რა პროვოკაცია-ინსპირაციებია მოსალოდნელი არჩევნებამდე და არჩევნების დროს?!
25-05-2020
რა პროვოკაცია-ინსპირაციებია მოსალოდნელი არჩევნებამდე და არჩევნების დროს?!
"სპეცსამსახურებმა შეიძლება გამოიყენონ პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო სექტორი, მასმედია, კრიმინალური სამყარო... ეს ხდება კომბინირებულად, სადაზვერვო პროპაგანდის გაძლიერებით"

საარჩევნო წელია და პოლიტიკური ვითარებაც უფრო იძაბება. ექსპერტთა შეფასებით, რუსული სპეცსამსახურები ასეთ შანსს ხელიდან არ გაუშვებენ და შეეცდებიან ქვეყანა უკიდურეს დესტაბილიზაციამდე მიიყვანონ. როგორ შეიძლება გამოიყენონ ეს ვითარება რუსულმა (და არა მარტო) სპეცსამსახურებმა, რა სცენარები და პროვოკაცია-ინსპირაციებია მოსალოდნელი არჩევნებამდე და არჩევნების დროს, ამ კითხვებზე მოსაზრებებს "კვირის პალიტრას" პროფესიონალი ექსპერტები უზიარებენ.

"შესაძლებელია პოლიტიკური ლიდერები იქცნენ პოლიტიკური
დაზვერვის აგენტ-პროვოკატორებად"

დავით კუხალაშვილი, უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი, ეროვნული და კორპორაციული უსაფრთხოების სასწავლო კვლევითი ცენტრის დირექტორი: - თუ იმის მიხედვით ვიმსჯელებთ, რომ პანდემიის გამოისობით პროცესები რთულად სამართავია, ხელისუფლებამ და ჯანდაცვამ პრობლემას კარგად გაართვეს თავი, რამაც მათი ავტორიტეტი გარკვეულწილად აამაღლა. ეს, რა თქმა უნდა, საქართველოში დესტაბილიზაციით დაინტერესებული
უცხო სახელმწიფოებისა და შესაბამისად, მათი სადაზვერვო სამსახურების ინტერესებში არ შედის.

როცა ჩვენ პანდემიას ვებრძოდით, რუსეთი ჯერ კიდევ ამ პერიოდში ცდილობდა საქართველოში წმინდა სადაზვერვო ნიშნების შემცველი ზომების გატარებას. იყო დეზინფორმაციული ნაკადი, რათა რაც შეიძლება დისკრედიტიბული ყოფილიყო როგორც ხელისუფლება, ისე სამედიცინო სპექტრი. გარდა ამისა, დეზინფორმაციის მიზანი იყო პანიკის დათესვა და არეულობის გამოწვევა.

პარალელურად, მას მხარს უბამდა მასმედიის ზოგიერთი საშუალება, რომლებიც პოლიტიკური პარტიების ვიწრო ინტერესებიდან გამომდინარე საქმიანობენ და პრაქტიკულად, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო პროპაგანდისტულ საქმიანობას ეწევიან როგორც ქვეყანაში, ისე საერთაშორისო არენაზე. დეზინფორმაციული მიმართულება განსაკუთრებით აქტუალური იყო სოციალურ ქსელებში და ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ის იყო, რაც შეიძლება დისკრედიტებული ყოფილიყო ხელისუფლება და პანდემიასთან ბრძოლის მისი კურსი, ცდილობდნენ მოსახლეობა დაერწმუნებინათ, რომ კოვიდ-19 არ არსებობს და ა.შ. ეს მოდუნების მეთოდოლოგია და სოციალური დესტაბილიზაციის პირდაპირი მცდელობაა.

შესაძლებელია გათვლილი ჰქონდათ, რომ უარყოფითად განწყობილი მოსახლეობა ხელისუფლების წინააღმდეგ გამოვიდოდა და ამ შემთხვევაში რუსეთის სპეცსამსახურებს იოლად ზეგავლენის საშუალება ექნებოდათ საქართველოს ხელისუფლებაზე. არც ის არის გამორიცხული, თუ მასობრივი გამოსვლები იქნებოდა, ხელისუფლებაც შეცვლილიყო და მოსულიყო ხელისუფლება, რომელიც რუსეთის ფედერაციის ინტერესებს აღასრულებდა.

