"ცოტა დამცინავი და ამგდები, ცოტაც სერიოზული და ხისტი" - გახარიას პარლამეტში გამოსვლისა და ზოგადად ქართული პოლიტიკის ლინგვისტური თავისებურებანი
"ცოტა დამცინავი და ამგდები, ცოტაც სერიოზული და ხისტი" - გახარიას პარლამეტში გამოსვლისა და ზოგადად ქართული პოლიტიკის ლინგვისტური თავისებურებანი
ფოტო:გიორგი გახარია
ქართველი პოლიტიკოსების ლექსიკა დელიკატურობით დიდ წილად არასდროს გამოირჩეოდა, თუმცა ბოლო ხანს ამან ახალი ელფერი მიიღო, ჩვენმა პოლიტიკოსებმა ისე მოახერხეს, რომ პოლიტიკური დაპირისპირება ლამის "სვეტების" და "გოიმების" ბრძოლად აქციონ.
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ შემოტანილი ტერმინი 27 მაისსაც აქტუალური აღმოჩნდა, როდესაც პარლამენტში კორონავირუსის ეპიდემიის თაობაზე პრემიერ გიორგი გახარიას გამოსვლა, იმავე კობახიძემ ასე შეაფასა: "ეს იყო არა ანგარიში, არამედ მასტერკლასი, რომელიც ჩაგიტარათ თქვენ, გოიმური ოპოზიციის წარმომადგენლებს პრემიერ-მინისტრმა". ამავე სხდომაზე თავი გამოიჩინა "ევროპული
საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამაც, რომელმა ვიცე-პრემიერსა და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს "პოლიტიკური ბოღმისა და სიძულვილის ელქსირი უწოდა". თავის მხრივ, წულუკიანმაც არ დაუხვალია და განაცხადა, - ბოკერია რომ მხედავს, ბნედა ემართებაო... მოკლედ, ჩვენი პოლიტიკოსების ლექსიკის შეფასება ფსიქოლოგსა და პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ვთხოვთ, თუმცა თავდაპირველად კითხვა გიორგი
გახარიას
ანგარიშის თაობაზე დავუსვით:

- პრემიერ-მინისტრის პარლამენტში გამოსვლაზე რას იტყვით, ზოგიერთის აზრით, დეპუტატების კითხვებზე პასუხისას, ის ხისტად და ცოტა არ იყოს ფამილარულად საუბრობდა და რიგ შემთხვევაში, სიტყვის ბანზე აგდებას ცდილობდა...
- გეთანხმებით, თქვენ რა სურათიც დახატეთ, სწორედ ასეთი იყო პრემიერი - ცოტა დამცინავი, ცოტა ამგდები, ცოტა სერიოზული და ხისტიც. გამოდის, რომ მას მრავალნაირი ელემენტი ჰქონდა თავის გამოსვლაში და ეს სიმრავლე ელემენტებისა მიუთითებს მისი, როგორც ორატორის, დადებით მხარეებზე - მას შეუძლია ოპონირებისას იყოს მრავალნაირი... რაც ნებისმიერი ორატორისთვის დადებითი თვისებაა.

- თქვენთვის, როგორც ფსიქოლოგისთვის, გუშინ  პრემიერის რომელი ფრაზა იყო თქვენთვის დასამახსოვრებელი?
- როცა განაცხადა, რომ რაღაც ახალი სიტყვა ისწავლა.

- რა სიტყვა?
- აღარ მახსოვს მე არ მისწავლია, იმან ისწავლა.

- სეროპრევალენტური სამჯერ რომ გაიმეორა?
- ხო. ზუსტად ეგ.

- ეს ხომ იხუმრა?
- დიახ და ამით გამოხატა ის, რომ ის პარლამენტის წინაშე თავისუფალად გრძნობდა თავს, შებოჭილი და სტრესში მყოფი ნამდვილად არ იყო... თავის თავზე გაიხუმრა ფაქტობრივად. თავის თავზე ადამიანი როცა ხუმრობს, ნიშნავს რომ თავისუფლად არის. თავისუფლად იყო იმ ტრიბუნაზე, რომელზეც მას გილიოტინის მოწყობით ემუქრებოდნენ...

