"მსოფლიო გაჩერდა და იძულებული გავხდით, დავფიქრებულიყავით, როგორი იქნება სამყარო ამ გაჩერების შემდეგ და ჩვენ რა ადგილს დავიკავებთ ახალ მსოფლიოში" - კვირის პალიტრა

"მსოფლიო გაჩერდა და იძულებული გავხდით, დავფიქრებულიყავით, როგორი იქნება სამყარო ამ გაჩერების შემდეგ და ჩვენ რა ადგილს დავიკავებთ ახალ მსოფლიოში"

26 მაისი ერთიანობით მიღწეული გამარჯვებების სიმბოლოა და ამის შედეგია ჩვენი დამოუკიდებლობა. დღეს, ისე როგორც არასდროს, საკუთარი შესაძლებლობებისა და მომავლის რწმენა გვჭირდება რომლითაც უნდა შევიდეთ ახალ მსოფლიოში და დავხვდეთ ყველა გამოწვევას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ვაზიანში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს. დღეს უჩვეულო 26 მაისია, საზოგადოებას არ ეძლევა საშუალება, თავდაცვის ძალებთან ერთად, სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში. ეს გამოწვეულია იმ განსაკუთრებული კრიზისული მდგომარეობით, რომელშიც ჯერკიდევ ვიმყოფებით. ამ ვითარების მიუხედავად, ჩვენი აქ მოსვლით და თავდაცვის ძალებთან დგომით გამოვხატავთ ამ დღის მნიშვნელობას საქართველოსთვის. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გარანტი ჩვენი თავდაცვის ძალებია და მათთან ერთად შეკრული და ძლიერი საზოგადოება. დღევანდელი ურთულესი კრიზისის დროს, ჩვენმა ქვეყანამ მსოფლიოს მისცა გამძლეობისა და წარმატების მაგალითი. ეს უდავოდ ჩვენი ყველას გამარჯვებაა. მაგრამ უნდა ვიცოდეთ რომ ომი არ დასრულებულა და ამ უხილავ მტერთან ბრძოლაში ყოფნას ვაგრძელებთ. როცა მიღწეულ წარმატებებზე ვმსჯელობთ, ყველაზე ნათლად ჩანს თუ რა როლი ითამაშა მასში პროფესიონალიზმა. ერთი მხრივ მთავრობამ, დროულად და ეფექტიანად აამოქმედა მართვის ყველა ბერკეტი, მეორე მხრივ ეპიდემიოლოგებმა და მედიკოსებმა სწორად დასახეს დაავადებასთან ბრძოლის სტრატეგია. ჩვენმა ჯარისკაცებმა ყველგან, სადაც საჭირო იყო, მაღალ დონეზე შეასრულეს დაკისრებული მოვალება და რაც მთავარია, საზოგადოებამ გამოავლინა თავისი სიმწიფე და ქვეყნის და მოყვასის სიყვარული. სწორედ პროფესიონალიზმა განაპირობა საზოგადოების მხრიდან ნდობის გამოცხადება და ეს გახდა პირველი წარმატების საფუძველიც" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ევროპასთან მჭიდრო თანამშრომლობის ალტერნატივა არ გაგვაჩნია და ჩვენი ხვალინდელი ადგილი "უდაოდ ევროპულ ბლოკშია".

საქართველოს პრეზიდენტის აზრით, ახალ გეოპოლიტიკურ რუკაზე საქართველომ თავისი იდენტობა უნდა შეინარჩუნოს, უფრო მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენს კულტურასა და ბიომრავალფეროვნებას.

"მსოფლიო ეკონომიკის გადალაგების ფონზე, სადაც შავი ზღვის დანიშნულება კიდევ უფრო იზრდება, მისი უსაფრთხოების გასაძლიერებლად, საქართველოსა და ნატო-ს ერთობლივი გეგმები კიდევ უფრო აქტუალური ხდება. ახალ გეოპოლიტიკურ რუკაზე საქართველომ თავისი იდენტობა უნდა შეინარჩუნოს, უფრო მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ კულტურას, რომელიც არანაკლებად დაზარალდა ეპიდემიის პირველ ეტაპზე. განსაკუთრებით უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ბუნებას, ბიომრავალფეროვნებას, რაც ჩვენი საგანძურიცაა და მსოფლიოსთვის ძვირფასი საცავიც. ჩვენ ის ერი ვართ, რომელსაც დიდი სირთულეების ჟამს ერთიანობის იშვიათი უნარი გააჩნია, 26 მაისი ერთიანობით მიღწეული გამარჯვებების სიმბოლოა და ამის შედეგია ჩვენი დამოუკიდებლობა. დღეს, ისე როგორც არასდროს, საკუთარი შესაძლებლობებისა და მომავლის რწმენა გვჭირდება, რომლითაც უნდა შევიდეთ ახალ მსოფლიოში და დავხვდეთ ყველა გამოწვევას, გაუმარჯოს საქართველოს!" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა ისაუბრა კორონავირუსთან დაკავშირებულ სიტუაციაზეც. როგორც მან აღნიშნა, საგანგებო მდგომარეობა დროულად მოიხსნა და არჩევნების ჩატარება და საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება არ დაგვიანდება.

