"ძალიან ბევრი ვიცი სომხეთში მიმდინარე პროცესებზე, მაგრამ ამაზე საჯაროდ ხომ არ ვილაპარაკებ?!" - კვირის პალიტრა

"ძალიან ბევრი ვიცი სომხეთში მიმდინარე პროცესებზე, მაგრამ ამაზე საჯაროდ ხომ არ ვილაპარაკებ?!"

"ინფორმაცია განსჯისთვის: როცა ჩვენ საქართველოდან სომხეთში შემოსულ მძღოლებს ვუტარებთ ტესტირებას, უმრავლეს შემთხვევაში კორონავირუსით ინფიცირებას ვადგენთ, ასე რომ, განა დასაჯერებელია, რომ საქართველოში დღეში კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ 1-2 შემთხვევა დასტურდება?! თუ ყველა ინფიცირებული არ ვლინდება და შემდეგ სტატისტიკაში არ აისახება?!" - ამბობს მედიასაშუალებებში სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი არსენ ტოროსიანი... (იხილეთ სრულად) სტატია ამ თემაზე გაზეთმა „კვირის პალიტრამ“ მოაზადა, გთავაზობთ ნაწყვეტს:

ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი:

- ძალიან რბილად რომ გითხრათ, ეს არაკოლეგიალური განცხადებაა. სომხეთის ძალიან ბევრ მინისტრთან მქონია ურთიერთობა, ჩვენ მოძმე ერები, ახლო მეზობლები და მეგობრები ვართ და ასეთი განცხადება, ცოტა არ იყოს, მეუცხოვა. ბატონ არსენსაც ვიცნობ და რა ფაქტებზე ლაპარაკობს, ვერ გეტყვით. სომხეთში დღეს რომ არასახარბიელო ვითარებაა, ყველას კარგად მოეხსენება. მე არ ვიცი, ეპიდემია ემორჩილება თუ არა კონტროლს. შემიძლია დავეყრდნო მხოლოდ მათი პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ რთული მდგომარეობა აქვთ. სომხეთიც და საქართველოც ჯანმოს საერთაშორისო წესების კონვენციის ხელმომწერნი ვართ და ჩვენი ვალდებულებაა, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეს აღმოვუჩენთ კორონავირუსს, ინფორმაცია მივაწოდოთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასა და შესაბამის ქვეყანას. თუ სომხეთს აქვს ფაქტები, რომ საქართველოდან შესული მძღოლები დაინფიცირებული არიან, უნდა გვაცნობოს ჩვენ და ჯანმოს. ჩვენ სწორედ ასე მოვიქეცით, როცა სომხეთის მოქალაქეს დავუდასტურეთ ინფექცია. ეს წესები ბატონმა არსენმა კარგად უნდა იცოდეს და საინტერესოა, თუ ჩვენს მოქალაქეებს სომხეთში მართლაც დაუდასტურდათ კორონავირუსი, რატომ არ გვაცნობეს ჩვენ და ჯანმოს?

- ბატონი არსენ ტოროსიანი PCR-ტესტებზეც ლაპარაკობს...

- დიახ. ყველა მონაცემი, რომელსაც ჩვენ ვაქვეყნებთ, სწორედ PCR-ტესტებით გამოვლინდა, რადგან ყველაზე დამაჯერებელი PCR-ტექნოლოგიებია. იანვრის ბოლ-ოდან მოყოლებული, დიაგნოსტიკა საქართველოში სწორედ ამ ტექნოლოგიას ეყრდნობა. დღემდე ქვეყანაში 46 ათასამდე PCR-ტესტი ჩატარდა და ვფიქრობ, მინისტრი გადაუმოწმებელი ფაქტებით არ უნდა ლაპარაკობდეს. არ იქნება სწორი, ახლა მე გაზეთით, სახალხოდ რომ ვილაპარაკო იმაზე, რასაც ჩემი სომეხი კოლეგები იქაურ სიტუაციაზე მიყვებიან. ძალიან ბევრი ვიცი სომხეთში მიმდინარე პროცესებზე, მაგრამ ამაზე საჯაროდ ხომ არ ვილაპარაკებ?! არ ვიცი, შეიძლება ბატონ ტოროსიანს ასე არც უთქვამს... მაგრამ გარდა Arminfo-სი, მე ვნახე პუბლიკაციები რუსულ ენაზეც, სხვადასხვა გამოცემის მასალები და ყველგან ერთნაირი კონტექსტია... ვფიქრობ, ბატონ არსენს თავის კარგ მეზობლებზე ასე ლაპარაკი არ ეკადრება.

- სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი იმასაც ბრძანებს, ჩვენი ეპიდსაწინააღმდეგო სისტემა ქართულზე ძლიერიაო...

- ამას აფასებს შექმნილი მდგომარეობა. თუ უკეთესია, მაშინ დღეს საქართველოში ეპიდსიტუაცია კონტროლს რატომ ექვემდებარება, ან შემთხვევების რაოდენობა მათთან შედარებით 7-8-ჯერ ნაკლები რატომ გვაქვს და აქამდე როგორ ვაკავებთ ფართომასშტაბიან ეპიდემიას? კი ბატონო, კარგი სისტემა აქვთ სომხებს, საუკეთესო სისტემა აქვს ძალიან ბევრ ქვეყანას, მაგრამ ამ ქვეყნების უმრავლესობა უძლური აღმოჩნდა პანდემიის წინააღმდეგ, საქართველო კი ჯერჯერობით უმკლავდება სიტუაციას იმ კომპლექსური ღონისძიებების წყალობით, რაც ქვეყანაში გატარდა ბევრი უწყების მიერ. მე სისტემებს ვერ შევადარებ, ვერ ვიტყვი, რომელი უკეთესია და რომელი - უარესი, თუმცა ამ საკითხზე ბევრი რამ ვიცი...

- ცნობილი ფილმიდან ციტატა გამახსენდა - მინერალურ წყლებს შორის ბორჯომი მეორე ადგილზეაო, ხაჩიკიანი რომ ეუბნება ვალიკო მიზანდარს...

- მიუხედავად ზოგიერთი ასეთი ჩანართისა, "მიმინოში" ჩვენი ძმობის კარგი მაგალითებია მოყვანილი...

- ბატონი ტოროსიანი იმასაც ეჭვობს, რომ ტურისტული სეზონის გახსნის შემდეგ ჩვენთან სიტუაცია გართულდება. ამაზე ბევრი ჩვენი თანამოქალაქეც ლაპარაკობს... - რა თქმა უნდა, რისკი არის, ამას ვერ დავმალავთ, მაგრამ ჩვენ ვეცდებით, ეს რისკი შეძლებისდაგვარად შევამციროთ, ისე, რომ არც ხალხი დავაზარალოთ და არც - ქვეყნის ეკონომიკა. იხილეთ სტატია სრულად

იხილეთ ასევე: არშავირ გარამიანი: "არსენ ტოროსიანი, საქართველზე გაკეთებული განცხადებებით, სომხეთის უშიშროებას საფრთხეს უქმნის"