ვინ გაიმარჯვა გახარიასა და ოპოზიციის ორრაუნდიან დაპირისპირებაში?! - კვირის პალიტრა

ვინ გაიმარჯვა გახარიასა და ოპოზიციის ორრაუნდიან დაპირისპირებაში?!

"არ შეიძლება ქვეყანა, რომელსაც ჰქონდა ქუთაისის საავტომობილო ქარხანა, სოფლის მეურნეობისთვის ტრაქტორებს ჩინეთში ყიდულობდეს"

საგანგებო მდგომარეობის შემდეგ ქვეყანა ნელ-ნელა ცდილობს, დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს, უკვე გაიხსნა არაერთი დაწესებულება, სავაჭრო თუ კვების ობიექტი, ამოქმედდა მუნიციპალური ტრანსპორტი, თუმცა კორონავირუსით გამოწვეული საფრთხე კვლავაც საფრთხედ რჩება და, როგორც ჩანს, წესების დაცვით კიდევ კარგა ხანს მოგვიწევს ცხოვრება.

გააქტიურდა პოლიტიკური პროცესიც. 27 და 29 მაისს პარლამენტში, კანონმდებელთა წინაშე გამოსვლამ მოუწია პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, რომელმაც ჯერ თავისი ინიციატივით წარადგინა კორონავირუსთან დაკავშირებული ანგარიში, მერე კი, ინტერპელაციის წესით, "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს"კითხვებს უპასუხა.

სწორედ პრემიერის საპარლამენტო გამოსვლების შეფასებით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძესთან:

- პარლამენტში გამოსვლისას პრემიერმა უფრო მეტი იმაზე ილაპარაკა, რა, როგორ და რატომ გააკეთა მთავრობამ კორონავირუსით გამოწვეული საფრთხის შესამცირებლად, იმაზე კი, რას აპირებენ და როგორ გეგმავენ კრიზისისთვის თავის დაღწევას, ცოტა რამ თქვა, თუმცა ეს, ნაწილობრივ, იმის ბრალიც იყო, რომ ოდიოზურ კითხვებზე პასუხის გაცემას დიდი დრო დასჭირდა. სხვა მხრივ, გახარია იყო თანამიმდევრული. ყოველ შემთხვევაში, ოპონენტების მიმართ ისტერიკული დამოკიდებულება არ ჰქონია, რასაც ვერ ვიტყვი ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელზე, რომელთა ისტერიკა, ჩემი აზრით, უფრო სასაცილო იყო, თუმცა გახარია მათ გამოსვლებს თავშეკავებით პასუხობდა. ის აშკარად მზად იყო ამ აგრესიისთვის; წინასწარ იცოდა, რომ ოპოზიციას მისი არც ერთი სიტყვა არ მოეწონებოდა, სამაგიეროდ, უმრავლესობა ყველაფერს აღფრთოვანებით შეხვდებოდა. მაგრამ სხვა, უფრო მნიშვნელოვანი საქმეა ის, როგორია ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის გეგმა, სწორია და გასაგებია თუ არა ის მოქალაქეებისთვის.

თავდაპირველად ვიტყვი, რომ უკვე კარგია, პანდემიასთან ბრძოლის, ნელ-ნელა ქვეყნის გახსნისა და ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავების გეგმა რომ არსებობს, რომელსაც აქვს ნაკლოვანებები, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ტაქტიკური მონახაზი, მასში ჩანს სტრატეგიაც...

- ამ საკითხს დავუბრუნდებით, მანამდე კი მინდა გკითხოთ, თქვენი აზრით, დამაჯერებელი იყო თუ არა პრემიერის გამოსვლა? ზოგიერთის შეფასებით, ზოგიერთი კითხვისთვის გახარია მოუმზადებელი აღმოჩნდა... - შეიძლება ვიღაცას დარჩა ასეთი შთაბეჭდილება, რადგან გახარია არ არის გამორჩეული ორატორი და, ალბათ, არც მოსამზადებლად ექნებოდა დიდი დრო, რადგან მას ახლა ბევრი საქმის კეთება უწევს. ახლაც ხდება ის, რაც ტრადიციულად ხდება ხოლმე საქართველოში - ყველაფერი ერთი ადამიანის კისერზე გადადის.

