"რატომ გვგონია, რომ პოლიტიკური ვირუსები ნაკლებად საშიშია?" - კვირის პალიტრა

"რატომ გვგონია, რომ პოლიტიკური ვირუსები ნაკლებად საშიშია?"

"ყველამ დავინახეთ, რომ რთულ ვითარებაში უნდა დავეყრდნოთ პროფესიონალებს და არა NGO-პროექტების ენაზე მოტლიკინე პოპულისტებსა და პოლიტიკანებს; გაირკვა, რომ გვყოლია ბრწყინვალე ეპიდემიოლოგები თუ ინფექციონისტები, რომლებსაც როგორც პროფესიონალურად, ასევე სახელმწიფოებრივად შესძლებიათ აზროვნება"

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებს ქართველი მწერლები მუდამ ყურადღებით ადევნებდნენ თვალს და მახვილი ენითა თუ კალმით ეხმაურებოდნენ... "კვირის პალიტრა" მწერალ კოტე ჯანდიერს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ესაუბრა.

- მსოფლიო პანდემიის პიკი გადავიარეთ. შედეგებმა ცხადყო, რომ ქართულმა ჯანდაცვის სისტემამ გამოწვევას გაუძლო, რაც, მოსახლეობის დამსახურებაც არის. რამდენად ეფექტურად იმუშავა ხელისუფლებამ თავის მოსახლეობასთან სოციალური და თუნდაც ადამიანური კუთხით?

- ბოლო სამ თვეში თვალით უხილავმა ვირუსმა მსოფლიოში თითქმის 400 000 კაცი იმსხვერპლა, შეაჩერა ტრანსპორტი, მრეწველობა, ტურიზმი, დარტყმა მიაყენა კულტურასა და განათლებას, სპორტს, რადიკალურად შეცვალა ჩვენი ცხოვრების წესი. მილიარდობით ადამიანი საკუთარ ბინებში, სასახლეებსა თუ ღარიბულ ქოხმახებში გამოიკეტა. დროებით მინელდა ან სულაც შეწყდა ომები და ხოცვა-ჟლეტა; ერთი ციცქნა, უხილავი მტრის წინაშე უძლური ტანკები, ზარბაზნები და რაკეტები უაზრო და სასაცილო სათამაშოებად იქცნენ... პლანეტამ ამოისუნთქა - ქალაქების თავზე სმოგი გადაიყარა, ჰაერი გაიწმინდა, მდინარეებისა და ზღვის სანაპიროებთან წყალი გამჭვირვალე გახდა; ოქროს რქის ყურესა და ვენეციის ლაგუნაში დელფინები დაბრუნდნენ; მილანში ირმებმა ჩამოირბინეს; რომში, პიაცა დელ პოპოლოზე გარეულმა ბატებმა მარშით გაიარეს; თბილისში დილით ხალხი უჩვეულო სიჩუმემ და ჩიტების ჟივჟივმა გამოაღვიძა. ამ კეთილ ზღაპარში არ ვმონაწილეობდით მხოლოდ ჩვენ და ეს ზღაპარიც იქნებ იმიტომ იყო კეთილი, რომ იქ ჩვენ არ ვიყავით. ერთ წუთში დაიმსხვრა განმანათლებლობის ეპოქიდან დღემდე გაბატონებული მითი ადამიანზე, როგორც სამყაროს ცენტრზე, ბუნების მბრძანებელზე და ქმნილების გვირგვინზე, რაციონალური გონების ყოვლისშემძლეობასა და პროგრესზე.

უმნიშვნელო და სასაცილო გახდა ბევრი ჩვენი პრობლემა, პოლიტიკური ვნებათაღელვა და ძალაუფლების მანიით შეპყრობილთა "ხმაური და მრისხანება". ეს შეიძლება ბევრმა ვერ გაიაზრა, მაგრამ ყველამ იგრძნო.

ყველამ დავინახეთ, რომ ამ რთულ ვითარებაში უნდა დავეყრდნოთ გამოცდილ პროფესიონალებს და არა NGOპროექტების ენაზე მოტლიკინე პოპულისტებსა და პოლიტიკანებს; გაირკვა, რომ გვყოლია ბრწყინვალე ეპიდემიოლოგები, ინფექციონისტები და კლინიცისტები, რომლებსაც არა მარტო პროფესიონალურად, არამედ სახელმწიფოებრივად შესძლებიათ აზროვნება.

ბევრისთვის მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ მთავრობას კრიტიკულ სიტუაციაში შესძლებია მობილიზაცია, კომპეტენტური ადამიანების აღმოჩენა, მათი ცოდნის პატივისცემა, მოსმენა და დროულად, ადეკვატურად და ეფექტურად მოქმედება. პრემიერმა გიორგი გახარიამ კოლეგებსა და მედიკოსებთან ერთად მოახერხა მოსახლეობის ნდობის მოპოვება. ის იყო მშვიდი, დამაჯერებელი და საქმიანი.

ვირუსთან ბრძოლაში მიღწეული შედეგი არის სპეციალისტების, ხელისუფლებისა და ხალხის ურთიერთგაგების, ნდობისა და თანამშრომლობის ნაყოფი. ასეთი ერთსულოვნების, სინერგიისა და სახელმწიფოებრივი აზროვნების სხვა პრეცენდენტი საქართველოს უახლეს ისტორიაში არც მაგონდება. ნუთუ არ შეიძლება თენგიზ ცერცვაძის, პაატა იმნაძისა და ამირან გამყრელიძის მსგავსი პროფესიონალები სხვა დარგებშიც მოვიძიოთ, მათ რჩევებს დავეყრდნოთ და თავი დავანებოთ საყდრისის აფეთქების მსგავსი გაუგებარი, საზოგადოებისათვის ერთობ საეჭვო გადაწყვეტილებების მიღებას?

- ვირუსის მიწყნარებისთანავე, გამოცოცხლდა პოლიტიკური ცხოვრება - ჭრელი და განსხვავებული ბექგრაუნდის მქონე ადამიანებით დაკომპლექტებული ოპოზიცია ერთიანი ფრონტის ხაზის შექმნას აპირებს... როგორ ფიქრობთ, რა რესურსი აქვთ? - არავითარი. მათი ქცევა მთელი ამ ხნის განმავლობაში - ექიმების დისკრედიტაციის უნიჭო მცდელობები, გინება ღია ეთერში, ხუთდოლარიანი სწრაფი ტესტების უთავბოლო აპოლოგია, აშკარა მავნებლობა ზუგდიდსა და მარნეულში, საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაშლის სურვილი - ნორმალურ ადამიანს აღარ უტოვებს ილუზიებს მათი ჭეშმარიტი ზრახვების შესახებ. ერთ რამედ ღირდა ოქრუაშვილის ტელეაღიარება: "ჩვენ მივაღწიეთ ჩვენსას იმით, რომ ვაიძულეთ ესროლათ. მათ ისროლეს და წააგეს". გამახსენდა არძინბას დაქადნება: "Мы вас заставим стрелять в нас, а потом вместе с Россией дадим ответ". ესენი არჩევნებს რომ ვერ მოიგებენ, ცხადია. ამიტომ მთელი იმედი და სტრატეგია არჩევნების დელეგიტიმაციაზე აქვთ დაფუძნებული. მათთვის ხალხი არ არის ლეგიტიმაციის წყარო, ეს წყარო საერთაშორისო ორგანიზაციები და დამკვირვებლები არიან. თუ ისინი რაიმე ფორმით შეეცდებიან არჩევნების ჩაშლას, ამას კატასტროფული შედეგები მოჰყვება.

მინდა გავაფრთხილო სააკაშვილის ფანები და "ნაცმოძრაობის" მოტრფიალე რევანშისტები - არ დაუჯეროთ თქვენს ფიურერებს, ნანატრი რევოლუცია აღარ მოხდება, მოხდება ბევრად უარესი - სამოქალაქო ომი და აქ გამარჯვებული არავინ იქნება... რუსეთის გარდა.

ხელისუფლების გასაგონადაც მინდა ვთქვა - თუ ღმერთი გაგიწყრათ და ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებას შეეცდებით, ოპოზიციასა და მათ უცხოელ გულშემატკივრებს შანსი გაუჩნდებათ არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენების. ამ შემთხვევაშიც დაიწყება სამოქალაქო დაპირისპირება, ქვეყანა ქაოსში ჩაიძირება, ამ ქაოსში კი აღარ იქნება "ქოცისა" და "ნაცის" გარჩევა.

