"ბევრმა ჩვენზე ძლიერმა სახელმწიფომ ვერ შეძლო მოსახლეობისთვის გაეწია სტაციონარული მკურნალობა, ინფიცირებულ ადამიანებს ეუბნებოდნენ დარჩენილიყვნენ სახლში" - კვირის პალიტრა

"ბევრმა ჩვენზე ძლიერმა სახელმწიფომ ვერ შეძლო მოსახლეობისთვის გაეწია სტაციონარული მკურნალობა, ინფიცირებულ ადამიანებს ეუბნებოდნენ დარჩენილიყვნენ სახლში"

საქართველოში არ ყოფილა არცერთი ადამიანი, რომელიც იყო კოვიდინფიცირებული, ან არსებობდა ეჭვი და არ მიუღია სტაციონარული მკურნალობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვის გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის აზრით, უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ მთავრობა ყველა ნაბიჯს ათანხმებდა სპეციალისტებთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან და ეპიდემიოლოგებთან. ასევე მნიშვნელოვანი იყო ჯანდაცვის სამინისტროში შემუშავებული გეგმა, რომლითაც კოვიდთან ბრძოლაში კლინიკები ეტაპობრივად ერთვებოდნენ.

"ბევრმა ჩვენზე უფრო ძლიერმა ევროპულმა სახელმწიფომ ეს ვერ შეძლო, ინფიცირებულ ადამიანებს ეუბნებოდნენ დარჩენილიყვნენ სახლში და ისე ემკურნალათ. ამან რა შედეგები გამოიღო ყველამ კარგად ვნახეთ. ჩვენი შედეგი იყო მიღწეული, რა თქმა უნდა, სწრაფი ნაბიჯებით, მაგრამ უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ მთავრობა ყველა ნაბიჯს ათანხმებდა სპეციალისტებთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან და ეპიდემიოლოგებთან. ეს ერთობლივი მუშაობა იყო კრიტიკულად მნიშვენლოვანი. ჯანდაცვის სამინისტროში იყო შემუშავებული კონკრეტული გეგმა, რომლითაც კლინიკებს ეტაპობრივად რთავდა კოვიდთან ბრძოლაში. ეს მარტივი არ იყო, მაგრამ იყო აბსოლუტურად გააზრებული გეგმა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ მართა. ფაქტი რჩება ფაქტად, რომ ქვეყანაში არ არსებობს კოვიდით ინფიცირებული არცერთი ადამიანი, რომელმაც ვერ ან არ მიიღო სტაციონალური მკურნალობა," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, "ვერავინ მოიყვანს ვერცერთ მაგალითს, რომ ხელისუფლებამ რაიმე სახის შეზღუდვა არამიზნობრივად გამოიყენა".

"საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ ყველა გადაწყვეტილება, რომელიც იყო მიღებული, იყო ის აუცილებელი ნაბიჯები, რომლებმაც მოგვცა შესაძლებლობა გვეთქვა, ქვეყანამ შეძლო ვირუსის გავრცელება სივრცეში და დროში კონტროლის ქვეშ აეყვანა. ეს იყო ჩვენი ძირითადი ამოცანა, არავინ არ ამბობს და არ აპირებს ამ შეზღუდვების დიდი ხნით შენარჩუნებას. ვერავინ ვერ მოიყვანს ვერცერთ მაგალითს, რომ მთავრობამ ან ხელისუფლებამ რაიმე სახის შეზღუდვა არამიზნობრივად გამოიყენა, ეს ყველაფერი იყო გამიზნულად გაკეთებული იმისთვის, რომ ჩვენთვის პირველ რიგში მნიშნველოვანია ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და შემდეგ, ეტაპობრივად ეკონომიკური განვითარება და მათი სოციალური მდგომარეობა," - განაცხადა გიორგი გახარიამ.