"გისურვებთ, ყველას შეგვეძლოს ვთქვათ, რომ შევიტანეთ ჩვენი წვლილი ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცებასა და გაერთიანებაში" - კვირის პალიტრა

"გისურვებთ, ყველას შეგვეძლოს ვთქვათ, რომ შევიტანეთ ჩვენი წვლილი ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცებასა და გაერთიანებაში"

ჩვენი, ყველას მიზანია ქვეყნის გამთლიანება, მაგრამ ყველას გვესმის, რომ ჩვენ ამ მიზანს უნდა მივაღწიოთ მშვიდობიანად და შრომით,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა. პრემიერის განმარტებით, საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა.

" ჩვენი დამსახურება უნდა იყოს, რომ საქართველო წარმატებული და ეფექტური სახელმწიფო გახდეს. დღეს საქართველოს ჯარს ამ მისიის შესრულებაში უდიდესი როლი აქვს. დღეს, როდესაც სამყარო გლობალური პანდემიის წინაშეა და არავინ იცის, მსოფლიო ხვალ როგორი იქნება, ჩვენი ერთიანობა, ჩვენი ჯარის წარმატება, არის გარანტი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, მისი ევროატლანტიკური ორიენტაციის, ჩვენი ეფექტური პარტნიორობის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან აშშ-სთან, ევროკავშირთან, ნატო-სთან და საქართველოს ჯარს ამაში აქვს უდიდესი ფუნქცია და ყველაზე დიდი მნიშვნელობა. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. ჩვენი, ყველას მიზანია ქვეყნის გამთლიანება, მაგრამ ყველას გვესმის, რომ ჩვენ ამ მიზანს უნდა მივაღწიოთ მშვიდობიანად და შრომით, ჯარმაც ამ შრომაში უნდა მიიღოს თავისი დიდი წვლილი. მეგობრებო, ჩვენ ჩვენი ქვეყნის წარსულზე, ტრადიციებზე დაყრდნობით, მრავალსაუკუნოვანი ისტორიის გათვალისწინებით უნდა ვიყურებოდეთ წინ. თანამედროვე ქართული ჯარი გვაძლევს უდიდეს მაგალითს ჩვენი ქვეყნის ცხოვრების სხვადასხვა მიმართულებით, თუ როგორ უნდა ვიყოთ მობილიზებულები, როგორ უნდა ვიყოთ წარმატებულები და როგორ ეფექტურად უნდა ვემსახუროთ ჩვენს სამშობლოს. არ არსებობს იმაზე უფრო დიდი მსახურება, ვიდრე უანგაროდ ემსახურო შენს სამშობლოს. ბატონებო, გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს და გისურვებთ, ჩვენ ყველას შეგვეძლოს ვთქვათ, რომ შევიტანეთ ჩვენი წვლილი ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცებასა და გაერთიანებაში",-განაცხადა პრემიერმა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ბრძოლისთვის ყველა თაობას თავისი გმირი ჰყავდა და მათი სახელები მუდამ უნდა გვახსოვდეს.

"უდიდესი პატივია ჰქონდეს საშუალება ჩვენს მოქალაქეებს, დღეს აქედან მივულოცოთ 26 მაისი. 102 წლის წინ ეროვნულმა საბჭომ მიიღო დამოუკიდებლობის აქტი და ამ ნაბიჯით გადადგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის. საქართველოს ისტორიაში ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი დღე და მაშინ, სწორედ 26 მაისს პირველმა რესპუბლიკამ განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის შემდგომი ორიენტაცია. თითოეულ ქართველს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, საზღვარგარეთ მცხოვრებ თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს, აფხაზ და ოს ძმებს მინდა მივულოცო 26 მაისი უდიდესი რწმენით, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ ჩვენი ქვეყნის მშენებლობას, წარმატებული სახელმწიფოს შექნას. მინდა, განსაკუთრებით მივულოცო თითოეულ ჯარისკაცს, რომელიც დღეს სამშვიდობი მისიებში ასახელებს ქვეყანას, რომელიც იცავს გლობალურ უსაფრთხოებას და ამით უდიდესი წვლილი შეაქვს თავისი სამშობლოს შემდგომ განვითარებასა და უსაფრთხოებაში. ასევე, ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ჩვენ ყველანი ერთად ვებრძვით გლობალურ პანდემიას. ყველას უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა ჩვენს მოქალაქეებთან ერთად ამ პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა. დღეს საქართველომ შეიძლება თქვას, რომ ჩვენ ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და მისი ეფექტური მართვა. ბატონებო, 102 წლის წინ, როდესაც ეროვნულმა საბჭომ მიიღო დამოუკიდებლობის აქტი, მას შემდგომ ჩვენი ქვეყნის თაობები დამოუკიდებლობის განხორციელებისთვის იბრძოდნენ, შრომობდნენ, ზოგიერთმა მათგანმა ამ ბრძოლას სიცოცხლე შესწირა. ყველა თაობას საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ბრძოლისთვის თავისი გმირი ჰყავდა. ჩვენ უდიდესი პატივი უნდა მივაგოთ ამ ადამიანებს და მათი სახელები ყოველთვის უნდა გვახსოვდეს",-განაცხადა პრემიერმა.

იხილეთ ვიდეო