"მარტიდან ვისაც შეუმცირდა, ან საერთოდ დაკარგა შემოსავალი, მიმდინარე სესხები გადაუვადეს, მაგრამ პროცენტზე პროცენტი დაარიცხეს, ყველა გასაუქმებელია!" - კვირის პალიტრა

"მარტიდან ვისაც შეუმცირდა, ან საერთოდ დაკარგა შემოსავალი, მიმდინარე სესხები გადაუვადეს, მაგრამ პროცენტზე პროცენტი დაარიცხეს, ყველა გასაუქმებელია!"

2020 წლის მარტიდან მოყოლებული, ვისაც შეუმცირდა, ან საერთოდ დაკარგა შემოსავალი, მიმდინარე სესხები კი გადაუვადეს, მაგრამ პროცენტზე პროცენტი დაარიცხეს, ყველა არის გასაუქმებელი! თუ ვინმეს ამ პროცენტებს მაინც დაარიცხავენ, შეგიძლიათ მომმართოთ და პირადად ყველანაირად დაგეხმარებით!“ - ამის შესახებ „ტრიბუნას“ ლიდერმა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

ჭიჭინაძის თქმით, ის ესაუბრა პრემიერს და როგორც აღმოჩნდა, პრემიერი ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ სიტუაციას არ ფლობს, „რადგან ეგონა, ვისაც სესხები გადაუვადეს, მათ დამატებით არაფერი დარიცხვიათ“.

მისი თქმით, სინამდვილეში აბსოლუტურად ყველა გადავადებულ სესხზე ხდებოდა ახალი პროცენტის დარიცხვა და ახალი კრედიტების გაცემა.

„არადა, საგანგებო მდგომარეობის გამო, ადამიანების ძალიან დიდ ნაწილს შემოსავლები ან საგრძნობლად შეუმცირდათ, ან საერთოდ დაკარგეს. ანუ, შეიქმნა კლასიკური ფორს-მაჟორული სიტუაცია, რომელიც პირველ რიგში, ადამიანებისთვის ნებისმიერი წარმოქმნილი ვალდებულებების შეჩერებას ითვალისწინებს და ეს რა თქმა უნდა კრედიტებსაც ეხება. რასაც მოვითხოვ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პირველი დღიდან! დღეს კი, უკვე მინდა გითხრათ, რომ ჩემი და პრემიერ გახარიას საუბრის შემდეგ, სესხების გადავადება 6 თვით კაპიტალიზაციის, ანუ ყოველგვარი მოგების გარეშე შეეხება ყველას! იქნება ეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ლომბარდები, თუ კომერციული ბანკები. შეეხება აბსოლუტურად ყველა ფინანსურ ინსტიტუტს და არა მარტო მათ, შეეხება ნებისმიერ იმ ვალდებულებას, რომელიც წარმოიქმნება ორ სუბიექტს შორის, კერძო პირი იქნება ეს თუ იურიდიული. შეეხება ჩვენი მოსახლეობის იმ დიდ ნაწილს, ვისაც არ აქვს შემოსავალი და მოხვდა 300 ლარიან, ან 1200 ლარიან დახმარების პროგრამებში. ახლა ერთადერთი რაც საჭიროა, ბოლომდე მივადევნოთ, რადგან როგორც „ქართულ ოცნებას“ ჩვევია, დაპირება დაპირებად არ დარჩეს, იმიტომ რომ, ნებისმიერი დახმარება, რომელსაც „ოცნება“ ხალხს ჰპირდება, დღემდე არა არის გაცემული. ჩვენ ერთად უნდა ვაიძულოთ მთავრობა, ამ კრიზისულ მდგომარეობაში მაინც შესრულდეს პრემიერის დანაპირები“,-განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნა“ ავრცელებს.