- ეს რადგან არ გამოუვიდათ, წინ არჩევნებია და სპეცსამსახურები კიდევ უფრო გააქტიურდებიან?
- პარლამენტს გარეთ და პარლამენტში არსებული ოპოზიციური სპექტრის მნიშვნელოვანი ნაწილის ქმედებებში, პრაქტიკულად, იკვეთება უცხო ქვეყნების სადაზვერვო ინტერესების თანხვედრი ქმედებები. თუ გავითვალისწინებთ, რომ სადაზვერვო საქმიანობა კონკრეტული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დამაზიანებელი საქმიანობაა, ვფიქრობ, პოლიტიკური სპექტრის მოქმედებებში ჩანს იმის ნიშნები, რომ მაღალი ალბათობით საქმე გვაქვს უცხო ქვეყნების, მეტადრე რუსეთის სადაზვერვო საქმიანობის განსაკუთრებულ გააქტიურებასთან. შესაბამისად, თუ საქართველოში დესტაბილიზაციით დაინტერესებული უცხო ქვეყნების სადაზვერვო სამსახურები დარწმუნდებიან, რომ ვერ მოახერხებენ თავიანთი სასურველი პირების გაყვანას პარლამენტში, შესაძლებელია გამოიყენონ ისეთი პროვოკაციული ქმედებები, რაც საფრთხეს შეუქმნის ქვეყანაში კონსტიტუციური წყობილების შენარჩუნებას. შესაძლებელია პოლიტიკური ლიდერები იქცნენ პოლიტიკური დაზვერვის აგენტ-პროვოკატორებად და ქვეყანა მაღალი დონის დესტაბილიზაციისკენ წაიყვანონ, რაც საბოლოოდ შეიძლება კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი დამხობით დასრულდეს. არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ მარტო რუსეთი კი არ იყოს დაინტერესებული იმ სცენარით, რომელშიც ჩართულია ოპოზიციისა და მასმედიის გარკვეული სპექტრი. შესაძლოა ინსპირირებულ იქნეს სხვადასხვა სახელმწიფოს სპეცსამსახურების კოორდინირებული ქმედებები და არც ის გაგიკვირდეთ, მოვლენების ასეთი განვითარება აწყობდეს სტრატეგიულ პარტნიორ სახელმწიფოსაც. ეს პოლიტიკაა და პოლიტიკაში, ასე ვთქვათ, ყველაფერი მოსულა. ცნობილია, რომ დანაშაული შეიძლება ჩაიდინო მოქმედებით და უმოქმედობითაც. შესაძლოა ზოგიერთმა სახელმწიფომ თავისი სადაზვერვო ქმედებებით საქართველოს ინტერესების დამაზიანებელი პროცესების პროვოცირება მოახდინოს. ასევე არიან სახელმწიფოები, თუნდაც სტრატეგიული პარტნიორები, რომლებმაც შესაძლოა თავიანთი უმოქმედობით დააზიანონ ჩვენი ინტერესები. ამიტომ, ვფიქრობ, ხელისუფლებას დიდი ყურადღება მართებს. საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას, რომ საქართველოში ოდესმე განმეორდეს კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი რღვევა.

- რა ძალებს ეყრდნობიან უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები, ვისთან ერთად მუშაობენ თავიანთი მიზნის მისაღწევად?
- სპეცსამსახურებმა შეიძლება გამოიყენონ როგორც პოლიტიკური პარტიები, მათი ლიდერები, წევრები, ასევე არასამთავრობო სექტორი, მასმედია, კრიმინალური სამყარო... ეს ხდება კომბინირებულად, სადაზვერვო პროპაგანდის გაძლიერებით. ვფიქრობ, ჩვენდა სამწუხაროდ, უცხო ქვეყნის სადაზვერვო ინტერესის გამტარებელი პირები საკმაოდ არიან საქართველოში.