- საბოლოო ჯამში როგორ შეაფასებთ მის პარლამენტში სტუმრობას?
- მან გუშინ მნიშვნელოვნად მოუგო ოპოზიციას, ფაქტობრივად, განაიარაღა სწორედ ამ თავისუფლებით, ისარგებლა რა, ოპონენტების დაძაბულობით...

გახარიას ბოლო სიტყვა უკვე იყო მთლიანად სერიოზული, დებატებში აღარც შესულა ამ გამოსვლაში, პედალირება გააკეთა იმაზე, რომ საქართველოს მომავალი არის ყველაზე ერთნაირად დამოკიდებული - ხელისუფლებაზე, ოპოზიციაზე, განსაკუთრებით კი რიგით მოქალაქეებზე.

- ბატონო რამაზ, დავუბრუნდეთ ამ ცოტა ხნის წინ ქართულ პოლიტიკაში ახალი ტერმინების შემოტანას, მაინც ვინ გოიმია და ვინ "სვეტი"?
- რა გითხრათ... როცა ამგვარი განცხადებები კეთდება, შინაარსის ღრმად წვდომას აზრი აღარ აქვს... უარესიც ხშირად მომხდარა. ხშირად ჟურნალისტებს არ ახსენდებათ, რა ეპითეტებს ხმარობდა ოპოზიცია მმართველი პარტიის მიმართ: "ნაძირლები", "მარიონეტები"... ოღონდ ეს მიიჩნეოდა ბრძოლის ლექსიკად. ჰოდა, პოლიტიკური ბრძოლის ლექსიკაა ესეც. ეს არ არის ემოციით ნათქვამი. შეიძლება ყურში იმიტომ მოგვხვდა, რომ "ოცნების" ენაში ხშირად არ არის ამგვარი ეპითეტები. სიძულვილის ენა პოლიტიკური ბრძოლის დროს ყოველთვის ჩნდება და რას დაუძახებენ ერთმანეთს, სიტუაციაზეა დამოკიდებული.
ირაკლი კობახიძე
ვერ გეტყვით, რომ გოიმი ყველაზე აგრესიული სიტყვაა, რაც პოლიტიკაში გამიგია, მაგრამ არაადეკვატურად იყო ნახმარი, რადგან კობახიძემ სლენგიდან ისესხა. სლენგზე "გოიმი" ნიშნავს პროვინციული ღირებულებების ადამიანს, არადა, ამას გიგა ბოკერიასა და ოპოზიციის ამ ფრთაზე ნამდვილად ვერ იტყვი... მერე კობახიძემ დაამატა, მარგინალები არიანო. მარგინალობა და გოიმობა ერთი და იგივე არ არის. შეიძლება ჯგუფი მარგინალური იყოს, მაგრამ არა - გოიმი და პირიქით. ამიტომ მგონი ეს მაინც შემთხვევითი სიტყვაა, როგორც კონკრეტულ კონტექსტში, ისე - პოლიტიკაში. პოლიტიკაში ასეთ სიტყვას იშვიათად ხმარობენ, იმიტომ, რომ იმდენი გოიმია პოლიტიკაში... (იცინის)

- თქვენ რომელი მნიშვნელობით იხმარეთ ეს სიტყვა?
- რა გითხრათ... არისტოკრატი და დახვეწილი არც ტრამპია. პუტინზე აღარაფერს ვამბობ... ზელენსკი კი სულაც ცირკის არენიდან არის შემხტარი პოლიტიკაში...

ასეთი გამოთქმების უფლებას თავს მოკრივეები აძლევენ ხოლმე. ორთაბრძოლის წინ რაღაცებს ამბობენ, რომ მოწინააღმდეგე გამოიწვიონ, სულიერად გატეხონ, მაყურებელი თავის სასარგებლოდ განაწყონ... სად გინახავთ, ლიტერატურული ენით უყვიროდნენ მოწინააღმდეგეები ერთმანეთს?

