"ბარამიძემ ჟვანიას დანაბარები გადმომცა, სააკაშვილს შენი დაჭერა... სასამართლო კი არა, სიცოცხლის გარანტიასაც ვერ მოგცემთო" - კვირის პალიტრა

"ბარამიძემ ჟვანიას დანაბარები გადმომცა, სააკაშვილს შენი დაჭერა... სასამართლო კი არა, სიცოცხლის გარანტიასაც ვერ მოგცემთო"

ქვემო ქართლის ყოფილმა გუბერნატორმა ლევან მამალაძემ საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა. გთავაზობთ ამონარიდს განცხადებიდან: "17 წელია, რაც სამშობლოდან უსამართლოდ მოწყვეტილი ვარ, მხოლოდ იმიტომ, რომ სააკაშვილის პოლიტიკური მოწინააღმდეგე ვიყავი და შავი პიარისა და ჭორების მეშვეობით ჩემი განადგურება დაგეგმა და ჩემს მიმართ უკანონო სისხლის სამართლებრივ დევნას შეუდგა. სააკაშვილის სისხლიან რეპრესიებს შეეწირა ჩემი ოჯახის ბედი და ჩემი ახლობლების სიცოცხლე. ჩემი საქმე კლასიკური მაგალითია პოლიტიკური დევნისა და მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ სამართლიანობის აღდგენა. უმორჩილესად გთხოვთ, შემიწყალოთ! მომეცით საშუალება, დავბრუნდე საქართველოში, ვიყო მხცოვანი დედის გვერდით და ამ რთულ პერიოდში როგორც რიგითი ჯარისკაცი ვემსახურო სამშობლოს!"

შეგახსენებთ, რომ ლევან მამალაძე 2003 წლიდან საზღვარგარეთ ცხოვრობს და სასამართლომ მას ქრთამის აღებასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისთვის დაუსწრებლად 17 წლით აღუკვეთა თავისუფლება.

მასთან ინტრევიუ გაზეთმა "კვირის პალიტრამ" ჩაწერა, გთავაზობთ ნაწყვეტებს სტატიიდან:

- სააკაშვილის პროკურატურამ საქმე შეკერა. დეკლარაციას ყოველწლიურად ვავსებდი და რაიმე შეცდომა მაკონტროლებელს არ დაუფიქსირებია. როცა ვერაფერი ნახეს, სააკაშვილის დავალებით ყველაფერი უკანონოდ გამოაცხადეს და დევნა დამიწყეს. გახმაურებული ოქროს ზოდები, ნიანგები, ბეჰემოთები და ფარშავანგები - ყველაფერი ჭორია და ბრალში მსგავსი არაფერია, სააკაშვილი ამ ლეგენდებს ჩემზე უარყოფითი აზრის შესაქმნელად ავრცელებდა.

მას ჩემზე დავალება ჰქონდა მიცემული, მამალაძე დაიჭირეთ და გაანადგურეთო. ცნობილი ფაქტია, მიშას ჩემი მოკვლა უნდოდა.

როცა რეპრესიები დაიწყეს, მაშინდელ შს მინიტრ გია ბარამიძეს შევეხმიანე. ჩამოვალ, ოღონდ სამართლიანი სასამართლოს პირობა მომეცით-მეთქი. მეორე დღეს ბარამიძემ ჟვანიას დანაბარები გადმომცა, სააკაშვილს შენი დაჭერა და ჩვენი გუნდის წინააღმდეგ გამოყენება უნდა, სასამართლო კი არა, სიცოცხლის გარანტიასაც ვერ მოგცემთო.

- ვინაიდან სააკაშვილ-ჟვანიას გუნდს შორის დაპირისპირება იყო, რას იტყვით ჟვანიას ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე...

- ზურაბი სააკაშვილის ტირანიული რეჟიმის ხელის შემშლელი იყო. იმ დროს მხოლოდ ჟვანიას შეეძლო სიმართლე გაეტანა საქართველოდან და სააკაშვილისთვის პრობლემები შეექმნა. ეს პროცესი უკვე დაწყებული იყო და ზურაბ ჟვანიას მკვლელობაც მალევე მოხდა. გაიხსენეთ სააკაშვილის სახე, ძლივს იკავებდა ღიმილს, როცა ჟვანიას გარდაცვალება გვამცნო. გაიხსენეთ, როცა ჟვანია მოიშორა, სწორედ მაშინ აიშვა სააკაშვილმა, მას შემდეგ დაიწყო მასობრივი ძალადობა, ადამიანების გატაცება, წამება, ბიზნესების წართმევა...

- გაქვთ იმედი, რომ პრეზიდენტი შეგიწყალებთ, როცა თავის დროზე საფრანგეთმა უარი გითხრათ თავშესაფრის მოცემაზე და ამას მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის, სალომე ზურაბიშვილის ჩარევას უკავშირებდით?

- საფრანგეთის საკონსულოში ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ სააკაშვილი არ დაუშვებდა, რომ ვინმეს პოლიტდევნილის სტატუსი მიეღო. თავშესაფარზე უარი რომ მითხრეს, ეს მიშას დავალება იყო, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტრომ წერილობით დაგზავნა საელჩოებში. რაც შეეხება ქალბატონ სალომეს, ასეთი ბექგრაუნდის პრეზიდენტი საქართველოს ჯერ არ ჰყოლია. იმედია, გაითვალისწინებს ჩემს თხოვნას. პირადად არ ვიცნობ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, დამოუკიდებლად მოქმედებს და შეუძლია სიტუაციის შესწავლისა და ობიექტური განწყობის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება.

წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად