გახარია თუ წულუკიანი? - ვინ იქნება "ქართული ოცნების" სიის პირველი ნომერი? - კვირის პალიტრა

გახარია თუ წულუკიანი? - ვინ იქნება "ქართული ოცნების" სიის პირველი ნომერი?

ქვეყანაში კორონავირუსის გარკვეულწილად "დამარცხების" შემდეგ, "ქართული ოცნების" მთავარი საზრუნავი მომავალი საპარლამენტო არჩევნებია, რომელიც წესითა და რიგით, შემოდგომაზე უნდა გაიმართოს. მედიაში უკვე ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია, თუ ვინ შეიძლება მოხვდეს "ოცნების" საარჩევნო სიაში და ვინ სად გადაანაწილონ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ქართული ოცნების" სიის პირველი ნომერი, სავარაუდოდ, ამჟამინდელი პრემიერი გიორგი გახარია იქნებოდა, თუმცა  ერთ-ერთი ვერსიით, სიის სათავეში შესაძლოა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ვიხილოთ, ამასთანავე, ამ უკანასკნელმა მმართველი ძალის კვლავ გამარჯვების შემთხვევაში შესაძლოა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიც დაიკავოს.

ცნობილია, რომ წულუკიანი ერთადერთი მინისტრია, რომელიც მთავრობაში თანამდებობას 2012 წლიდან მოყოლებული ინარჩუნებს და ბიძინა ივანიშვილის განსაკუთრებული კეთილგანწყობით სარგებლობს. როგორც ამბობენ, ივანიშვილი მას განსაკუთრებულად ერთგულ ადამიანად მიიჩნევს, განსაკუთრებით მას მერე, რაც ირაკლი ალასანიას "თავისფალი დემოკრატების" კოალიციიდან და ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, წულუკიანმა, რომელიც სწორედ ამ პარტიიდან მოხვდა ხელისუფლებაში, უმალ ალასანაზე თქვა უარი, ვიდრე თანამდებობაზე.

თავად მინისტრი, აპირებს აქტიურ მონაწილეობას საარჩევნო პერიოდში, თუმცა ამბობს, რომ მოვლენების განვითარებას უნდა დაველოდოთ. თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, "ქართულ ოცნებას" უკვე დაწყებული აქვს შემდეგი მოწვევის პარლამენტის სავარაუდო წევრთა შერჩევა, თუმცა წულუკიანთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაცია, რომ შესაძლოა ის იყოს მომდევნო მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე, კალაძე არასწორს უწოდებს.

"ეს არის არასწორი ინფორმაცია. თანამდებობების გადანაწილება არ მიმდინარეობს... დაწყებულია შერჩევა, ვინ იქნება მომდევნო მოწვევის პარლამენტის სავარაუდო წევრი, ზოგი მაჟორიტარი, ზოგი - სიით. როდესაც უკვე არჩევნები ჩატარდება და "ქართული ოცნება" ხალხის მხარდაჭერით გაიმარჯვებს, უკვე მერე გადაწყდება, ვინ რა მიმართულებით გააგრძელებს მუშაობას," - აცხადებს კალაძე.

ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ წულუკიანის ასე დაწინაურება, "ოცნებისთვის" წამგებიანი იქნება.

"თუ თეა წულუკიანი არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და სიის პირველი ნომერი იქნება, ხელისუფლება ძალიან დიდ სამსახურს გაუწევს ოპოზიციას და ქვეყანას. სულ მცირე, ჩათვალეთ, რომ 10% დაკარგული ექნება "ქართულ ოცნებას", - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომან გოცირიძე.

თეა წულუკიანი რომ წამგებიანი კანდიდატურა იქნება "ქართული ოცნებისთვის" ღიად საუბრობენ ექსპერტებიც.

გია ხუხაშვილი: "ქვეყანაში ისეთი აბსურდი ხდება, გამორიცხული არაფერია, თუმცა გამიკვირდება, ასე რომ მოხდეს. თეა წულუკიანი ერთ-ერთი ის ადამიანია, რომელმაც მოახერხა და ძალიან დიდი ნეგატივი აკრიფა ამ პერიოდში, მათ შორის, "ქართული ოცნების" მხარდამჭერებშიც, ასე რომ, სკეპტიკურად ვუყურებ ასეთ განვითარებას, თუმცა ვერ გამოვრიცხავთ, სადაც ბოდიში და ისეთი ადამიანები ჰყავათ შინაგან საქმეთა მინისტრის და სხვა თანამდებობებზე, გვარსაც ვერ დავასახელებ, ვერაფერს გამოვრიცხავ.

წმინდა პოლიტტექნოლოგიურად ეს იქნებოდა არცთუ ლოგიკური არჩევანი "ქართული ოცნებისთვის". ვფიქრობ, რომ ყველა ლოგიკით, სიის პირველი ნომერი უნდა იყოს გიორგი გახარია, იმიტომ, რომ თუ ვინმემ ამ ქვეყანაში ავტორიტეტი აკრიფა "ქართული ოცნებიდან", ეს არის გახარია.

თეა წულუკიანი 2012 წლიდან არის თანამდებობაზე და ამ ადგილს ის იკავებს მარტივად - უარს ამბობს პრინციპებსა და ფასეულობებზე და მხოლოდ საკუთარ სავარძელზე ზრუნავს. ადამიანი, რომელსაც მეტ-ნაკლებად ნიჭი აქვს და ასეთ რაღაცაზე ხელს მოაწერს, იყო საკმაოდ უხარისხო სისტემაში როგორიც "ქართული ოცნებაა", არცთუ ძნელია სავარძლის შენარჩუნება. როდესაც მისმა პარტიამ დატოვა კოალიცია, წულუკიანმა სავარძელი არჩია საკუთარ პარტიას და შეხედულებებს. როდესაც შენთვის მთავარი სავარძელია, კი ბატონო, თუ არის ამით ბედნიერი, იყოს ბედნიერი".

იხილეთ ასევე: "ბიძინა ივანიშვილი საბოლოოდ ყველაზე მეტად უშიშროების აზრს გაითვალისწინებს" - ვინ შეიძლება ვიხილოთ "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში?

(სპეციალურად საიტისთვის)