია რაიმე სახის დიდ ერთიანობაზე საუბარი. თუნდაც შეძლონ 20 ივნისს აქციის ჩატარება, ახლა ერთიანობის არც პოლიტიკური და მით უფრო არც საზოგადოებრივი აუცილებლობა არა გვაქვს. თუმცა "ვარდების რევოლუციის" შემდგომ პირველად გვეძლევა შესაძლებლობა, ასეთი პროცესებით ქვეყანა დემოკრატიულ რელსებზე გადავიყვანოთ და კოალიციური მმართველობის შესაძლებლობა შევქმნათ, ამას კი მრავალპარტიული არჩევნები სჭირდება.

ასე რომ, მნიშვნელოვანი საკითხების გამო აუცილებელია ერთიანობის შენარჩუნება - ვგულისხმობ საკონსტიტუციო ცვლილებებს. თუ ამას მივაღწევთ, ხვალ-ზეგ ბრძოლა მოგვიწევს იმისთვის, რომ ის ინიციატივები საარჩევნო კანონმდებლობაშიც აისახოს, რადგან მმართველი გუნდი ისევ შეეცდება მანიპულირებას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ოპოზიციას ჰქონდეს საერთო პრინციპები, რათა საარჩევნო კამპანიის დაწყებისას ერთად შეებრძოლოს გაყალბებას, მოსყიდვასა და სხვა არაკანონიერ ქმედებებს.

- როგორ მიიღებს თუნდაც ერთი პრინციპებით გაერთიანებულ ოპოზიციას ამომრჩეველი მისი ეკლექტიკურობიდან გამომდინარე? შალვა ნათელაშვილის, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის ერთად დგომა არც ისე დიდი ხნის წინ წარმოუდგენელი იყო, რომ არაფერი ვთქვათ მათ პიროვნულ ცვლილებაზე. მაგალითად, ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილმა გადამლაშების გამო დააკავა... - მათი პიროვნული და პოლიტიკური პრინციპების ცვლილება ჩემთვის არ არის მნიშვნელოვანი, ყველას არჩევანი ინდივიდუალურია, საკუთარ თავზე კი ზუსტად შემიძლია იმის თქმა, რომ გამორიცხულია მიხეილ სააკაშვილზე აზრი ოდესმე შემეცვალოს. ეს არც მაშინ მომხდარა, როდესაც ივანიშვილის ოპოზიციაში აღმოვჩნდი. ვინმეს ოპოზიციაში წასვლა არ გულისხმობს, რომ მოწინააღმდეგეს უნდა დაუმეგობრდე.

- "ნაციონალებისა" და "ევროპული საქართველოს" წევრები ფრთხილ განცხადებებს აკეთებდნენ ვანო მერაბიშვილის შესახებ... - არ ვთვლი ვანო მერაბიშვილს ისეთ მნიშვნელოვან ფიგურად, რომ მისი რომელიმე ბანაკში ყოფნა მაღელვებდეს. ვისაც ის რეიტინგის ასაწევად სჭირდება, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს. მეტიც, თუ უნდათ, მეგის ქარდავაც მიიღონ თავიანთ რიგებში. არც წარმატებას ვუსურვებ "ნაციონალურ მოძრაობას" არჩევნებში და არც მისი გულშემატკივარი ვიქნები; მით უფრო, ვანო მერაბიშვილის შესახებ არა მაქვს დადებითი აზრი და არც პოლიტიკური ინტერესები.

