ლევან მამალაძე: "ბარამიძემ ჟვანიას დანაბარები გადმომცა, სააკაშვილს შენი დაჭერა და ჩვენს წინააღმდეგ გამოყენება უნდაო"
25-05-2020
ლევან მამალაძე: "ბარამიძემ ჟვანიას დანაბარები გადმომცა, სააკაშვილს შენი დაჭერა და ჩვენს წინააღმდეგ გამოყენება უნდაო"
"ოქროს ზოდები, ნიანგები, ბეჰემოთები და ფარშავანგები - ყველაფერი სააკაშვილის ლეგენდებია ჩემზე უარყოფითი აზრის შესაქმნელად"

ქვემო ქართლის ყოფილმა გუბერნატორმა ლევან მამალაძემ საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა. გთავაზობთ ამონარიდს განცხადებიდან: "17 წელია, რაც სამშობლოდან უსამართლოდ მოწყვეტილი ვარ, მხოლოდ იმიტომ, რომ სააკაშვილის პოლიტიკური მოწინააღმდეგე ვიყავი და შავი პიარისა და ჭორების მეშვეობით ჩემი განადგურება დაგეგმა და ჩემს მიმართ უკანონო სისხლის სამართლებრივ დევნას შეუდგა. სააკაშვილის სისხლიან რეპრესიებს შეეწირა ჩემი ოჯახის ბედი და
ჩემი ახლობლების სიცოცხლე. ჩემი საქმე კლასიკური მაგალითია პოლიტიკური დევნისა და მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ სამართლიანობის აღდგენა. უმორჩილესად გთხოვთ, შემიწყალოთ! მომეცით საშუალება, დავბრუნდე საქართველოში, ვიყო მხცოვანი დედის გვერდით და ამ რთულ პერიოდში როგორც რიგითი ჯარისკაცი ვემსახურო სამშობლოს!"

შეგახსენებთ, რომ ლევან­ მამალაძე 2003 წლი
დან საზღვარგარეთ ცხოვ­რობს და სასამართლომ მას ქრთამის აღებასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისთვის დაუსწრებლად 17 წლით აღუკვეთა თავისუფლება.

"კვირის პალიტრა" ლევან მამალაძეს­ უცხოეთში დაუკავშირდა.

- საქართველოდან 2003 წელს წავედი, მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა ჩემი უკანონო დევნა დაიწყო. ჩემი შვილები უკრაინაში გაიზარდნენ, დონბასში, მერე იქ ომი დაიწყო და გადაადგილებამ მომიწია. უკრაინა პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც პოლიტიკური დევნილის სტატუსი მომანიჭა.


- ინტერპოლს წითელი ცირკულარიდან მოუხსნიხართ. ეს როდის და როგორ მოხდა?
- ინტერპოლმა ჩემზე ძებნა 2015 წელს მოხსნა ისე, რომ არც მიმიმართავს. ამის მოტივი ის გახდა, რომ შეისწავლეს ჩემი საქმე და პოლიტიკური სარჩული დაინახეს...

- საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების­ თხოვნით მიმართეთ. ეს თავისთავად ხომ არ ნიშნავს თქვენი მხრიდან ბრალდების აღიარებას?
- შეწყალების იურიდიული ნაწილი არ ითვალისწინებს აღიარებას. შეწყალება­ არის პრეზიდენტის მიერ გამოცემული აქტი ადამიანის მდგომარეობის გათვალისწინებით. 2012 წლიდან იმედი გამიჩნდა, რომ ეს პროცესი დაიძრებოდა და მაშინდელ საპარლამენტო კომისიაში მასალები შევიტანეთ. ერთ-ერთი პირველი ვიყავი, რომელსაც სხვა სახელმწიფოს (უკრაინის) მხრიდან პოლიტდევნილის სტატუსი ჰქონდა. მერე ამ სიიდან ამომიღეს - "ოცნებაში" სააკაშვილის მოტრფიალეთა ძალიან დიდი ჯგუფი­ იყო და ამის ინიციატორებიც ისინი გახლდნენ. არ გავჩერებულვარ და პროკურატურაში შევიტანე მასალები. 2012 წლიდან, ვინც კი დაინიშნა, ყველა პროკურორს მივმართე... საქმე მთლიანად დაშლილია, არ არსებობს რაიმე­ მტკიცებულება ან მოწმე...

