ბოკუჩავა გახარიას: "ჩვენი ქვეყანა ჯალათს არ იმსახურებს პრემიერ-მინისტრად" - კვირის პალიტრა

ბოკუჩავა გახარიას: "ჩვენი ქვეყანა ჯალათს არ იმსახურებს პრემიერ-მინისტრად"

"ვთვლი, რომ ჩვენი ქვეყანა ჯალათს არ იმსახურებს პრემიერ-მინისტრად", - ასე მიმართა პარლამენტში მისულ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, გიორგი გახარიას პარლამენტში ინტერპელაციის წესით უსმენენ, ის საკანონმდებლო ორგანოში "ნაციონალურმა მოძრობამ" და "ევროპულმა საქართველომ" დაიბარეს.

"ვთვლი, რომ თქვენი ლოიალობა ჩვენი ქვეყნის მიმართ კი არ არის, ამ დროშის მიმართ კი არ არის, ამ გერბის მიმართ კი არ არის, თქვენი ლოიალობა იმ ქვეყნის მიმართ არის, რომლის წარმომადგენელიც თქვენმა ხელისუფლებამ ჩამოიყვანა საქართველოში და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მოათავსა, შემდეგ კი ამის გაპროტესტებისთვის თქვენი დაგეგმილი სისხლიანი გეგმით დაასახიჩრა უამრავი ადამიანი. აი ვთვლი, რომ ამას არ იმსახურებს ჩვენი ქვეყანა, ამას არ იმსახურებენ ჩვენი ახალგაზრდები, ისინი იმსახურებენ დასავლურ, კარგ მომავალს. ბატონო გახარია, ჩვენი ახალგაზრდები თქვენ არ გიმსახურებენ, ეს კარგად დაიმახსოვრეთ, თქვენ ვერასოდეს ჩამორეცხავთ თვალთხარია - გახარიას სახელს და იმ მისამღერს ვერასოდეს დაავიწყებთ ახალგაზრდებს, რომელიც თქვენ მოგიძღვნეს, მაგრამ ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ასევე არ იმსახურებს ჩვენი ქვეყანა იმას, რომ ქვეყანაში ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობდეს და ამას ვერ ხედავდეს ძვირადღირებული, დაბურულშუშებიანი მანქანით გადაადგილებული პრემიერ-მინისტრი თუ მისი რომელიმე მინისტრი.

ასევე არ იმსახურებს იმას, რომ სათამაშო მოედნად აქციოს ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი ქვეყანა და თქვენ პაიკებად გამოგიყენოთ, თქვენც მათ შორის ბატონო გიორგი, ისვე როგორც თქვენი მინისტრები, პაიკებად გამოგიყენოს მხოლოდამხოდლო საკუთარი გამდიდრებისთვის. ჩვენი ქვეყანა არ იმსახურებს კორუმპირებულ მთავრობას. როდესაც "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე" საუბრობთ ბატონო გიორგი და ჩვენს მმართველობაზე, გაიხსენეთ, რომ ჩვენს დროს 8%-მდე იყო ეკონომიკური ზრდა, ჩვენს დროს ადამიანებს ჰქონდათ უკეთესი მომავლის იმედი, და დღეს 4%-მდესც კი არ არის ეკონომიკური ზრდა და ეს იმიტომ ხდება, რომ ბიუჯეტს ჭამთ, ხრავთ, სახლში მიგაქვთ ქვეყნის ბიუჯეტი, ამიტომ ხდება ეს. გადახედეთ თქვენს ქონებას, სოცდაუცველებად მოდიან მინისტრები და ბიუროკრატები და მილიონერებად მიდიან მთავრობიდან, როგორ ხდება ეს? შეხედეთ თქვენს საცხოვრებელ სახლებს, თქვენს მანქანებს, როგორ ცხოვრობთ თქვენ, თქვენი ახლობლები და შეხედეთ დანარჩენ მოქალაქეებს და ნახავთ განსხვავევბას და მერე აღარ დაგვიმტკიცებთ ბატონო გიორგი, რომ ამ ქვეყანაში სიღარიბე არ არსებობს, მაშინ როცა მოსახლეობის 69% ცხოვრობს სიღარიბეში, ეს არის რეალურად სიმართლე.

თქვენმა გუშინდელმა გამოსვლამ, ასევე გამახსენა შევარდნაძის დრო, ბატონო გიორგი, როდესაც იმდენად შესისხლხორცებული ჰქონდათ ზოგ-ზოგიერთს კორუფცია, რომ ამას რაღაც კულტურულ მემკვიდრეობად აღიარებდნენ, ის რაც საქრათველოს კანონმდებლობით ისჯება პატიმრობით 3-დან 9 წლამდე, თქვენ ქართულ ჯიგრულ "პონტად" დაახასიათეთ. ქართულ ჯიგრული "პონტია" ალბათ ისიც, რომ ტენდერებს ყოველთვის როგორღაც სწორედ ის "ჯიგრები" იგებენ, რომელბიც დაკავშირებულები არიან "ქართულ ოცნებასთან", - მიმართა თინა ბოკუჩავამ გიორგი გახარიას.