- "ფრონტერას" თემაზეც გკითხავთ, რომელმაც წააგო საარბიტრაჟო დავა საქართველოს მთავრობასთან. ორივე მხარე თავის სასარგებლოდ ცდილობს ვითარების წარმოჩენას. საერთაშორისო იურიდიული კომპანია Hogan&Lovells-ის იურისტი კარლ ფოერნბახერის თქმით, რომელიც "ფრონტერასთან" საერთაშორისო საარბიტრაჟო დავისას საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის და ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ინტერესებს იცავდა, "ფრონტერა" საქმის პოლიტიზებას დასაწყისიდანვე ცდილობდა. თავის მხრივ, "ფრონტერა რისორსი" საქართველოს მთავრობას შევიწროებაში ადანაშაულებს. თქვენი მოსაზრებით, ვის მხარეზეა სიმართლე? - "ფრონტერა" კერძო კომპანიაა და მისი საქმიანობის განხილვას არ ვაპირებ, მაგრამ საქმე ის არის, რომ ხელისუფლება ცდილობს ყველა პრობლემა მას აჰკიდოს. ბევრი რამ არ ვიცი, რადგან ყველა დოკუმენტი საჯარო არ ყოფილა. თუმცა კარგია, რომ ეს დავა საქართველოს ხელისუფლებამ მოიგო, ერთი შემთხვევა მაინც დაფიქსირდა, რომ სადღაც რაღაც მაინც მოიგო. რადგან საქმეში არა ვარ ჩახედული, ვერ ვიტყვი, ვინ არის მოგებული და ვინ წაგებული. გადაწყვეტილებიდან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რა მოხდება შემდეგ, მაგრამ რადგან ბევრი კითხვა ბუნდოვანია, შესაბამისად, ვერც ვივარაუდებთ, როგორი იქნება "ფრონტერასთან" ურთიერთობა, თუკი საერთოდ გაგრძელდა... თუმცა აქ სხვა რამეა მნიშვნელოვანი - საქართველოს ხელისუფლების ინტერესები, რომელსაც სურს ამ კომპანიის დისკრედიტაციის ხარჯზე გავიდეს ფონს.

- ერთ-ერთი ვერსიით, საქართველოს ხელისუფლებამ ამ კომპანიასთან დავა მართლა მოიგო და ამის მიუხედავად, ამერიკელი სენატორები მაინც აცხადებენ, საქართველოს მთავრობა ჩაგრავს ამერიკულ კომპანიასო; მეორე მხრივ, გვესმის, რომ "ფრონტერაზე" შეტევით საქართველომ საგარეო ვექტორი შეცვალა და ქვეყანაში ამერიკულ ბიზნესს დევნიან. - თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, პრობლემები კომპლექსურია, მაგრამ ქვეყნისთვის უმთავრესი ის არის, რომ საქართველოს ხელისუფლებას მთელ მსოფლიოში სახელი იმდენად აქვს გატეხილი, ამა თუ იმ თემის დეტალებით არავინ ინტერესდება. ყველას ჰგონია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში საქართველოს მთავრობა ტყუის. ეს ყველაზე უარესია, რაც კი შეიძლება დემოკრატიულ და სუვერენულ სახელმწიფოს დაემართოს, რადგან აქედან ქვეყნის ხელისუფლების არალეგიტიმურად გამოცხადებამდე ნახევარი ნაბიჯია. დარწმუნებული ვარ, არც ის ამერიკელი სენატორები იცნობენ საქმეს დეტალურად, მაგრამ ჩვენი ხელისუფლების მიმართ უნდობლობა აძლევთ ასეთი განცხადებების საფუძველს.

თუ "ფრონტერა" მართლა ახდენს ზეწოლას, სად არიან ის ინსტიტუტები, რომლებიც საერთაშორისო ურთიერთობებზე არიან პასუხისმგებელი? დავიჯერო საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საელჩომ, პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა ამერიკაში ინფორმაცია ვერ ჩაიტანეს, თუ რა ხდებოდა სინამდვილეში "ფრონტერას" გარშემო?

ჩემი ინფორმაციით, გასულ წელს ტეხასში საქართველოს ეკონომიკის მინისტრი და პრემიერი იყვნენ ჩასული "ბიზნესურთიერთობების დასალაგებლად", რაც ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით საუბრის თემა სწორედ ეს კომპანია იყო. ამიტომ ვამბობ, პრობლემა კომპლექსურია-მეთქი... რაც შეეხება იმას, შეიცვალა თუ არა საგარეო ვექტორი ხელისუფლებამ, ლოგიკურია ასეთი მოსაზრება, რადგან სულ ახლახან სრულიად არადამაჯერებელი არგუმენტების მოშველიებით გააჩერა ისეთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და დასავლური სტრატეგიული ინტერესების შემცველი პროექტი, როგორიც არის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რის შემდეგაც ქვეყანა დატოვა ამერიკულმა კომპანია "კონტიმ". მათ თავად ნახეს, როგორ გააძევეს ეს კომპანია. ასეთი ნაბიჯების შედეგად დაკარგა ნდობა საქართველოს ხელისუფლებამ როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე.