- სპორტული შეჯიბრების დროს ეს გასაგებია, ჩვენ კი პოლიტიკოსებზე ვსაუბრობთ...
- ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეჯიბრება უარესია. ნებისმიერი ხელისუფლებისთვის უფრო მეტი დევს სასწორზე, ვიდრე სპორტული შეჯიბრების დროს, ასე რომ, გასაკვირი არ არის პოლიტიკოსთა სიძულვილის ენის ასეთი სიმძაფრე. მე ის მიკვირს, რომ ხშირად მოუწოდებენ, აგრესია სიძულვილის ენის გარეშე გამოავლინონ. მხოლოდ ინგლისელებს აქვთ შესაშური თვისება - თხრიან ოპონენტს, ოღონდ ყველა დიპლომატიური ნორმის გათვალისწინებით. მათ დებატებში ვერავინ შეედრება. ჩერჩილი თუ ტეტჩერი ერთმანეთზე შთამბეჭდავი იყვნენ...

- ქართულ რეალობას დავუბრუნდეთ...
- რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ვინ ამბობს ამა თუ იმ ფრაზას. დააკვირდით, შეიძლება მესამე, მეოთხე ეშელონის ფიგურამ უარესი თქვას, მაგრამ მედიამ მაღალი ეშელონის კობახიძე გამოყო. სკანდალზე ორიენტირებული ჟურნალისტიკისთვის ნორმებს აცდენილი ლექსიკა უფრო საინტერესოა, მაგრამ ჟურნალისტებს ანალიზის გარეშე გრჩებათ ის, რაც ამ სკანდალის უკან დგას. კობახიძე-ოპოზიციის ურთიერთშეფასებას წინ უძღოდა მნიშვნელოვანი ფრაგმენტი - მთელი რაუნდი, რომელიც ოპოზიციამ უცხოელი პარტნიორების საშუალებით წარმართა და მათი ხელით მოიგო. ეს არის საკუთარ ქვეყანაში ომი სხვისი ჯარით.

რაც ოპოზიციამ გააკეთა - უცხოელი პარტნიორების მსაჯულებად მოხმობა და მათი ხელით საკუთარი ხელისუფლების დასჯა - უღირსი საქციელი იყო და ირაკლი კობახიძემ ამ უღირსობაზე გამოავლინა რეაქცია, თუმცა "გოიმის" გარდა სხვა ეპითეტი ვერ იპოვა.

თითქმის ყველა დაპირისპირებას ახლავს სიტყვიერი, ანუ ფსიქოლოგიური ომი. ეს ტერმინი გამოიყენება სახელმწიფოთა შორის დაპირისპირებისას, მაგრამ შეგვიძლია, შიდა დაპირისპირებასაც მივუსადაგოთ. უამისოდ არც ერთი დაპირისპირება არ ხდება. ქუჩაში ორი ადამიანი ხელჩართულ ჩხუბს რომ იწყებს, მანამდე რა ერთმანეთს უღიმიან და თქვენობით ელაპარაკებიან? ეს ლინგვისტური აგრესია ჩნდება ნებისმიერი დაპირისპირებისას.

მერაბ მაღლაკელიძე-s
29 მაისი 2020 17:48
"როგორც იქნა გამოჩნდა ნათელი ქართულ პოლიტიკაში"
..........................................................................................................

ანუ ბიდზინას მობრძანებიდან გახარიას გამონათებამდე ბნელოდა ? ! !
მერაბ მაღლაკელიძე
29 მაისი 2020 14:45
გახარია არის დიდი იმედების მომცემი პოლიტიკოსი ქართულ რეალობაში, უაღრესად ნიჭიერი, მეურნე და
გამჭრიახი პოლიტიკოსი, როგორც იქნა გამოჩნდა ნათელი ქართულ პოლიტიკაში.
იზო ბებო
29 მაისი 2020 08:23
საყვარელიძე. სამართლიან კომეტარს აკეთებს ხოლმე ნამდვილად,ოპოზიცია ხშირად იქცევა უღირსად .სხვათაშორის. ეს ძველი შენია გარბოდნენ შაჰებთან ,სულთნებთან შესტი როდნენ იმათაც რაში ენაღჳლებოდათ საქართველო.....და ვიდოდით ასე საუკუნეების განმავლობაში........

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?