- პარლამენტში ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც კვლავ ნეგატივზე აგებული პოლიტიკური დისკუსია შემოგვთავაზეს... - ოპოზიციას მუდამ აქვს განწყობა, რომ რასაც ხელისუფლება აკეთებს, ყველაფერი ცუდია, ხელისუფლებაში კი ფიქრობენ, რომ რასაც ოპოზიცია ამბობს და აკეთებს, მიუღებელია... ამგვარი დამოკიდებულება ჩვენი საზოგადოებისთვის საზიანოა და განხეთქილების წარმოშობას უწყობს ხელს. საქმიან დისკუსიასთან კი არ გვაქვს საქმე, არამედ წვრილმან კინკლაობასთან - ხელისუფლება ოპოზიციას მუდმივად აყვედრის 9-წლიან მმართველობას, ოპოზიცია კი ხშირად მეათეხარისხოვან საკითხებს აყენებს წინა პლანზე. ქვეყანაში ძალიან ბევრი სერიოზული, გადაუჭრელი პრობლემა დაგროვდა და მოსახლეობის ინტერესის საგანი სწორედ ამ პრობლემების მოგვარებაა.

ოპოზიციონერების მიერ წამოჭრილ ზოგიერთ საკითხს საზოგადოება უკვე ცინიკურად აღიქვამს. მაგალითად, გავიხსენოთ ლაპარაკი იმაზე, რომ თურმე 8 მარტის შეთანხმების ნაწილი იყო ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლება და პოლიტიკურ პატიმარს ეძახიან გიორგი რურუას! როგორი პოლიტიკური პატიმარია ეგ ბატონი, თორაძეების ოჯახის გადარჩენილ წევრებს ჰკითხეთ და არამხოლოდ ეს ოჯახი ეძებს, დიდი ხანია, სამართალს - გიორგი რურუას სხვა "საგმირო" საქმეც ბევრი ახსოვთ ამ ქვეყანაში, მაგრამ ახლა პოლიტპატიმრად შერაცხეს, რადგან ერთ-ერთი ოპოზიციური ტელეარხის მფლობელია. მოდი, ასე დავსვათ შეკითხვა: როგორ აღმოჩნდა ის ამ არხის მეწილე? მამამისს და მთელ ოჯახს ძალიან კარგად ვიცნობდი. ეს იყო ღარიბი ოჯახი და საინტერესოა, როგორ იშოვა ამდენი ფული გიორგი რურუამ?! არსებობს სამართალი და სამართლიანობა და ძალიან ბევრი ქართველისთვის, ვინც საკუთარ თავზე გამოსცადა ის უმძიმესი წლები, ოპოზიციის მიერ ამ ადამიანის პოლიტპატიმრად შერაცხვა უსამართლობა და ცინიზმია! აი, ასე აქვს არეული ღირებულებები ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს და ეს მხოლოდ ერთი მაგალითია.

ვინმეს სჯერა, რომ ამომრჩეველი იჯდა და უსმენდა ამ პოლემიკას? მოსახლეობა ახლა სულ სხვა ინტერესებით ცხოვრობს და კარგი იქნება, თუ, ბოლოს და ბოლოს, პოლიტიკოსები ამას დაინახავენ.

- დავუბრუნდეთ ხელისუფლების ანტიკრიზისულ გეგმას. ბრძანეთ, რომ ამ გეგმაში ხედავთ ნაკლოვანებებს. იქნებ გვითხრათ, კონკრეტულად რას გულისხმობთ? - ნაკლოვანებებს ეკონომიკური მიმართულებით ვხედავ, თორემ პანდემია დღემდე მაღალ დონეზე მართეს.