- ამ ყველაფერს ჯაჭვურად მოჰყვა ამერიკის სენატორების კრიტიკა, რომ ქვეყანას ჰყავს პოლიტპატიმრები; თითქოს მთავრობის წევრები რუსული ბიზნესისთვის ცდილობენ ნიადაგის მომზადებას. რას მოუტანს ეს ხელისუფლებას მაშინ, როდესაც არჩევნები კარს არის მომდგარი? - ეს ის უკიდურესი შემთხვევაა, როდესაც სხვა აღარაფერი მოქმედებს ხელისუფლებაზე და პერიოდულად ასე, შემოლაწუნებით მოჰყავთ აზრზე. სამწუხაროა, რომ ეს გარე ძალების გარეშე ვერ ხერხდება. თუმცა ახლა სირაქლემას პოზაში ყოფნის დრო არ არის და საზოგადოებამ ასეთ ფაქტებს კი არ უნდა წავუყრუოთ, ჩვენს ხელთ არსებული ყველა მექანიზმი უნდა გამოვიყენოთ.

ძალიან ცუდია, რომ 2020 წელს საქართველოს ეუბნებიან, პოლიტიკური პატიმრები გყავთო. ასეთ რამეებს რაც უფრო ხშირად გაიმეორებენ, ჩვენი ევროპული პერსპექტივა უფრო გადაიწევს.

თუმცა ხელისუფლებამ უნიათო, დაუფიქრებელი და წინდაუხედავი ნაბიჯებით როგორც ქვეყანაში, ასევე მის გარეთ, ფაქტობრივად, შეცდომების უწყვეტი ჯაჭვი გააბა და სხვა შანსი არ დაუტოვა როგორც ქართველ საზოგადოებას, ასევე ევროპელ პარტნიორებს, რომლებიც ამდენ ხანს პოლიტიკური განცხადებებისგან თავს იკავებდნენ. თუმცა, რადგან ხელისუფლებას დასჩემდა ასეთი გაუგონარი კანონზომიერებები, რაც თურმე ჩვენ, ჩვეულებრივ მოკვდავებს, როგორც თავად ამბობენ, "გოიმებს", არ გვესმის, ამიტომ მჭახედ ეუბნებიან, რურუა არის პოლიტპატიმარი და უნდა გამოუშვათო. როგორც უნდა შეეცადონ, ხელისუფლება ამას ინტერპრეტაციას ვეღარ გაუკეთებს. არადა, ეს ძალიან სამწუხაროა.

- რა შეიძლება მოჰყვეს "ქართული ოცნების" ამგვარ ურჩობას? - ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებას, რომ თურმე ამერიკელი სენატორების განცხადებები საქართველოს სუვერენიტეტს ზღუდავს, სრული სიბრიყვეა. ასეთი რამ ხდება მხოლოდ უცხო ქვეყნის ძალების იძულებითი ღონისძიებების, სხვა სახელმწიფოს მიერ ჯარის შემოყვანის, ასევე, კიბერთავდასხმის, ისტორიული წარსულის, მოსახლეობაზე ფსიქოლოგიური ოპერაციების Gჩატარების შემთხვევაში. ჩვენ კი, 2002 წელს ედუარდ შევარდნაძის ისტორიული განცხადების შემდეგ, საქართველოს სურს ნატოს წევრი გახდესო, ვისწრაფვით დასავლეთში ინტეგრირებისკენ. თავად მათ არასდროს უთქვამთ, ეს რამდენიმე დავალება შეასრულეთ და მიგიღებთო.

ასე რომ, ვფიქრობ, ხელისუფლების ბოლოდროინდელი ქმედებების შემდეგ ჩვენი ქვეყნის ამომრჩევლის დასავლეთისკენ მაყურებელი ნაწილი სრულიად გაემიჯნა "ქართულ ოცნებას" და მათი გულის მობრუნების შანსი ივანიშვილს არა აქვს. ამასთან, ეს არჩევნები წარმოაჩენს საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც დასავლეთისკენ არ იყურება და იჯერებს "ოცნების" ნარატივს, რომ სენატორების განცხადება "ამერიკული იმპერიალიზმის გამოვლინებაა". შესაბამისად, ამ არჩევნებით დავითვლით, რამდენი იყურება დასავლეთისკენ და რამდენი რუსეთისკენ.