სააკაშვილის პროკურატურამ საქმე შეკერა. დეკლარაციას ყოველწლიურად ვავსებდი და რაიმე შეცდომა მაკონტროლებელს არ დაუფიქსირებია. როცა ვერაფერი ნახეს, სააკაშვილის დავალებით ყველაფერი უკანონოდ გამოაცხადეს და დევნა დამიწყეს. გახმაურებული ოქროს ზოდები, ნიანგები, ბეჰემოთ­ები და ფარშავანგები - ყველაფერი ჭორია და ბრალში მსგავსი არაფერია, სააკაშვილი ამ ლეგენდებს­ ჩემზე უარყოფითი აზრის შესაქმნელად ავრცელებდა.

დეკლარაციაში მიწერია მანქანა და ვიზა-ბარათი,­ რომელიც მე და ჩემს ოჯახს გვქონდა. გამოაცხადეს, რომ მანქანა ქრთა­მად მაქვს მიღებული, ვიზა-ბარათი კი უკანონოა. "შევროლე" ოფიციალურად, მაღაზიაში შევიძინე და ყველა დოკუმენტი მქონდა. პროკურატურამ მონახა პირები, რომლებზეც საქმე ჰქონდათ აღძრული­ და გაურიგდნენ ეთქვათ, რომ მანქანა ქრთა­მად მომცეს და არანაირი საბუთი არ არსებობდა. ჩვენება, რომელსაც პროკურატურა დაეყრდნო, მერე ამ მოწმეებმა­ უარყვეს... ვიზა-ბარათზე 4 წლის განმავლობაში სულ 14.000-ის ბრუნვაა­ და ყველა ბრუნვა დაფიქსირებულია დარღვევად და შემოსავლების დამალვად. ბარათთან დაკავშირებითაც­ იპოვეს ბანკის თანამშრომელი, რომელიც სცემეს, გაუპატიურებით დაემუქრნენ და დააწერინეს, თითქოს მას ჩემი დავალებით შეჰქონდა-გამოჰქონდა თანხა... ამ კაცმა დაწერა, მაწამესო, მაგრამ ყურად არ იღეს...

- 500 კგ ოქროს გატანის ამბავიც მითია?
- 2004 წლის იანვარში ერთ-ერთ გაზეთში დაიწერა: ფოთის პორტში ჩაიძირა დიდი კატერი. აღმოჩნდა, რომ ამ კატერში ჩალაგებული იყო ოქროს ზოდები,­ რომლებიც მამალაძეს უნდა გაეტანა საზღვარ­გარეთო. მყვინთავები მოიყვანეს, ამოიტანეს და გაიტანესო. მერე წვრილად იყო მინაწერი: "დაუზუსტებელი ინფორმაცია". ოქროს ზოდების თემა იცით, საიდან მოდის? გახსოვთ, ბოლნისში იყო სახელმწიფო­ საწარმოები "მადნეული" და "კვარციტი", რომლებიც ომიანობის დროს ძარცვისგან­ კბილებით დავიცავით. სააკაშვილი, რომელიც იმხანად იუსტიციის მინისტრი იყო, იქ მომუშავე­ ინვესტორებს 2 მილიონად გაურიგდა, რომ ამ ორ საწარმოს გააკოტრებდა და მათ ვალებში გადასცემდა. ამ დროს დავუპირისპირდით ერთმანეთს მე და სააკაშვილი. საქმეში სულხან მოლაშვილიც ჩაერთო (აბა, რისთვის აწამეს?) და ჩვენ, ფაქტობრივად, შევძელით ამ გარიგების ჩაშლა... როგორც კი სააკაშვილი პრეზიდენტი გახდა, რამდენიმე დღეში ეს საწარმოები სახელმწიფოს წაართვა და რუსულ კომპანიას გადასცა საკუთრებაში, რომელსაც ბიძამისი აკონტროლებდა. ახლა თქვენ თვითონ შეაფასეთ, ვინ რა გაძარცვა. მე, რომელიც სახელმწიფოს ინტერესებს ვიცავდი, დავისაჯე, სააკაშვილი კი დღესაც საქართველოს დიდი ქონების მეპატრონეა.

- ნიანგების, ბეჰემოთების და ფარშავანგების თემა საიდან წამოვიდა? მართლა არ გინადირიათ "შავი რაშით ნიანგებზე აფრიკაში"?
- ნადირის მოკვლა ცოდვად მიმაჩნია, ნადირობას საერთოდ ვერ ვიტან! გეტყვით,­ რას მოება ნიანგ­ების თემა. 2001 წელს ბრაზილიაში ტარდებოდა რეგიონული და მუნიციპალური ტურიზმის განვითარების საერთაშორისო კონფერენცია. საქართველოს მთავრობის ნებართვით ჩვენც მივიღეთ მონაწილეობა. დმანისში რომ აღმოაჩინეს ჰომოერექტუსის ყველაზე ძველი ნაშთები, ბრაზილიაში ამის პრეზენტაცია გავმართეთ ტურიზმის მხარდასაჭერად. როცა დავბრუნდით, მთავრობის სხდომაზე მოხსენება გავაკეთე. მიშამ ეს აიტაცა, მოსყიდული მედია დააფინანსა და იმას კი არავინ ამბობდა, სინამდვილეში რისთვის ვიყავი წასული, მათ აწერინებდა, მამალაძე ბრაზილიაში კარნავალზე და ნიანგებზე სანადიროდ იყო წასულიო.

- "ლევან ფაშაც" მიშამ შეგარქვათ?
- ფაშა თურქული სიტყვაა და ნიშნავს გენერალს, მაგრამ სააკაშვილმა ეს სტატუსი­ ქართველების გასაღიზიანებლად მოიფიქრა. 90-იან წლებში ქვემო ქართლში ეთნიკური­ დაძაბულობის სერიოზული საფუძვლები­ არსებობდა, მაგრამ მოვაგვარეთ - საქართველო არ ჩაერთო სომხურ-აზერბაიჯანულ ომში. აზერბაიჯანელებმა, ბერძნებმა და სომხებმა ქართულის სწავლა დაიწყეს, დემოგრაფიული სირთულეები დავაბალანსეთ, აჭარიდან და სვანეთითან სტიქიით დაზარალებული ოჯახები ჩამოვასახლეთ... მხარდაჭერა, რომელიც ქვემო ქართლში მქონდა, სააკაშვილმა ისე დახატა, "ლევან ფაშას" ეძახიან, ხედავთ, რა ცუდი ტიპიაო...

მას ჩემზე დავალება ჰქონდა მიცემული, მამალაძე დაიჭირეთ და გაანადგურეთო. ცნობილი ფაქტია, მიშას ჩემი მოკვლა უნდოდა.

როცა რეპრესიები დაიწყეს, მაშინდელ შს მინიტრ გია ბარამიძეს შევეხმიანე. ჩამოვალ,­ ოღონდ სამართლიანი სასამართლოს პირობა მომეცით-მეთქი. მეორე დღეს ბარამიძემ ჟვანიას დანაბარები გადმომცა, სააკაშვილს შენი დაჭერა და ჩვენი გუნდის წინააღმდეგ გამოყენება უნდა, სასამართლო­ კი არა, სიცოცხლის გარანტიასაც ვერ მოგცემთო.

- ვინაიდან სააკაშვილ-ჟვანიას გუნდს შორის დაპირისპირება იყო, რას იტყვით ჟვანიას ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე...
- ზურაბი სააკაშვილის ტირანიული რეჟიმის ხელის შემშლელი იყო. იმ დროს მხოლოდ ჟვანიას შეეძლო სიმართლე გაეტანა საქართველოდან და სააკაშვილისთვის პრობლემები შეექმნა. ეს პროცესი უკვე დაწყებული იყო და ზურაბ ჟვანიას მკვლელობაც მალევე მოხდა. გაიხსენეთ სააკაშვილის სახე, ძლივს იკავებდა ღიმილს, როცა ჟვანიას გარდაცვალება გვამცნო. გაიხსენეთ, როცა ჟვანია მოიშორა, სწორედ მაშინ აიშვა სააკაშვილმა, მას შემდეგ დაიწყო მასობრივი ძალადობა, ადამიანების გატაცება, წამება, ბიზნესების წართმევა...

- გაქვთ იმედი, რომ პრეზიდენტი შეგ­ი­წყ­ა­ლებთ, როცა თავის დროზე საფრანგეთმა უარი გითხრათ თავშესაფრის მოც­ემაზე და ამას მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის, სალომე ზურაბიშვილის ჩარევას უკავშირებდით?
- საფრანგეთის საკონსულოში ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ სააკაშვილი არ დაუშვებდა, რომ ვინმეს პოლიტდევნილის სტატუსი მიეღო. თავშესაფარზე უარი რომ მითხრეს, ეს მიშას დავალება იყო, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტრომ წერილობით დაგზავნა საელჩოებში. რაც შეეხება ქალბატონ სალომეს, ასეთი ბექგრაუნდის პრეზიდენტი­ საქართველოს ჯერ არ ჰყოლია. იმედია, გაითვალისწინებს ჩემს თხოვნას. პირადად არ ვიცნობ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, დამოუკიდებლად მოქმედებს და შეუძლია სიტუაციის შესწავლისა და ობიექტური განწყობის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება.

