"რატომ მძიმდება და საშინელი ხდება სიტუაცია ჩვენთან მაშინ, როცა მეზობლებთან ვითარება ნორმაში დგება? - რას წერს სომხური გამოცემა? - კვირის პალიტრა

"რატომ მძიმდება და საშინელი ხდება სიტუაცია ჩვენთან მაშინ, როცა მეზობლებთან ვითარება ნორმაში დგება? - რას წერს სომხური გამოცემა?

კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით, სომხეთში კვლავ რთული ვითარებაა, ბოლო ერთ დღე-ღამეში 300-მდე ადამიანი დაინფიცირდა, სულ ინფცირებულთა რაოდენობა კი 7 000-ს ასცდა. მასშტაბური გავრცელების ერთ-ერთ მიზეზად რუსეთიდან სამშობლოში ათასობით სომეხის დაბრუნებაც სახელდება.

სომხურმა პოპულარულმა გამოცემამ - "ტერტ"-მა («Թերթ»- "ფურცელი") გამოაქვეყნა სტატია სათაურით "ნიკოლ ფაშინიანის ყველაზე დიდი დანაშაული - კორონავირუსის საფრთხის უმნიშვნელო მოვლენად წარმოჩენა" (ავტორი - ვრამ სუკიასიანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

"სომხები, ქართველები და აზერბაიჯანელები ისეთი ხალხები არიან, რომლებიც ცხოვრების წესებით და ხასიათით ერთმანეთს ძალიან ჰგავნან. თუ მაინცდამაინც განსხვავებაზე გავამახვილებთ ყურადღებას, ბოლო მოვლენების ფონზე, მაშინ შევნიშნავთ, რომ ქართველები უფრო მჭიდრო კონტაქტების მოყვარულები არიან და უფრო ნაკლებად ამახვილებენ ყურადღებას კორონავირუსთან დაკავშირებულ რისკებზე, სომხები კი, ბლოკადის გათვალისწინებით, ფრთხილად მოქმედებენ.

ფაქტია, რომ საქართველოს და აზერბაიჯანს, სომხეთთან შედარებით, უფრო მეტი საერთაშორისო კონტაქტები აქვთ, ესე იგი, კორონავირუსის გავრცელების საკითხში იქ უფრო მეტი საფრთხე არსებობს - საერთაშორისო სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვის დროს. ჩვენს ორ მეზობელს საზღვარგარეთული ვიზიტები აშკარად მეტი აქვთ, მაგრამ იბადება კითხვა - რატომ მძიმდება და საშინელი ხდება სიტუაცია ჩვენთან მაშინ, როცა მეზობლებთან ვითარება ნორმაში დგება?

სასაცილოა ჩვენი მინისტრის მტკიცება იმაზე, რომ ქართული ჯანდაცვის სისტემა სომხურთან შედარებით ჩამორჩენილია და თურმე ქართველი ექიმები კორონავირუსით გარდაცვლილების რაოდენობას მალავენ.

განსხვავება საქართველოსა და სომხეთს შორის ერთშია: ქვეყნის მართვის სისტემაში, ანუ ვის ხელშია სახელმწიფოს მართვის სადავეები.

ნიკოლ ფაშინიანი კორონავირუსთან დაკავშირებულ საფრთხეს, თავისი ქართველი კოლეგისაგან განსხვავებით, ძალიან უპასუხისმგებლოდ მიუდგა: მარტსა და აპრილში, როცა ჩვენი მეზობლები "კოვიდ-19"-ის წინააღმდეგ მკაცრ ზომებს იღებდნენ, ნიკოლ ფაშინიანი საკონსტიტუციო რეფერენდუმით იყო დაკავებული და გაიძახოდა - "ვინ მამაძაღლია კორონავირუსი", რა დროს ნიღბის ტარებაა" და ასე შემდეგ. მოგვიანებით პრემიერმა მხოლოდ ფორმალურად შემოიღო საგანგებო მდგომარეობა და ასევე სწრაფად გააუქმა. მოკლედ, ნიკოლ ფაშინიანმა თავისი გამოსვლებით და მოქმედებით კორონავირუსის საფრთხე მოსახლეობას წვრილმან, უმნიშვნელო მოვლენად წარმოუდგინა. იგივეს აკეთებდნენ მისი მინისტრებიც...

ვფიქრობ, რომ სომხეთის ისტორიაში ეს ფაქტი ნიკოლ ფაშინიანის ყველაზე დიდ დანაშაულად უნდა ჩაითვალოს. მის სინდისზე რჩება ვირუსით უკვე გარდაცვლილებისა და სამომავლოდ მსხვერპლად შეწირულების სიკვდილიც".

წყარო

იხილეთ ასევე: სომხური იაღლიში?!

მოამზადა სიმონ კილაძემ