"ვერც ერთი და ვერც 150 სააკაშვილი ამ ურთიერთობებს ვერ დააზიანებს"
25-05-2020
"ვერც ერთი და ვერც 150 სააკაშვილი ამ ურთიერთობებს ვერ დააზიანებს"
საქართველოს და უკრაინის სტრატეგიულ პარტნიორობას, ჩვენს დიპლომატიურ ურთიერთობებს არაფერი ემუქრება. ვერც ერთი და ვერც 150 სააკაშვილი ამ ურთიერთობებს ვერ დააზიანებს, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა, როდესაც ისაუბრა უკრაინაში საქართველოს ელჩის თეიმურაზ შარაშენიძის საქართველოს საგარეო უწყებაში მისვლასთან დაკავშირებით.

ბერაიას განმარტებით, უკრაინიდან საქართველოში ელჩის გამოძახების შესახებ გადაწყვეტილება კონსულტაციებისთვის მიიღეს.

"ელჩი გამოძახებული არის კონსულტაციების მიზნით, იმ სამწუხარო გადაწყვეტილების შედეგად, რაც უკავშირდება სააკაშვილის ერთ-ერთ საჯარო პოზიციაზე დანიშვნას.
ეს არის დიპლომატიაში ჩვეულებრივ აპრობირებული მეთოდი, როდესაც გარკვეული კითხვები ჩნდება ურთიერთობებში და ეს კითხვები გაჩნდა უდაოდ, როდესაც საქართველოში სასამართლოს მიერ გასამართლებული, მსჯავრდებული პირი, რომლის ექსტრადიციის მოთხოვნით ჩვენ მივმართეთ ჩვენს პარტნიორებს, ამავე პარტნიორ ქვეყანაში დაინიშნა საჯარო პოზიციაზე. ჩვენ თავიდანვე დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, არც დაგვიმალავს ამის შესახებ.
თუმცა, ამ დასანანი გადაწყვეტილების მიუხედავად, არ ვაპირებთ უკრაინასთან სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას. ეჭვქვეშ არ ვაყენებთ არც დიპლომატიურ ურთიერთობებს. ჩვენი ქვეყნები ერთმანეთთან მჭიდროდ თანამშრომლობენ, ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები. ვთანამშრომლობთ, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში, განსაკუთრებით საერთაშორისო ორგანიზაციებში, სხვადასხვა საპარლამენტო ასამბლეაში. ჩვენ გვაქვს საერთო გამოწვევები, როგორიც არის ჩვენი რეგიონების ოკუპაცია, ანექსია. გვაქვს საერთო პრიორიტეტები, როგორიც არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და რასაკვირველია, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობაც არის მნიშვნელოვანი", - განაცხადა ბერაიამ.

მისივე თქმით, ელჩის მონაწილეობით გაიმართება კონსულტაციები და დაიგეგმება შემდგომი ღინისძიებები, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ ურთიერთობები არ დაზიანდეს.

"თავისთავად, ჩვენ დავაკვირდებით იმ ნაბიჯებს, რასაც ასევე გადადგამენ ჩვენი უკრაინელი პარტნიორები და აქედან გამომდინარე იქნება მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილება, ელჩის უკრაინაში დაბრუნების თარიღთან დაკავშირებით", - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

შეგახსენებთ, საგარეო უწყებამ დღეს უკრაინიდან კონსულტაციებისთვის გამოწვეულ ელჩთან, თეიმურაზ შარაშენიძესთან პირველი შეხვედრა გამართა.

"დავაკვირდებით უკრაინაში პროცესების განვითარებას, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს უკრაინის ხელისუფლება საქართველოსთან მიმართებაში ურთიერთობის ნორმალიზების კუთხით და სწორედ ამის მიხედვით იქნება მიღებული გადაწყვეტილება ელჩის უკრაინაში დაბრუნების თარიღთან დაკავშირებით", - განუცხადეს "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მარგალი
26 მაისი 2020 12:22
გადახედავთ მაგ სტრატეგიულ ურთიერთობებს და თქვენი აჯობებს. ვინ ვისზეა სტრატეგიულად და ეკონომიურად დამოკიდებული ყველამ კარგად ვიცით და ნუ დიდგულობთ, ყველამ იცის თქვენი შეუპოვრობა მსგავს საკითხებში.
ელენე
26 მაისი 2020 11:34
ოქტომბრამდე დააკვირდით ოქტომბრამდე.
ელენე სამხარაძე
26 მაისი 2020 11:32
ოქტომბრის ბოლომდე დააკვირდით შემდეგ აღარ დაგჭირდებათ დაკვირვება.მხოლოდ თავის მართლება დაგჭირდებათ.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის - თორნიკე შენგელიას გადაწყვეტილებას მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლის შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის - თორნიკე შენგელიას გადაწყვეტილებას მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლის შესახებ?