- თქვენ პრეზიდენტ მარგველაშვილის იმედიც გქონდათ, როცა მას იმავე შეწყალების თხოვნით 2015 წელს მიმართეთ...
- მარგველაშვილს ჯერ კიდევ ახალგაზრდობიდან ვიცნობდი...
მისი საახლობლო წრე იმავე სააკაშვილის წრეა და ვიცოდი, პრობლემები ექნებოდა. გიორგის დავურეკე­ კიდეც, მომეცით საშუალება ჩამოვიდე და სამართლებრივ ნაწილზე ნუ აიღებთ პასუხისმგებლობას, მე გავმართავ სასამართლოს-მეთქი. რაღაცებს მიედ-მოედო და მაგრძნობინა, რომ სააკაშვილის რეაქციას უფრთხოდა. ცხადია, მერე მიშა გამოხტებოდა, რაღაცას იტყოდა და ამიტომ არ უნდოდა ამ პროცესში ჩართვა.

ახლა სხვა ვითარებაა, მმართველ გუნდს ჩამოსცილდა ბევრი ჯგუფი, რომლებიც სააკაშვილისგან დავალებული იყვნენ. ოპოზიციაც კი თავისუფლდება სააკაშვილის სინდრომისგან... იმედი მაქვს, მიღებული იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება.

- უცხოეთში რას საქმიანობთ?
- სტრატეგიული დაგეგმარების ცენტ­რის ხელმძღვანელი, ჰუმანიტარული ორგა­ნიზაციის კონსულტა­ნტი და სოციალური ფსიქოლოგიის სპეციალისტი­ ვარ. ზოგიე­რთებს ჩაუხვევიათ, გუბერნატორი, გუბერნატორიო. ვერ გავიგე, გუბერნატორად დავიბადე და გუბერნატორად უნდა მოვკვდე?

- უკრაინა ახსენეთ და, სააკაშვილის ახალ თანამდებობაზე დანიშვნაზე რას იტყვით?
- სააკაშვილი არის საერთაშორისო­ ინტრიგანი და ზელენსკი მის გამ­ო­ყ­ენებას­ ცდილობს... მას სჭირდება მოინტრიგანო ელემენტი, რომელსაც შეუძლია ვიღაცას რაღაც დააბრალოს და ილაპარაკოს ის, რასაც თვითონ ვერ იტყვის. სააკაშვილის ჩვევაა, ვინც დაეხმარება, მერე იმას ღალატობს - ჯერ შევარდნაძეს, მერე პოროშენკოს, ახლა ზელენსკის ჯერია. ზელენსკიმ იმიტომ მიიყვანა სააკაშვილი, რომ ჯერ ერთი, დაუპირისპიროს იმ პოლიტიკოსებსა და ოლოგარქებს და აყვიროს მათ წინააღმდეგ, ვისაც თვითონ ვერ უპირისპირდება. მეორე - დაულაგოს ურთიერთობები დასავლეთთან და ასევე გადაიტანოს საზოგადოების ყურადღება იმაზე, რომ ვითომ რაღაც კეთდება ქვეყანაში. ზელენსკი­ შეეცდება სააკაშვილი ტრიბუნად გამოიყენოს, მაგრამ მიშა როგორც კი შეატყობს, რომ რეფორმები ჩიხში შევიდა, გადადგება და ყველაფერს ზელენსკის გადააბრალებს. ამ პერიოდში მხარდამჭერებს შემოიკრებს,­ ოლიგარქებს ფულს დასტყუებს და რადაში გადასკუპებას შეეცდება.

- საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში სად ხედავთ თქვენს თავს, კვლავ პოლიტიკაში?
- არავითარ პოლიტიკურ დაჯგუფებაში შესვლას არ ვაპირებ.
სამშობლოში 80 წლის დედა მყავს, რომელიც 17 წელია არ მინახავს. ერთი დედაღა დამრჩა, კაცი ყველა ამოწყდა ჩემს გარემოცვაში - მამაჩემი სააკაშვილმა მოკლა, ბიძაჩემიც მიშას მსხვერპლია. ახლაც ჟრუანტელი მივლის, რომ წარმოვიდგინე, როგორ ზის ვაჟა-ფშაველაზე ბინაში გამოკეტილი დედაჩემი, მე კი მის გვერდით არა ვარ.

მე არც სენატორები მყავს და არც თითის­ დამქნევები... ყველას მადლობა მინდა ვუთხრა, დღე-ნახევარში 4000 ხელმოწერა დაფიქსირდა ჩემი შეწყალების მხარდასაჭერად, საზოგადოების განწყობა მნიშვნელოვანი უნდა იყოს პრეზიდენტისთვის, რათა დამოუკიდებელი და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს.


რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის - თორნიკე შენგელიას გადაწყვეტილებას მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლის შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის - თორნიკე შენგელიას გადაწყვეტილებას მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლის შესახებ?