გახარიას დამსახურება არის ის, რომ მან, ყველა სხვა ევროპელი ლიდერისგან განსხვავებით, უპირობოდ დაუჭირა მხარი პროფესიონალებს და მათი მითითებებით იმოქმედა. რომ არა ეს პროფესიონალები და ლუგარის ლაბორატორია, გაცილებით უარესი მდგომარეობა გვექნებოდა. ჩვენი ექიმები მართლაც ჯადოქრები არიან!..

პანდემიის პირველ ტალღას კარგად დავხვდით. ვნახოთ, იქნება თუ არა მეორე ტალღა. მე, ცოტა არ იყოს, მაფიქრებს, უცხოელებისთვის ტურისტული სეზონის გახსნა...

რაც შეეხება ეკონომიკურ კრიზისთან გასამკლავებლად წარმოდგენილ გეგმას, გარდა სოციალური პაკეტისა, ვიცით, რომ ხელისუფლებას რამდენიმე მიმართულებით აქვს დაგეგმილი კონკრეტული ნაბიჯები. ამ ყველაფერში მე დადებითად ვაფასებ ზოგად სტრატეგიას - ეროვნულ წარმოებაზე ორიენტაციას.

თუ გახსოვთ, დაახლოებით აპრილის დასაწყისში გახარიამ შეკრიბა ბიზნესმენები, დაუდო სია და უთხრა, ეს პროდუქცია საქართველოში უნდა იწარმოებოდესო. ჩვენს პანდემიამდელ ინტერვიუებში არაერთხელ მითქვამს, რაოდენ მნიშვნელოვანია წარმოების განვითარება; არაერთხელ მომიყვანია თურქეთის მაგალითიც - ამ ქვეყანამ ბოლო 20 წლის განმავლობაში მრეწველობა შესაშურად განავითარა, ჩვენ კი ეს 20 წელი დავკარგეთ, რადგან იოლი გზით გადავწყვიტეთ სიარული - გავხდით იმპორტზე დამოკიდებული. "იყიდე, გაყიდე, ჩაიდე ფული ჯიბეში" - ეს გახდა ქართული ბიზნესის კრედო, არადა, თუ მოვინდომებთ და ამას სახელმწიფოც ხელს შეუწყობს, თურმე შეგვძლებია საქმის კეთება. უმოკლეს დროში შევძელით და პირბადეებისა და დამცავი სამედიცინო საშუალებების ექსპორტი დავიწყეთ. ერთი სიტყვით, ჩვენ გვჭირდება ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა. ძალიან კარგი ინიციატივა იყო "აწარმოე საქართველოში", მაგრამ მის ფარგლებში უფრო პატარ-პატარა პროექტებს ეხმარებოდნენ. ახლა საჭიროა, ქვეყანაში მრეწველობა აღორძინდეს, ამისთვის კი აუცილებელია ბევრი მიმართულების განვითარება.

არ შეიძლება ადგილობრივი წარმოების განვითარება მხოლოდ შემოტანილ რესურსებზე დაყრდნობით, ადგილობრივი დარგებია განსავითარებელი. შეიძლება აგური შემოგვქონდეს თურქეთიდან ან მოსაპირკეთებელი-სამშენებლო პროდუქცია - კიდევ საიდანღაც?! ბოლოს და ბოლოს, მაღაზიაში რომ შეხვიდეთ, ქართული წარმოების ერთჯერად თეფშს ვერ ნახავთ... ვიდრე ჩვენ არ მივხვდებით, რომ ამ საქმის ხელშეწყობაა საჭირო, მანამდე არაფერი იქნება. დღეს უკვე გვესმის ამაზე ლაპარაკი, გვაქვს ხელისუფლების ხელშეწყობის რამდენიმე მაგალითიც, მაგრამ მეტია საჭირო და ეს უნდა გაგრძელდეს პანდემიის შემდეგაც.

ნანოტექნოლოგიები საქართველოში განვითარებულია, მაგრამ ამას გასაქანი არ ეძლევა. ზოგიერთი ქართველი მეცნიერი იძულებულია, საფრანგეთში ჩავიდეს და იქაურ ლაბორატორიებში იმუშაოს, მათი გამოგონებები კი უცხო ქვეყანაში პატენტდება.

მრეწველობის განსავითარებლად აუცილებელია: პირველი - სახელმწიფოს ხელშეწყობა, მეორე - იაფი ფული და აგიხსნით, რა მაქვს მხედველობაში. მაგალითად, ქვეყანაში ჩამოდის უცხოელი ინვესტორი და ამბობს, რომ ამა თუ იმ დარგის განვითარებაში დებს 100 მილიონ დოლარს. თქვენ გგონიათ, ამ ფულს საკუთარი საბრუნავი საშუალებიდან აიღებს? არა! ის წავა ბანკში, აიღებს იაფ კრედიტს 30 წლით და განახორციელებს ინვესტიციას, ჩვენ კი ასეთ ფულზე ხელი არ მიგვიწვდება, არადა, ეს რომ შეგვეძლოს, ბევრ რამეს თვითონ გავაკეთებდით და ინვესტორები უცხოეთში არ გვეყოლებოდა საძებნი...

პრობლემაა, მაგალითად, ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობაც, რომელშიც თანამედროვე ინსტრუმენტები არ არის გათვალისწინებული; ასევე - საბითუმო, კაპიტალური ბაზრის არარსებობა, რაც ასევე განსავითარებელია.

- გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ მთავრობა სამშენებლო ბიზნესის წასახალისებლად მნიშვნელოვანი ხარჯის გაწევას გეგმავს. ხელისუფლება იპოთეკურ სესხებზე 4%-იან სუბსიდიას გასცემს და ამ შეღავათით სარგებლობა ხუთი წლის განმავლობაში იქნება შესაძლებელი. ეს სუბსიდია გავრცელდება ყველა იმ იპოთეკურ კონტრაქტზე, რომელიც დაიდება მიმდინარე წლის ბოლომდე. გარდა ამისა, მთავრობა 150 მლნ ლარს ჩადებს დევნილებისთვის ბინების მშენებლობაში, რაც ნიშნავს, რომ 6 ათასი ადამიანი სამი წლით ადრე მიიღებს ბინას. ისმის კითხვა: რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ მაინცდამაინც სამშენებლო ბიზნესის წახალისება? გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა კორუფციული გარიგებებისთვის ეს უფრო ხელსაყრელი სფერო აღმოჩნდეს...

- სამშენებლო ბიზნესი ქვეყნის ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა, რომლის გაჩერებაც არაერთი სხვა დარგის გაჩერებას გამოიწვევს და მისი ხელშეწყობაც ამიტომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ. თანაც არ შეიძლება ქვეყანაში ამდენი ნახევრად აგებული შენობა იყოს, მით უფრო - თბილისში. ასევე უმნიშვნელოვანესია ინფრასტრუქტურული პროექტების გაგრძელება და დასრულება. რაც შეხება კორუფციის საფრთხეს, ასეთი საფრთხე ყველგან და ყოველთვის შეიძლება არსებობდეს. აქ საჭიროა სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოების სიფხიზლე და კონტროლი.

სამშენებლო მიმართულება კარგია, მაგრამ ვიმეორებ - უმნიშვნელოვანესია მრეწველობის განვითარების ხელშეწყობა. არ არის საკმარისი, რომ საქართველოში "ლაზიკა" და "დიდგორი" ეწყობა და უახლოეს მომავალში ელექტრომობილების წარმოებას ვიწყებთ. არ შეიძლება ქვეყანა, რომელსაც ჰქონდა ქუთაისის საავტომობილო ქარხანა, სოფლის მეურნეობისთვის ტრაქტორებს ჩინეთში ყიდულობდეს. ლოზუნგი "აწარმოე საქართველოში"კარგია, მაგრამ ამ ლოზუნგს არ ახლავს გამართული სტრატეგია. ასე მგონია, მთავრობას არ ჰყავს ნორმალური კონსულტანტები, მცოდნე ხალხი, რომლებიც არა მხოლოდ მაკროეკონომიკურ, არამედ მიკროეკონომიკურ დონეზეც მოახერხებენ სტრატეგიის დაგეგმვას. ჩემი აზრით, მთავრობის ეკონომიკური მრჩევლები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ და ძალიან ზედაპირულები არიან.