- საზოგადო მოღვაწეები, ხელოვანები, ამ ქვეყნის მოქალაქეები მუდმივად ლაპარაკობენ მმართველი გუნდის შეცდომებზე, თუმცა ამბობენ, რომ არც "ნაციონალების" დროში დაბრუნება სურთ და აუცილებელია ალტერნატიული ძალა... ასეთად დროდადრო "ლელოს" ასახელებენ, თუმცა ისიც ითქვა, რომ ის ჯერ ვერ ახერხებს არსებულ რეალობაში გარდატეხის შეტანას. - ორპოლუსიან მარაზმში ცხოვრება ყველას ყელში აქვს ამოსული. "ლელოს" ვუსურვებდი მეტ აქცენტირებას პოზიტიურ დღის წესრიგზე და მაქსიმალურ დისტანცირებას ნათელაშვილის ოფისში შეკრებილი პანოპტიკუმისაგან. ამ შემთხვევაში მას თავისი ამომრჩეველი გაუჩნდება, რასაც გულწრფელად ვუსურვებ.

- მმართველი გუნდი არაერთხელ გააკრიტიკეს ამერიკელმა კონგრესმენებმა, პირდაპირ განაცხადეს, რომ საქართველოს პოლიტპატიმრები ჰყავს. ქართველი საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ საგარეო ვექტორი რუსეთისკენ შეცვალა. - რაში გამოიხატება კურსის შეცვლა? საქართველოში რეგულარულად იმართება ნატოს სამხედრო წვრთნები და სხვადასხვა სწავლება, ქართული ჯარი თანდათან სრულად თავსებადი ხდება ნატოს სტანდარტებთან, ავღანეთსა და ახლო აღმოსავლეთში ამერიკელების შემდეგ ყველაზე დიდი სამხედრო კონტინგენტი ჩვენ გვყავს. თუკი ხელისუფლებას საგარეო ვექტორის შეცვლა ჰქონდა განზრახული, რატომ არაფერი გააკეთა ორი ვადის განმავლობაში და რაღა მაინცდამაინც ახლა, არჩევნების წინ გადაწყვიტა მისთვის ასეთი სარისკო, ქვეყნისთვის კი დამღუპველი ნაბიჯის გადადგმა?

საქმე ის არის, რომ ეს შეთქმულების თეორია სულაც არ არის გათვლილი საქართველოს მოსახლეობაზე. ეს საგარეო მოხმარების ფეიკია. ვთქვათ, ნავთობკომპანია "სოკარს" ხელისუფლებამ ხელი შეუშალა საქართველოს ტერიტორიაზე ენერგომატარებლების მონოპოლიურ დისტრიბუციაში, ან საკუთარი ენერგოუსაფრთხოებისთვის დაიწყო დივერსიფიკაცია, ან ჰესების მშენებლობა იაფი ენერგიის გენერირებისა და ადგილობრივი პროდუქციის თვითღირებულების შემცირებისთვის. მაშინვე იწყება ადგილობრივი მოსახლეობის (სვანეთი, პანკისი, რაჭა) აბუნტება დაქირავებული და კარგად დაფინანსებული ემისრების დახმარებით; ეკოლოგიური ფსევდოარგუმენტების მოშველიება: "მდინარის დაგუბება გამოიწვევს კლიმატურ ცვლილებებს, დრამატულად გაიზრდება ნალექების რაოდენობა და მიმდებარე ტერიტორიაზე ვაზი და სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურები აღარ იხარებს" და ა.შ... იმისათვის, რომ კლიმატური ცვლილება მოხდეს, წყალსაცავის სარკის ფართობი დაახლოებით ბაიკალის ან, სულ მცირე, ისიკ-ყულის ფართობის ტოლი მაინც უნდა იყოს, მაშინ როცა ლაპარაკია დაახლოებით კუს ტბის ზომის საგუბარზე. მშვენივრად იციან ეს, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობის ასამხედრებლად ყველა ღონეს ხმარობენ. საერთაშორისო ასპარეზზე ასეთი "არგუმენტები" არ იმუშავებს და სწორედ აქ ჩნდება ჩვენი პარტნიორებისათვის მგრძნობიარე თემა დასავლური კურსის ცვლილების შესახებ.