თუ დავაკვირდებით მოვლენათა განვითარებას პანდემიამდე, არსებობდა ქმედებათა ერთობლიობა, როდესაც დესტაბილიზაციის მომხრე პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო სექტორი, მასმედია უცხო ქვეყნების პოლიტიკური დაზვერვის ინტერესების შესაბამისად, ტანდემში მოქმედებდნენ.
ისინი ცდილობდნენ ჩვენი სპეცსამსახურებისა და პოლიციური სტრუქტურების გადაღლას. ესეც ერთ-ერთი მეთოდოლოგიაა უცხო ქვეყნების სადაზვერვო სამსახურების პრაქტიკაში. გადაღლილ ადამიანს არ ძალუძს საფრთხეების წინააღმდეგ აქტიურად მოქმედება. ვფიქრობ, ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ამ საფრთხეების გასანეიტრალებლად სპეცსამსახურებმაც და პოლიციის სტრუქტურებმაც ერთად იმუშაონ. ყოველ შემთხვევაში, ჩემი სურვილია, ყველანაირად შევძლოთ კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი მეთოდით დამხობის თავიდან აცილება. არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ეს აუცილებლად სისხლიანი იქნება. ჩვენ პრაქტიკაში გვაქვს ხელისუფლების როგორც სისხლიანი დამხობა გამსახურდიას დროს, ასევე მშვიდობიანი - სააკაშვილის დროს. არც ერთი სახის გადატრიალება სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისთვის სასარგებლო არ არის. ყველა ლოგიკურად და სახელმწიფოებრივად მოაზროვნისთვის, მათ შორის განათლებული და პროფესიონალი იურისტისთვის ცნობილია, რომ კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი რღვევა ქვეყნისთვის ძალზე წამგებიანია. ასეთ დროს უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურებს პოლიტიკურ ასპარეზზე შემოჰყავთ ის ძალები, რომლებიც მათ თანაუგრძნობენ და ისინი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ მოქმედებენ.

- როგორ უნდა ავიცილოთ კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი წყვეტა, რა უნდა იღონონ სახელმწიფოს შესაბამისმა უწყებებმა?
- ამ შემთხვევაში ჟურნალისტებმა უნდა ითამაშოთ განსაკუთრებული როლი - მასმედიის სახელმწიფოებრივი მიდგომები მნიშვნელოვანწილად წინააღმდეგობას გაუწევს სადაზვერვო, საქართველოს ინტერესების დამაზიანებელ პროპაგანდას. მათ შორის მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეების სახელმწიფოებრივი აზროვნება. ამასთან, აუცილებელია პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ იმ პროცესებს, რომლებიც განვითარდება და რაც საბოლოოდ არჩევნების მშვიდობიან დამთავრებამდე მიგვიყვანს. ამ პროცესის ძირითადი ღერძია სპეცსამსახურები, ოპერატიული სამსახურები, რომლებმაც განსაკუთრებული აქტიურობა უნდა გამოიჩინონ ამ პერიოდში.

"საქართველოში არანაირი პირობა არ არის იმისა, რომ გარედან დაამხონ ხელისუფლება"

თენგიზ ენდელაძე, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემიის ყოფილი რექტორი, გენერალ-მაიორი: - ჩემი აზრით, ამ მდგომარეობას არა მარტო რუსეთის, ყველა ძლიერი ქვეყნის სპეცსამსახური გამოიყენებს. თუ დავაკვირდებით, რუსეთის სპეცსამსახურებზე ცოტა ადრე ეს სიტუაცია სხვა მეზობლებმა გამოიყენეს. ჩვენმა სპეცსამსახურებმა ამას ყურადღება არ მიაქციეს ან არ ჩათვალეს საჭიროდ.

სპეცსამსახურებთან ერთად, შსს-საც მეტი ყურადღება უნდა მიექცია საზღვარგარეთიდან შემოსული პირებისთვის. ვიცით, რაც მოხდა მარნეულში და შემდეგ რა მოჰყვა ამას? მარნეულის ჩაკეტვა, დაძაბულობა მარნეულის აზერბაიჯანელ მოსახლეობაში, საპროტესტო აქციები და ა.შ. ამ პროცესებშიც სპეცსამსახურების ხელი ურევია, ჩვენ კი მაინცდამაინც ყველაფერს კონკრეტულ ოპოზიციურ პარტიას ვაბრალებთ ხოლმე.
სპეცსამსახურებს განყენებულად ვინ წარმოიდგენს? ისინი კავშირში არიან ჩვენს მოქალაქეებთან, მათ დასაყრდენი ჰყავთ როგორც ოპოზიციურ პარტიებში, ისე ხელისუფლებაში და მათი ხელით აკეთებენ საქმეს.