- გასული კვირის განმავლობაში ისევ გააქტიურდა სამთავრობო ცვლილებების თემა. ვრცელდებოდა ინფორმაცია გახარიას მთავრობიდან წასვლისა და ოპოზიციაში გადასვლის თაობაზეც კი... - მთავრობაში მნიშვნელოვან ცვლილებებს არჩევნებამდე არ უნდა ველოდოთ. დღეს ქვეყნის მოსახლეობის თვალში "ქართული ოცნება" გაიგივებულია გიორგი გახარიასთან და თუ მას მოხსნიან, ეს დიდი შეცდომა იქნება. სხვა საქმეა, თუ ის სათავეში ჩაუდგება "ქართული ოცნების" საარჩევნო სიას და როგორც ერთ-ერთი ვერსიით ითქვა, სამეგრელოში მაჟორიტარობას გადაწყვეტს...

ჩემი აზრით, გახარია, არაერთი ნაკლის მიუხედავად, არის საუკეთესო პრემიერ-მინისტრი მათ შორის, ვინც კი საქართველოში ყოფილა...

- რას ფიქრობთ ოპოზიციის შანსზე? როგორ შეიძლება შეცვალოს ოპოზიციამ მოქმედების სტილი ისე, რომ მომავალ არჩევნებში წარმატებას მიაღწიოს? - არჩევნები ხვალ რომ ტარდებოდეს, უპირობოდ, დიდი უმრავლესობით გაიმარჯვებდა "ქართული ოცნება", მაგრამ არჩევნებამდე კიდევ არის დრო, რომ ოპოზიციამ ეს ვითარება შეცვალოს, თუმცა ჩვენს ოპოზიციაში ამ შესაძლებლობას, ვერ ვხედავ. არა და არ გამოჩნდა მესამე ძალა, რომელსაც წარმატების მიღწევის მეტი შანსი ექნებოდა. ეს შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა მამუკა ხაზარაძემ. მან შეცდომა დაუშვა მაშინ, როცა გადაწყვიტა ხელისუფლებასთან რადიკალური დაპირისპირება და დაიწყო "ქართული ოცნების" ლანძღვა, არადა, მას ყველაფერი უნდა გაეკეთებინა პოზიტიური დღის წესრიგის შესაქმნელად; ელაპარაკა იმაზე, რის გაკეთებას აპირებდა და როგორ...

იმედი მაქვს, გავა საკონსტიტუციო ცვლილებები და რამდენიმე პატარა პარტიაც მოხვდება პარლამენტში. იქნებ მოხერხდეს და კოალიციური მთავრობაც შეიქმნას. ეს იქნებოდა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი... გარდა ამისა, უკვე მოსაბეზრებელია პოლიტიკაში - "ქართულ ოცნებაშიც" და ოპოზიციაშიც - ერთი და იმავე, გაცვეთილი, არაფრის მთქმელი სახეების ყურება. ახალი იდეები, შინაარსი, საინტერესო პოზიცია არსად ჩანს...

ერთმანეთისთვის გოიმის ძახილი, არა მგონია, წარმატების მომტანი იყოს. კულტურული ადამიანი ამგვარ შეფასებებს არ იყენებს. რადგან თვითონ არ თაკილობენ, მათივე ლექსიკით ვიტყოდი, რომ გოიმს გოიმი მხოლოდ გოიმმა შეიძლება დაუძახოს, ისე კი გოიმებით სავსეა ჩვენი პარლამენტი - ვგულისხმობ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას. ასეთი კამათი და დაპირისპირება პარლამენტის პრესტიჟს უსათუოდ დასცემს.