ავიღოთ ნავთობკომპანია "ფრონტერას" მრავალწლიანი საქმიანობა საქართველოში. "ფრონტერასა" და სააკაშვილის სიმბიოზი დაიწყო მაშინ, როდესაც ეს უკანასკნელი იუსტიციის მინისტრი იყო შევარდნაძის მთავრობაში. სააკაშვილის ქმედითი დახმარების გარეშე "ფრონტერასთან" ხელშეკრულების რატიფიკაცია შეიძლება არც მომხდარიყო, ვინაიდან, როგორც მაშინ ზოგიერთი საქმეში ჩახედული პირი ამბობდა, მასში იყო ქვეყნისთვის აშკარად საზიანო რამდენიმე პუნქტი. "ფრონტერამ" სამართლებრივი დავა საერთაშორისო არბიტრაჟში წააგო. ამის მერე დაიწყო ზოგიერთი კონგრესმენის თუ სენატორის ლაპარაკი საქართველოში ამერიკული კომპანიების მიზანმიმართულ შევიწროებაზე.

"ნაცების" აქტიურობა თავისთავად არც ისე საშიში იქნებოდა, რომ არა ერთი ნიუანსი: საქართველოს სახელმწიფო ედავება უცხოურ კომპანიას და ცდილობს დაიცვას ეროვნული ინტერესები. ამ დროს მთავარი ოპოზიციური პარტია თავგამოდებით ამტკიცებს, რომ ის, რასაც ხელისუფლება აკეთებს, დასავლური კურსისა და ქვეყნის ღალატია, "ფრონტერა" კი პრორუსული მთავრობის მსხვერპლია. დასავლური მენტალიტეტისთვის წარმოუდგენელია, რომ პოლიტიკური ძალა ამ ტიპის დავაში ემხრობოდეს რომელიღაც უცხოურ ფირმას და მოქმედებდეს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. ამიტომაც "ნაცების" ცილისწამება ერთგვარად არგუმენტის წონას იძენს.

ჩემთვის, ცხადია, რომ ამ შემთხვევაში "სოკარის", "ფრონტერას" და "ნაცების" ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა და მათ საერთო სამიზნე აქვთ - საქართველოს მოქმედი ხელისუფლება.

ამ დროს რას აკეთებს მმართველი ძალა? ბევრს არაფერს. კობახიძისა და თალაკვაძის ერთჯერადმა მივლინებამ შტატებში ვერაფერი შეცვალა. მგონი, ნორმალურ ქვეყანაში საგარეო უწყება, მთელი დიპკორპუსი, სპეცსამსახურები, ანალიტიკური ცენტრები, მთავრობის წევრთა პირადი კონტაქტები, ყველაფერი აწყობილი მექანიზმივით უნდა მუშაობდეს და ერთიანი ცენტრიდან იმართებოდეს.

რა დასამალია და, დიპლომატიურ წარმომადგენლობებში ინიშნებიან შესაძლოა წესიერი, მაგრამ ამ საქმისთვის სრულიად მოუმზადებელი, გამოუცდელი პირები, რომლებსაც არც იმის ცოდნა აქვთ, თუ სად, როგორ, რა მექანიზმებით მზადდება და მიიღება გადაწყვეტილებები და არც პირადი ქარიზმა, რომ საკუთარი მდგრადი და ღრმა კონტაქტების საშუალებით იმოქმედონ, იმუშაონ სამთავრობო კულუარებში, დროულად და არა პოსტ ფაქტუმ მიიღონ ინფორმაცია. ასეთი გამოცდილების, ცოდნისა და უნარების მქონე პირები არსებობენ საქართველოშიც და საზღვარგარეთაც. საჭიროა მათი დაბრუნება დიპლომატიურ სამსახურში ან თუნდაც არაფორმალურ მრჩევლებად გამოყენება.

ბევრჯერ მითქვამს, 49 მილიონის ხარჯვას პოპულარული მუსიკის კონცერტებზე ჯობდა, 5 მილიონი ლარი დაგვეხარჯა მუდმივმოქმედი საუნივერსიტეტო თუ დამოუკიდებელი ანალიტიკური ცენტრების ჩამოყალიბებაზე, სადაც სპეციალისტები გათვლიდნენ ყველა სამთავრობო გადაწყვეტილების მოსალოდნელ შედეგებს, სიტუაციის განვითარების სცენარებს და შეიმუშავებდნენ რეკომენდაციებს. სამედიცინო სფეროში ამისი საუკეთესო ანალოგი და მაგალითია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მუშაობა.

რატომ გვგონია, რომ პოლიტიკური ვირუსები ნაკლებად საშიშია? ისინიც განიცდიან მუდმივ მუტაციას და აზიანებენ ადამიანის ფსიქიკასა და ტვინის უჯრედებს.