ნაცვლიშვილი კახაძეს: "ბატონო ლადო, ძალიან ბევრი სასაცილო რაღაც მითხარით, გულწრფელად რომ გითხრათ, შეურაცხყოფად არ მიიღოთ" - კვირის პალიტრა

ნაცვლიშვილი კახაძეს: "ბატონო ლადო, ძალიან ბევრი სასაცილო რაღაც მითხარით, გულწრფელად რომ გითხრათ, შეურაცხყოფად არ მიიღოთ"

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე "ქართული ოცნების" დეპუტატი ლადო კახაძე და დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირების მიზეზი ნაცვლიშვილის მიერ ინიცირებულ შრომით კოდექსში შესატან ცვილებებზე, უფრო კონკრეტულად კი ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებაზე ლადო კახაძის შეფასებები გახდა.

"მამასთან შვილი მიდის და ეუბნება, 200 დოლარი მომეციო! რად გინდაო? დასასვენებლად უნდა წავიდეო. აი შენ 400 დოლარი და მითხარი სად დაიღალეო. ეს უფლებრივი ნაწილია და მესმის, სრულიად ვიზიარებ, მაგრამ 1971 წლიდან ერთი დღე არ დამისვენია. ფიზიკურად როგორ გამოვიყურები?! თუ საქმეს აკეთებ, რომელიც შენ გინდა რომ გააკეთო, მაშინ არ დაიღლები. ზეგანაკვეთურიო, 13 -თვიანი ომი რომ იყო აფხაზეთში და ქირურგები დღე და ღამე იქ იდგნენ, არც დაუსვენიათ, არც დაუძინიათ, არც უჭამიათ, ბევრის სიცოცხლე შეეწირა, აქ ვინ უკვეთავს ? მორალური ზნეობრივი ნაწილი სად გადადის მაშინ?"- განაცხადა ლადო კახაძემ.

ბექა ნაცვლიშვილმა კახაძის შეფასებებს სასაცილო უწოდა, იმ მოსაზრებას კი, რომლის თანახმადაც, ექიმები 24 საათს მუშაობენ - სნობური დამოკიდებულება.

"ბატონო ლადო, ძალიან ბევრი სასაცილო რაღაც მითხარით, გულწრფელად რომ გითხრათ, შეურაცხყოფად არ მიიღოთ. ომი თუ არის და საგანგებო მდგომარეობა თუ არის ქვეყანაში, იქ სხვა რეგულაციები მოქმედებს საერთოდ. რას ნიშნავს ვინ უკვეთავს და ვინ უკრავს. ჯერ რაც მითხარით, ჩვენ ექიმები 24 საათს ვმუშაობთო, სნობური დამოკიდებულებაა, პირდაპირ გეუბნებით. ჩადით აბა სუპერმარკეტში იმუშავეთ, ფეხზე რომ დგახართ 12 საათი და მერე ნახეთ გააგრძელებთ თუ არა ყოველ დღე მუშაობას. თქვენ მეტი გამძლეობის ყოფილხართ და სხვა არ არის",- განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"