- რუსეთმა კიდევ ერთხელ გაააქტიურა ლუგარის ლაბორატორიის თემა. როგორ ფიქრობთ, რატომ მაინცდამაინც ახლა, როცა პანდემიასთან გამკლავების თვალსაზრისით რუსეთს უდიდესი პრობლემები აქვს? - სწორედ იმიტომ, რომ ამ პრობლემების გადაფარვა უნდათ. ცდილობენ, საზოგადოების ყურადღება საკუთარი უსუსურობიდან სხვა თემებზე გადაიტანონ. ერთ ამბავს მოგიყვებით... მოსკოვის უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული და მყავს ერთ ძალიან კარგი მეგობარი, კურსელი. ის ახლა აშშ-ში ცხოვრობს, თუმცა მისი უფროსი ქალიშვილი, რომელიც ექიმია, მოსკოვშია და ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოში მუშაობდა, საიდანაც წამოვიდა. წამოვიდა იმიტომ, რომ ჯერ ერთი, ცვლა 12 საათამდე გაუზარდეს ისე, რომ ხელფასი არ მოუმატეს და გარდა ამისა, არანაირი დაცვის საშუალებები საავადმყოფოში არ ჰქონდათ. როგორც მითხრა, პირბადეებიც კი დეფიციტია. ბოქსირებულ განყოფილებაში მედმუშაკები უბრალო ხალათით შედიან. ეს ხდება მოსკოვის ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოში და სხვაგან რა იქნება, ხომ წარმოგიდგენიათ!.. დაიდონ გულზე ხელი და ვიდრე ლუგარზე დაიწყებენ ლაპარაკს, საკუთარ ლაბორატორიებზე გვიამბონ, სადაც დისიდენტებზე ფსიქოტროპულ წამლებს სცდიდნენ, ბიოლოგიურ იარაღზე მუშაობდნენ და, ალბათ, ახლაც მუშაობენ. რუსეთის განცხადებები ცინიკური და პოპულისტურია, მით უფრო, რომ თავის დროზე ჩვენი ხელისუფლების შეთავაზებაზე - ჩამოსულიყვნენ და აქ შეესწავლათ ყველაფერი, უარი თქვეს. ახლაც გაიძახიან, რომ თურმე მხოლოდ მათ უნდა დაათვალიერონ ლაბორატორია. კი მაგრამ, რატომ? ამერიკელისა და ფრანგის გვერდით ნაკლებს ნახავენ?! მოკლედ, ჭიქაში ტეხენ ქარიშხალს და განზრახ აყენებენ ისეთ პირობებს, რასაც ჩვენ არასდროს დავთანხმდებით.

- ხომ არ შეიძლება ამ თემის წამოწევით კრემლი მეტ კონფრონტაციაზე წავიდეს? რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამოცემა Financial Times-თან კორონავირუსის პანდემიის გამო რეგიონში შექმნილ ვითარებასა და რუსეთის სავარაუდო აგრესიაზე ისაუბრა. ზურაბიშვილის აზრით, პანდემიით და ნავთობის ფასის შემცირებით შექმნილი დაძაბული ვითარების ფონზე კრემლმა, შესაძლოა, მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ აგრესია განაახლოს... - რას იზამს, ატომურ ბომბს ჩამოაგდებს? ან პირველად სად შეიჭრება, საქართველოში თუ უკრაინაში? თუ ორივეგან ერთად? ჩემი აზრით, რუსეთს ახლა სამხედრო აგრესიისა და ომისთვის საკმარისი ფინანსური რესურსი არ აქვს. მეტიც - თუ ცნობილ ამერიკელ თუ რუს პოლიტოლოგებს დავუჯერებთ,

რუსეთის შეუქცევადი დაშლა უკვე დაწყებულია, რასაც მარტო თქვენ კი არა, მეც მოვესწრები...