მაგალითად, როცა ხელისუფლებამ არ მიაქცია ყურადღება კიტრი-პომიდვრის გატანას, რა მივიღეთ? აზერბაიჯანმა ისარგებლა ამით და ჰუმანიტარული დახმარება გამოგზავნა. მერე იყო და, თურქეთმა შემოიტანა გურიაში. ეს არაფერს გეუბნებათ? ჩვენმა სპეცსამსახურებმა უნდა გაარკვიონ, ვინ და რა შემოიტანა, რა შემოჰყვა ამას, რატომ მოხდა ეს და სხვა ბევრი რამ. იმედია, შიდა სამზარეულოში მათ პასუხს ვიღაც მოსთხოვს, ან მოსთხოვა კიდეც.
საქართველოში არანაირი პირობა არ არის იმისა, რომ გარედან დაამხონ ხელისუფლება. მარტო რუსულ სპეცსამსახურებზე ნუ გადავიტანთ აქცენტს. როცა რუსეთი რაღაცას აკეთებს, ამაში მარტო ქართული ძალები კი არა ჰყავს ჩართული, არამედ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია... პანდემიამდეც და ახლაც მწვავე პრობლემები აქვს საქართველოს და ასე იქნება მანამ, სანამ იარსებებს მისდამი არცთუ კეთილგანწყობილი გარემო.

- როგორ უნდა აიცილონ თავიდან ჩვენმა სპეცსამსახურებმა ცუდი სცენარები?
- არსებული ინფორმაცია გააანალი­ზონ, თუ არა აქვთ, მოიპოვონ და მიაწოდონ ხელისუფლებას. ამ უკანასკნელს თუ შესწევს ძალა ქვეყანა სწორად მართოს, წარმართავს კიდეც. მან უნდა მოუსმინოს ოპოზიციურ პარტიებსაც, ოღონდ ჯერ განსაზღვროს, ვინ არიან კეთილი ოპოზიციონერები და ვის აქვს არაკეთილშობილური განწყობები. სუს-ია თუ დაზვერვის სამსახური, დიდი ინფორმაცია ექნებათ გარედან მომდინარე საფრთხეებზე. მთავარია, ხელისუფლებაშიც იყვნენ სპეცსამსახურებთან დაუკავშირებელი პირები. ვგულისხმობ ოთხივე ხელისუფლებას, მათ შორის ერთი მასმედიაა, რომელიც დღეს საქართველოში ლამის პირველი ხელისუფლებაა. ხანდახან ვფიქრობ, რომ ჩვენ უფრო გვეზარება ჩვენი სამშობლოსთვის მუშაობა, ვიდრე უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებს ჩვენს წინააღმდეგ მუშაობა. მაგრამ იმედია, ეს ყველაფერი დამთავრდება, ამის გაგრძელება არ შეიძლება.

ისევ ხელისუფლებაში არსებულმა ძალებმა თუ არ დაძაბეს სიტუაცია, ვფიქრობ, საარჩევნოდ კატასტროფული გართულებები არ იქნება.
მოკლედ, ორივე მხარეს მართებს გონიერება, უპირველესად კი ხელისუფლებას. ქვეყანამ ან დიქტატურის გზით უნდა იაროს, ან დემოკრატიის. დემოკრატიული სახელმწიფო კი სამართლის და სამართლიანობის გარეშე არ არსებობს. იცით, რატომ ვართ 30 წელია ამ მდგომარეობაში? სამართალი პურს არ ჭამს. როცა დაიწყებს პურის ჭამას, მაშინ ეშველება ქვეყანას.

ყველაფერს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს ვაბრალებთ, მაგრამ ჩვენები არიან ხელშემწყობები და მათი დასაყრდენი. რუსეთისა და სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებს რა უნდათ ჩვენგან? - რაც უფრო დაჩაჩანაკებული ვიქნებით, მით მეტად გაატარებენ თავიანთ ინტერესებს, წაგვართმევენ ტერიტორიებს, ეკონომიკურად და პოლიტიკურად დაგვიმონებენ, როცა უნდათ, მაშინ მოგვიწყობენ დესტაბილიზაციას და ა.შ. ასე რომ, პრობლემა ჯერ საკუთარ თავში ვეძიოთ და ხელს ნუ შევუწყობთ მათ მიზნის მიღწევაში.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის - თორნიკე შენგელიას გადაწყვეტილებას მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლის შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის - თორნიკე შენგელიას გადაწყვეტილებას მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლის შესახებ?