"ენა გააჩუმოს ყველამ, ვინც ბედავს და კითხვას სვამს, რატომ ვსხედვართ ერთ მაგიდასთან" - კვირის პალიტრა

"ენა გააჩუმოს ყველამ, ვინც ბედავს და კითხვას სვამს, რატომ ვსხედვართ ერთ მაგიდასთან"

სულერთია სააკაშვილი დაარბევს ჩემს მომხრეებს, მე და ჩემს ოჯახს, თუ ივანიშვილი დაარბევს 20 ივნისს აქციას. ენა გააჩუმოს ყველამ, ვინც ბედავს და იმ კითხვას სვამს, რატომ ვსხედვართ ერთ მაგიდასთან , - ამის შესახებ "ერთიანი საქართველოს" ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ პარლამენტთან განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, "ნაციონალურ მოძრაობასთან" მოლაპარაკების მაგიდასთან ჯდომა დისკომფორტს ხომ არ უქმნის მაშინ, როდესაც 2011 წლის 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ამ გუნდს მწვავედ აკრიტიკებს.

ბურჯანაძის თქმით, აღნიშნულის აუცილებლობა შექმნა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც "8 წელი გართული იყო ფლირტში "ნაციონალურ მოძრაობასთან" და სააკაშვილთან, ვიდრე მის ტახტს არ დაემუქრა საფრთხე".

"დისკომფორტი დიდია ჩემთვისაც, იმ ადამიანებისთვისაც, მაგრამ პოლიტიკაში არაა კომფორტისა და დისკომფორტის ადგილი, პოლიტიკაში არსებობს კონკრეტული მიზანი, ამოცანა და მიზანშეწონილობა. ის რომ დღეს ქვეყანა ერთი ადამიანის ჯიბეშია ჩადებული და ქვეყანას შესაძლებლობა აქვს წართმეული, რომ სამართლიანი და ნორმალური არჩევნები ჩატარდეს, ეს არის გაცილებით მაღალი საფრთხე, ვიდრე ნებისმიერი ტიპის დისკომფორტი, რომელიც მე და ჩემს მეგობრებს შეიძლება, გვქონდეს. იმისათვის, რომ მიგვეღწია სამართლიანი საარჩევნო სისტემისთვის, მივაღწიოთ იმას, რომ ერთხელ და სამუდამოდ, აქ რუსთაველზე კი არ იყოს თავ-პირის მტვრევა, არამედ პარლამენტში შევიდეს ყველა ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც მხარს უჭერს მოსახლეობა და პარლამენტში სიტყვებითა და კამათით და არა შეურაცხყოფით, ნორმალური მწვავე, მაგრამ დებატებით გადაწყდეს საკითხი. ამისთვის ვიბრძვი მე დღეს და ამისთვის ვარ იმ ერთიან მაგიდასთან, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ქვეყანაში სამართლიანი საარჩევნო სისტემა ჩამოყალიბდეს, მერე სამართლიანად არჩეული პარლამენტი და მთავრობა უზრუნველყოფს სამართლიან სასამართლოს, სამართლიან პროკურატურას, სამართლიან გადაწყვეტილებებს, სამართლიანობის აღდგენას და ა.შ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასე რომ, ენა გააჩუმოს ყველამ, ვინც ბედავს და იმ კითხვას სვამს, რატომ ვსხედვართ იმ მაგიდასთან. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ამის აუცილებლობა შექმნა ბიძინა ივანიშვილმა და 8 წელი გართული იყო ფლირტში "ნაციონალურ მოძრაობასთან" და სააკაშვილთან, სანამ მის ტახტს არ დაემუქრა საფრთხე. მეორე იმიტომ, რომ, როცა ქვეყანას დასჭირდება და რაც ქვეყანას დასჭირდება, ყოველთვის გავაკეთებთ იმას და არ ვიფიქრებ ჩემს პირად კომფორტზე და ჩემს პირად რეიტინგზე. არც არასდროს მიფიქრია ამაზე", - განაცხადა ბურჯანაძემ.

ბურჯანაძის თქმით, მისთვის სულერთია სააკაშვილი დაარბევს მის ოჯახსა და მომხრეებს, თუ ივანიშვილი 20 ივნისის აქციას.

"დანარჩენი ემოციები არსად წასულა - არც ტკენა, არც წყენა, არც აღშფოთება, მიუღებლობა, მაგრამ პოლიტიკა არის პოლიტიკა და მე ვერ გავუწევ ანგარიშს, ვინც ეგუება იმას, რომ ერთი კაცის ჯიბეშია საქართველო. აბსოლუტურად სულერთია სააკაშვილი დაარბევს ჩემს მომხრეებს, მე და ჩემს ოჯახს, თუ ივანიშვილი დაარბევს 20 ივნისს აქციას და დათხრის ახალგაზრდებს თვალებს და შედეგ ბოდიშსაც არ მოიხდის. ჩემთვის არის სულ ერთი სააკაშვილის სასამართლო გამოიტანს უსამართლო გადაწყვეტილებას, თუ ბიძინა ივანიშვილის სასამართლო. ჩემთვის სულერთია, სააკაშვილის პერიოდში შიმშილობს მოსახლეობის 2/3, თუ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დროს" , - აღნიშნა ბურჯანაძემ.

"ინტერპრესნიუსი"