"მე მგონია, ყველაზე დიდი გოიმობა აი, ეს არის, ასეთი აზროვნება და ასეთი მიდგომა საერთოდ" - კვირის პალიტრა

"მე მგონია, ყველაზე დიდი გოიმობა აი, ეს არის, ასეთი აზროვნება და ასეთი მიდგომა საერთოდ"

ყოველი არჩევნების წინ თქვენ გჭირდებათ "ნაციონალური მოძრაობა" იმიტომ, რომ მათ ფონზე, მათი წარსულის ფონზე თქვენ გამოჩდეთ უკეთესები, - ასე მიმართა "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა, ირმა ინაშვილმა მმართველ გუნდს.

მისი თქმით, დღეს პარლამენტში პრემიერ გიორგი გახარიას მისვლა საერთოდ არ იყო საჭირო.

"მე ყველას მინდა მოვუწოდო მეტი სერიოზულობისკენ. კარგია, რომ იუმორის ხასიათზე ხართ, იუმორიც საჭიროა ზოგჯერ, მაგრამ არა ამ ვითარებაში. საერთოდ მე მოგიწოდებთ უმრავლესობისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს, მეტი პატივისცემა გამოვიჩინოთ ერთმანეთისადმი და ბოლო დროს ტერმინოლოგია, რომლითაც მოიხსენიებთ ოპოზიციას, შეცვალოთ. ხან ცირკად მოიხსენიებთ საპარლამენტო დებატებს, ხან პოლიტიკურ მასკარადად, პოლიტიკური კლასის დაყოფა გადაწყვიტეთ გოიმებად და არა გოიმებად, მე მგონია, ყველაზე დიდი გოიმობა აი, ეს არის, ასეთი აზროვნება და ასეთი მიდგომა საერთოდ.

გრძელდება პოლიტიკური სპექტაკლი. მე ვფიქრობ, საერთოდ არ იყო დღეს პრემიერის მოსვლა პარლამენტში საჭირო, ამომწურავად ისაუბრა, პარლამენტს შეეძლო ეს საკითხები, იგივე საკითხებზე მიდის მსჯელობა, გაგვეთვალისწინებინა ამ თემატური სხდომის შეკითხვები და დამთავრებულიყო. ხვალ ჩვენ მოგიწვევთ და კიდევ უნდა მოხვიდეთ ხვალაც? მაგრამ ჩვენ რომ მოგიწვიოთ, არ მოხვალთ, "ნაციონალური მოძრაობა" რომ გიწვევთ, მაშინ უნდა მოხვიდეთ. კარგია, ასე გააგრძელეთ.

პოლიტიკურ სპექტაკლზე როცა ვლაპარაკობ, ამ სპექტაკლში დიდი ტრაგედიაა სინამდვილეში ჩადებული - თქვენი თამაშები, მუდმივი დაპირებები სამართლიანობის აღდენაზე და მერე ერთმანეთთან ჩახუტება, გარიგებები და ქართველი ხალხის გადაგდება, აი, ეს არის თქვენი პროფესია, "ქართული ოცნების" ხელისუფლების და ვინ გითხრათ, რომ ადამიანებს მარტო პური სჭირდებათ? თუმცა პურიც სასიცოცხლოა, რომ გადარჩეს ადამიანი. თქვენ, "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ, უმრავლესობამაც და მთავრობამაც, ადამიანებს მთავარი რამ დაუკარგეთ და წაართვით - რწმენა სამართლიანობისადმი, სამართლიანობის რწმენა წაართვით. ისეთი აბსურდული გარემო, რაც ამ პარლამენტშია, მე დედამიწის ზურგზე არ მგონია, რომ სადმე, რომელიმე პარლამენტში იყოს. ბასიშვილი ზონდერი მიზის აგერ, წინა სავარძელში და ვითომც არაფერი. ეს ხომ თქვენი სტილია, რა მოხდა? - არაფერი არ მოხდა.

ახლა რომ ყვირით, "ჯიგრები" ვართ და ესა ვართ... ჯერ რა ტერმინოლოგიაა ეს? მხარი დაგეჭირათ და მიგეღოთ ის რეზოლუცია, გატურნულები რომ ისხედით 80% საპარლამენტო უმრავლესობის, ეს არ გინდოდათ, იმიტომ არ გინდოდათ, რომ ყოველი არჩევნების წინ თქვენ გჭირდებათ "ნაციონალური მოძრაობა", გჭირდებათ იმიტომ, რომ მათ ფონზე, მათი წარსულის ფონზე თქვენ გამოჩდეთ უკეთესები და ვერ ჩანხართ ეს უკეთესები და არ გამოიყურებით უკეთესად იმიტომ, რომ ბევრ საკითხში ზუსტად ის საკითხი აირჩიეთ, რა გზაზეც ისინი იდგნენ. აი, ეს არის სიმართლე, მაგრამ ეს სიმართლე არ გსიამოვნებთ", - განაცხადა ინაშვილმა.

მან ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდა, როდესაც ოპოზიციას ახსენებენ, დააკონკრეტონ, რომელ პარტიას გულისხმობენ, რადგან რეალურად ქვეყანაში ნამდვილი ოპოზიცია "პატრიოტთა ალიანსია". მისივე თქმით, მმართველ გუნდს კრიტიკა არ მოსწონს.

"თქვენ გსიამოვნებთ მარტო, როცა გამოდიან და გაქებენ და არავინ გჭირდებათ სინამდვილეში, განსხვავებული აზრი არ გჭირდებათ, გადასარევად გრძნობთ თავს მარტო და ასე ხდება ჩრდილოეთ კორეაში, ასე არ ხდება იმ ევროპულ დემოკრატიებში, რომელისკენაც ჩვენი ქვეყანა მიისწრაფვის… კიდევ ერთხელ, ტერმინოლოგიის "ბრახაბრუხს" - ცირკი, მასკარადი, გოიმი, ჯიგარი და ა.შ. - ეს ყველაფერი გავწიოთ და ვიფიქროთ ხალხზე, ადამიანებზე, რომლებსაც ძალიან უჭირთ. ყველაფერი გაძვირდა, ხალხს უჭირს და პლუს კიდევ აი, ამას უყურებს პარლამენტში, მორიგ პოლიტიკურ სპექტაკლს "ნაცმოძრაობისა" და "ოცნების", ერთმანეთის ღირსი ხართ თქვენ სინამდვილეში, მაგრამ ამ ხალხმა რა დააშავა", - მიმართა ინაშვილმა ხელისუფლებას.