რამდენიმე კომიტეტის გაუქმება, თავმჯდომარის მოადგილეების რაოდენობის შემცირება - კიდევ რა ცვლილებებია დაგეგმილი პარლამენტის რეგლამენტში? - კვირის პალიტრა

რამდენიმე კომიტეტის გაუქმება, თავმჯდომარის მოადგილეების რაოდენობის შემცირება - კიდევ რა ცვლილებებია დაგეგმილი პარლამენტის რეგლამენტში?

პარლამენტის რეგლამენტში შესაძლოა, ცვლილებები განხორციელდეს. ცვლილებების პროექტის ინიცირება 27 მაისის ბიუროს სხდომაზე უნდა მომხდარიყო, თუმცა ავტორებმა კანონპროექტი უკან გაიწვიეს და განაცხადეს, რომ საკანონმდებლო ორგანოში ცვლილებათა პაკეტის ახალი ვერსიის ინიცირებას მოახდენენ.

პარლამენტიდან უკან გაწვეული დოკუმენტის მიხედვით კი, საკანონმდებლო ორგანოში ფრაქციის შესაქმნელად პარლამენტის 6 წევრის ნაცვლად 7 წევრი იქნება საჭირო. ამასთან,იცვლება ფრაქციის თანამდებობის პირთა წრე და მათი რაოდენობაც. კერძოდ, ფრაქციის ხელმძღვანელი კვლავინდებურად იქნება ფრაქციის თავმჯდომარე, ხოლო მისი მოადგილეების რაოდენობა განისაზღვრება ფრაქციის წევრთა რაოდენობის შესაბამისად. რეგლამენტის პროექტის მიხედვით, ფრაქციის ყოველ 15 წევრზე, ფრაქციის თავმჯდომარეს შეიძლება ჰყავდეს 1 მოადგილე, ხოლო თუ მას ჰყავს ერთზე მეტი მოადგილე, ერთ-ერთ მათგანს შეიძლება მიენიჭოს პირველი მოადგილის სტატუსი. გარდა ამისა, წარმოდგენილი პროექტით უქმდება ფრაქციის მდივნის თანამდებობა.

ასევე, ფრაქციის შექმნისას, ფრაქციის წევრები შეიმუშავებენ მხოლოდ ფრაქციის წესდებას და პოლიტიკური პლატფორმის შემუშავების საჭიროება აღარ იარსებებს.

გარდა ამისა, ცვლილებების პროექტის თანახმად, უქმდება "საპარლამენტო უმცირესობის" სტატუსი და ხდება საპარლამენტო უმრავლესობისა და საპარლამენტო ოპოზიციის სიების რეგისტრაცია, რომელსაც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წარდგინებით განახორციელებს პარლამენტის ბიურო. ამ ცვლილების შესაბამისად, პარლამენტის ყველა წევრი, რომელიც არ შედის საპარლამენტო უმრავლესობაში, განეკუთვნება საპარლამენტო ოპოზიციას. იქიდან გამომდინარე, რომ წარმოდგენილი პროექტით, პარლამენტის ყველა წევრი გაერთიანებული უნდა იყოს ან უმრავლესობაში ან ოპოზიციაში, უქმდება დამოუკიდებელი პარლამენტის წევრის სტატუსიც. პარლამენტის ის წევრი, რომელიც არცერთ ფრაქციაში არ იქნება გაწევრიანებული, დამოუკიდებელი დეპუტატის ნაცვლად, უფრაქციო პარლამენტის წევრად იწოდება.

რეგლამენტის ცვლილების პროექტში ასევე აღნიშნულია, რომ უმრავლესობის ლიდერი უზრუნველყოფს უმრავლესობაში შემავალი ფრაქციებისა და უფრაქციო პარლამენტის წევრების მუშაობის საერთო პოლიტიკურ კოორდინაციას.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად მოქმედი პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, გარდა საპარლამენტო უმრავლესობისა, შესაძლებელია უმცირესობის ფორმირებაც. მოქმედი რედაქციით, თუ ფრაქციაში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობა აღემატება უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა რაოდენობის ნახევარს, ფრაქცია მისი მოთხოვნის საფუძველზე იძენს უმცირესობის სტატუსს.

ამას გარდა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეების რაოდენობა შესაძლოა, 9-დან 3-მდე შემცირდეს.

კანონპროექტის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე კვლავ პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით აირჩევა. რაც შეეხება დანარჩენ ორ მოადგილეს, ერთი მათგანი აირჩევა საპარლამენტო უმრავლესობის წარდგინებით, ხოლო მეორე - ოპოზიციაში შემავალი იმ ფრაქციის წარდგინებით, რომელშიც ყველაზე მეტი წევრია გაერთიანებული. თუკი ოპოზიციურ ფრაქციებში წევრების თანაბარი რაოდენობა იქნება, მაშინ უპირატესობა მიენიჭება ფრაქციას, რომლის პარტიამაც არჩევნებში მეტი ხმა მიიღო.

გარდა ამისა, შესაძლოა, შეიცვალოს საპარლამენტო თანამდებობის კლასიფიკაციაც. რეგლამენტში შესატანი ცვლილების პროექტის თანახმად, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი აღარ წარმოადგენს საპარლამენტო თანამდებობას, ისევე როგორც საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი, ვინაიდან საპარლამენტო უმცირესობა უქმდება. საპარლამენტო თანამდებობას აღარ წარმოადგენს ასევე დროებითი საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების თავმჯდომარეობა. რაც შეეხება ახალ საპარლამენტო თანამდებობებს, ესენია: ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე და პირველი მოადგილე (არსებობის შემთხვევაში).

ფრაქციის თავმჯდომარის ანაზღაურება, ნაცვლად 5470 ლარისა განისაზღვრება 5540 ლარით, ხოლო ფრაქციის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, მსგავსად კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისა, გასამრჯელო განესაზღვრება 4800 ლარის ოდენობით.

კანონპროექტის თანახმად, უქმდება აგრარულ საკითხთა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტები. კულტურისა და დიასპორის საკითხები ერთიანდება სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ქვეშ. აქედან გამომდინარე იცვლება განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის დასახელება და მისი სახელწოდება განისაზღვრება როგორც განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დასახელებაში სიტყვა უშიშროება იცვლება უსაფრთხოებით. სახელწოდება ეცვლება საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომიტეტსაც.

ცვლილებების თანახმად, პარლამენტში შემდეგი კომიტეტები ჩამოყალიბდება:

ა) ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის;

ბ) განათლების და მეცნიერების;

გ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების;

დ) დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის;

ე) ევროპასთან ინტეგრაციის;

ვ) თავდაცვისა და უსაფრთხოების;

ზ) იურიდიულ საკითხთა;

თ) რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის;

ი) საგარეო ურთიერთობათა;

კ) საპროცედურო საკითხთა და წესების;

ლ) საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა და აუდიტის;

მ) კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და დიასპორის საკითხთა;

ნ) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა;

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ინიციატორები არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: ირაკლი კობახიძე, გიორგი კახიანი და გურამ მაჭარაშვილი.

"ინტერპრესნიუსი" მასალების მიხედვით