"ადამიანის უფლებების შეზღუდვა, რომელიც თავისთავად ახასიათებს საგანგებო მდგომარეობას, ჩვენს შემთხვევაში, მინიმუმამდე იქნა დაყვანილი, გადაადგილების უფლება შეიზღუდა მხოლოდ ნაწილობრივ და სადაც აუცილებელი იყო, არ გამოცხადებულა სრული კარანტინი, არ შეზღუდულა სიტყვისა და გამოხატვის აღმსარებლობის თავისუფლება, რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ უპირველესი მნიშვნელობა მივანიჭეთ ადამიანის სიცოცხლეს. თვით საგანგებო მდგომარეობა დროულად გაუქმდა და ამდენად შეთანხმებისამებრ, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება და არჩევნების ჩატარება არ დაგვიანდება. სწორედ ეს მიდგომები განასხვავებს დემოკრატიულ ქვეყნებს ავტორიტარული ქვეყნებისგან. ყველას შეგვიძლია ვიამაყოთ ამით და იმით, რომ საზოგადოებამ ბოლომდე გაითავისა შეზღუდვების აუცილებლობა და მოწოდების სიმაღლეზე დადგა. ასეთი დამოკიდებულება განვითარებული საზოგადოებისთვისაა დამახასიათებელი. ყოველივე ამის შედეგია ის, რომ ჩვენმა ქვეყანამ პარტნიორებისგან მაღალი შეფასება დაიმსახურა. ვესაუბრე 40-ზე მეტი სახელმწიფოს მეთაურს, გაეროს, ევროკავშირის, ნატო-ს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელებს, მათ ერთხმად აღიარეს ჩვენს მიერ კრიზისის სამაგალითო მართვა. ამის შედეგია მიღებული ფინანსური დახმარება და პოლიტიკური მხარდაჭერა,"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, შეზღუდვების მოხსნის შემდეგ თითოეულ მოქალაქეზე იქნება დამოკიდებული, "როგორ შევინარჩუნებთ მიღწეულ შედეგს".

პრეზიდენტის თქმით, საზოგადოება უნდა მოემზადოს ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების დასაძლევად.

პრეზიდენტის თქმით, ხვალინდელ მსოფლიოში ღირსეული ადგილის დაკავება ქვეყნის პოტენციალის გადააზრებასა და ეკონომიკის სწორი მიმართულებით წარმართვას გულისხმობს. პრეზიდენტის თქმით, ახლა ყველაზე უკეთ ჩანს, რა არის სწორი გზა- ეს არის თანადგომისა და მშვიდობის გზა.

"პირველად კაცობრიობის ისტორიაში, მსოფლიო გაჩერდა და იძულებული გავხდით, დავფიქრებულიყავით, როგორი იქნება მსოფლიო ამ გაჩერების შემდეგ და ჩვენ რა ადგილს დავიკავებთ ახალ მსოფლიოში. ამის გააზრება ყველასგან მოითხოვს არჩევანის გაკეთებას ეგოიზმსა და სოლიდარობას, დაპირისპირებასა და თანამშრომლობას, კონფლიქტსა და მშვიდობიან გზას შორის. ხვალინდელ მსოფლიოში ჩვენ ჩვენი თუნდაც პატარა, მაგრამ ღირსეული ადგილი შეგვიძლია დავიკავოთ. ეს ნიშნავს ჩვენი პოტენციალის გადააზრებას და საზოგადოებისა და ეკონომიკის სწორი მიმართულებით წარმართვას. ეს ახალი მიმართულებები უკვე იკვეთება, ტურიზმის გადარჩენასთან ერთად, ესაა სოფლის მეურნეობის წამოწევა, ტრადიციული წარმოების აღდგენა და მსოფლიო გეოეკონომიკაში ახალი ინდუსტრიული ნიშების დაკავება. ყოველი ეს ეფუძნება პროფესიონალიზმს, რომელიც არის ხვალინდელი დღის გასაღები. სამწუხაროა, რომ ამ გლობალური გამოწვევის დროს, ყველამ ერთნაირად ვერ გააცნობიერა სოლიდარობისა და ერთობლივი ბრძოლის აუცილებლობა. ახლა ყველაზე კარგად, ჩანს, რა არის სწორი გზა. ესაა თანამრომლობისა და მშვიდობის გზა, ის გზა, რომელზეც დგას საქართველო. თანადგომაზე უარის თქმა, დაძაბულობის ესკალაცია და ოკუპაცია კი ანაქრონიზმია,"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

იხილეთ ვიდეო